პოპვარსკვლავი და მსახიობი ლედი გაგა სერიალ Wednesday-ის მეორე სეზონში მიიღებს მონაწილეობას. სეზონი ორ ნაწილად გამოვა: პირველი ნაწილის ნახვა 6 აგვისტოდან, ხოლო მეორის 3 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი. ლედი გაგა მოწვეული მსახიობია, თუმცა მისი პერსონაჟის შესახებ დეტალები ჯერ არ გახმაურებულა.
სიახლე Netflix-ის ფანებისთვის განკუთვნილ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი, რომელიც ლოს-ანჯელესში გაიმართა. ლედი გაგამ სცენაზე Wednesday-ის თემატიკის პერფორმანსი დადგა. პოპ არტისტმა იმღერა Zombieboy თავისი ბოლო ალბომიდან Mayhem, ასევე Abracadabra და The Cramps-ის Goo Goo Muck-ზე დადგმული ქორეოგრაფიაც შეასრულა.
ლედი გაგასა და სერიალს შორის კავშირი ჯერ კიდევ პირველ სეზონში გაჩნდა, მას შემდეგ, რაც ჯენა ორტეგას გმირის ცეკვა ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. ამ ცეკვის ერთ-ერთ პოპულარულ რემიქსში ლედი გაგას სიმღერა Bloody Mary იყო გამოყენებული.
ამ სიახლესთან ერთად, Netflix-მა ასევე გამოაქვეყნა მეორე სეზონის პირველი 6 წუთიც, სადაც ჩანს, რომ უენსდეი სერიულ მკვლელს სარდაფში ჰყავს გამოკეტილი.
რაც შეეხება ლედი გაგას, მისი სამსახიობო კარიერა მუსიკალურზე არანაკლებ მდიდარია. ის ბრედლი კუპერთან ერთად მონაწილეობდა ოსკაროსან ფილმში A Star Is Born, გაგა ასევე ვიხილეთ Joker: Folie à Deux-ში, House of Gucci-ში და სერიალ American Horror Story-ში. მალე კი Netflix-ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შოუში ვიხილავთ.
Wednesday-ის პირველი სეზონი 2022 წელს გამოვიდა და მაშინვე Netflix-ის ისტორიაში ყველაზე პოპულარულ ინგლისურენოვან სერიალად იქცა. ლედი გაგას გამოჩენა კი, სერიალის მეორე სეზონს კიდევ უფრო გამორჩეულს გახდის და მას ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრემიერად აქცევს.
Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის ფარგლებში TheDiary Concept House დახურულ ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც Dolce & Gabbana Beauty-ის, La Martina-სა და Gucci-ის პროფესიონალები მოდის, მარკეტინგისა და ტექნოლოგიების მომავალზე ისაუბრებენ.
კანიე უესტის კონცერტი პროექტის Starring Georgia ფარგლებში, 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მაშინ, როცა თბილისში კანიეს კონცერტი ოფიციალურად დაანონსდა, არტისტის შოუებს ევროპის ქვეყნები რიგ-რიგობით აუქმებენ.
თბილისში მოდის სფეროს მთავარი მოვლენა - Mercedes-Benz Fashion Week ბრუნდება. Factory Tbilisi-ს ინდუსტრიულ სივრცეში თავმოყრილი კრეატიული ენერგია წელს განსაკუთრებულ მასშტაბებს შეიძენს.