კანიე უესტი, იგივე YE, საქართველოში კონცერტს გამართავს. ღონისძიება პროექტის Starring Georgia ფარგლებში, 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მაშინ, როცა თბილისში კანიეს კონცერტი ოფიციალურად დაანონსდა, არტისტის შოუებს ევროპის ქვეყნები რიგ-რიგობით აუქმებენ.

სულ უფრო მეტი ქვეყანა ამბობს უარს ბოლო დროის ყველაზე სკანდალური რეპერის მასპინძლობაზე. მაგალითად, გასულ თვეში გაერთიანებულმა სამეფომ რეპერს ვიზაზე უარი უთხრა, რის გამოც ჩაიშალა მისი გამოსვლა ლონდონის Wireless Festival-ზე, საბოლოოდ კი მთლიანი ფესტივალიც გაუქმდა.
ამას მოჰყვა საფრანგეთის უარი YE-ს კონცერტის ჩატარებაზე. პოლონეთის „სილეზიის სტადიონმაც“ ახლახან დაადასტურა, რომ 19 ივნისს ჩანიშნული უესტის გამოსვლა გაუქმდა. სტადიონის დირექტორმა მიზეზად „ფორმალური და სამართლებრივი გარემოებები“ დაასახელა. თუმცა, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოლონეთის კულტურის მინისტრის, მარტა ციენკოვსკას მკაცრი პოზიცია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უესტის მიერ ნაციზმის პროპაგანდა დაუშვებელია იმ ქვეყნისთვის, რომელმაც ჰოლოკოსტის საშინელება საკუთარ თავზე გამოცადა.
„თავს ვერ მოვაჩვენებთ ისე, თითქოს ეს მხოლოდ გართობაა. საქმე გვაქვს არტისტთან, რომელიც საჯაროდ გამოთქვამს ანტისემიტურ მოსაზრებებს და სვასტიკიან მაისურებს ყიდის. ეს უბრალოდ სკანდალური ქცევა არ არის, ეს წითელი ხაზების განზრახ გადაკვეთა და სიძულვილის ნორმალიზებაა“, – მარტა ციენკოვსკა.
ევროპული ბოიკოტი რეპერის მხრიდან წლების განმავლობაში მზარდი რადიკალური რიტორიკის ლოგიკური შედეგია. 2026 წელს Wall Street Journal-ში კანიემ გამოაქვეყნა განაცხადი და საკუთარი ექსტრემისტული იდეები და ქცევა ბიპოლარული აშლილობით ახსნა. თუმცა, აქამდე ის ღიად გამოხატავდა სიმპათიებს ჰიტლერის მიმართ და ჩაწერა სიმღერა „Heil Hitler“, რომელიც სტრიმინგ პლატფორმებმა მალევე დაბლოკეს. ამიტომაც, რახან ჩვენ ე.წ. Cancel Culture-ის სამყაროში ვცხოვრობთ, მხოლოდ ბოდიშის მოხდით კანიეს რეპუტაციის აღდგენა გაუჭირდება.
ამ დროისთვის ევროპული ტურნეს განრიგში მხოლოდ რამდენიმე ქვეყენა რჩება, მათ შორისაა თურქეთი, ნიდერლანდები, იტალია, პორტუგალია, ესპანეთი და უკვე საქართველო.
თბილისის კონცერტის ბილეთების გაყიდვა 12 მაისს დაიწყება.