7-დან 10 მაისის ჩათვლით თბილისის ქუჩები მოდის მოყვარულებით აივსება. ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week პაუზის შემდეგ ბრუნდება. Factory Tbilisi-ს ინდუსტრიულ სივრცეში თავმოყრილი კრეატიული ენერგია წელს განსაკუთრებულ მასშტაბს შეიძენს.

კვირეული 7 მაისს BENEXT კონკურსის გახსნით დაიწყება, რასაც სიმონ მაჩაბლისა და გალიბ გასანოვის გამოფენები მოჰყვება. გალიბ გასანოვი საქართველოში დაბადებული, აზერბაიჯანული ფესვების მქონე დიზაინერია, რომელიც იტალიურ ბრენდ Institution-ს ხელმძღვანელობს. ბოლო პერიოდია გალიბ გასანოვის წარმატებულ გზას ვადევნებთ თვალს. ბრენდმა Zalando Visionary Award მოიპოვა, თავად გალიბი კი LVMH Prize-ის ფინალისტებს შორისაც მოხვდა.
პირველი დღის ჩვენებებს Supernatural Superstar გახსნის, რომლის კონცეფცია ტრანსფორმაციისა და მეტამორფოზის იდეას ეფუძნება. საღამოს გააგრძელებს თამუნა ინგოროყვას ბრენდი Ingorokva, რომელიც ძლიერი და თავდაჯერებული ქალებისთვის შექმნილი სილუეტებითაა ცნობილი.

8 მაისს კვირეული სხვადასხვა კონცეფციების ჩვენებით გაგრძელდება. პოდიუმზე ვიხილავთ ნინო გოდერიძის ბრენდის God Era არაბინარულ ხედვას, რომელიც ფუტურისტული პერსონაჟებითაა შთაგონებული. მასთან ერთად ვიხილავთ Tiko Paksa-ს, სადაც აქცენტი არქიტექტურულ ფორმებსა და სისუფთავეზე კეთდება.
პოდიუმზე წარმოდგენილი იქნება TATUNA-ს კოლექციაც. საკუთარ შემოქმედებას წარადგენს ლადო ბოკუჩავაც, რომლისთვისაც პრიორიტეტი კომპლექსურ თარგებზე მუშაობა და ვეგანური ტყავითა თუ სხვა ეკომეგობრული მასალების გამოყენებაა. დღის ბოლოს კი შედგება Materiel x Gudu-ს კოლაბორაცია, სადაც ლაშა მდინარაძის სილუეტები „მატერიელის“ დიზაინს შეერწყმება.

9 მაისს პოდიუმს ახალგაზრდული და მეამბოხე ენერგია დაიპყრობს. Reckless ნიკა ჯორჯაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ბრენდია, რომელიც სამმა თინეიჯერმა დიზაინერმა შექმნა და ის შემოქმედებითი თავისუფლების იდეას ატარებს. მათი შემოქმედება ქაოსისგან დაბადებულ სილამაზეს ჰგავს, რომელიც ესაუბრება კრეატიულ, თვითრეალიზაციის გზაზე მყოფ ახალგაზრდებს.

Reckless-ს მოჰყვება Gio Levan-ის კოლექცია, რომელიც ისტორიულ და სოციალურ კვლევებზე დაფუძნებულ სამოსს შემოგვთავაზებს. დღის დასკვნით ჩვენებას ალექსანდრე ახალკაციშვილი გამართავს. საღამო კი ჯეი-ჯეი იოჰანსონისა და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი კონცერტით დაიხურება.
კვირეულის ბოლო დღე, 10 მაისი, საგანმანათლებლო შეხვედრებს დაეთმობა. მოეწყობა დისკუსიები სიმონ მაჩაბელთან და გალიბ გასანოვთან. BENEXT კონკურსის დახურვის შემდეგ კი კვირეული ფოტოგრაფების, ადამ კაც სინდინგისა და ვინსენტ ლაპარტიენტის საუბრებით დასრულდება.
ეს ოთხი დღე შეგვახსენებს, რომ თბილისი რჩება მოდის იმ მნიშვნელოვან კერად, სადაც ტრადიციული ოსტატობა თანამედროვე ხედვასთან ერთიანდება. ქართული მოდა კი დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ ლოკალური ფენომენი – ის არის ცოცხალი, პროგრესული და გლობალური პროცესების განუყოფელი ნაწილი.