ვუდი ალენი საერთაშორისო სკანდალშია გახვეული
ვუდი ალენი მოსკოვის საერთაშორისო კინოკვირეულზე გამოჩენის გამო სკანდალშია გახვეული. ნახეთ, რატომ დაგმო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისი საქციელი და რას ამბობს თავად რეჟისორი.
შემოდგომის პარიზი წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლებს. Grand Palais-ში, 2025 წლის 30 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, დაგეგმილია გამოფენა „Virgil Abloh: The Codes“, რომელიც ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი შემოქმედის, ვირჯილ აბლოს, ხსოვნას მიეძღვნება. ვირჯილი გახლდათ ადამიანი, რომელმაც წაშალა საზღვრები მაღალ მოდას, ქუჩის კულტურას, ხელოვნებასა და დიზაინს შორის, რითაც არა მხოლოდ მოდაში, მთლიანად თანამედროვე ხელოვნებაში ფუფუნების ცნება ხელახლა განსაზღვრა.
Off-White-ის დამფუძნებელმა და Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის სამხატვრო დირექტორმა, ვირჯილ აბლომ თავისი მოღვაწეობით ტოლერანტულობაზე, კოლაბორაციასა და გამჭვირვალობის პრინციპებზე დამყარებული მოდის კულტურა შექმნა, სადაც საზოგადოებისა და სამყაროს მრავალფეროვნება იდეალურად იყო წარმოჩენილი.
აბლოს ნამუშევრებში ყველაზე გამორჩეული დეტალი ბრჭყალებში ჩასმული სიტყვებია. კოლაბორაციებს შორის კი ყველაზე ცნობილია Nike-თან შექმნილი The Ten და IKEA-სთან კოლაბორაციით შექმნილი ავეჯი.
გამოფენის კურატორები დიზაინერის დიდი ხნის თანამშრომლები, ქლოე და მაჰფუზ სულთანები არიან, რომლებიც ასევე Virgil Abloh Archive™-ის დირექტორები გახლავთ. ექსპოზიციაზე თითქმის ორი ათწლეულის შემოქმედება იქნება წარმოდგენილი, მათ შორის 20 000-მდე საარქივო ნივთი: მაგნუმ ოპუსები, ხელით დახატული ესკიზები, პირადი ფოტოები და ნივთები დიზაინერის ბიბლიოთეკიდან.
ეს ნამუშევრები გვიჩვენებს, თუ როგორ გასცდა აბლოს უნიკალური „კოდები“ მოდის საზღვრებს და გავლენა მოახდინა მუსიკაზე, ბრენდინგსა და არქიტექტურაზეც კი.
„ეს გამოფენა მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი საქმისა, რომელიც მიზნად ისახავს ვირჯილის მემკვიდრეობისა და პრინციპების გაზიარებას შემოქმედებითი საზოგადოებისა და მთელი მსოფლიოსთვის“, – ამბობს შენონ აბლო, დიზაინერის მეუღლე.
ღონისძიება Nike-თან პარტნიორობით იმართება და მხოლოდ სტატიკურ საგამოფენო ჩვენებას არ მოიცავს. დამთვალიერებლები იხილავენ ლაივ შოუებს, ვორქშოფებს, დისკუსიებსა და ჩვენებებს, რომლებიც ვირჯილის შემოქმედებითი სამყაროს გასაზიარებლად არის შექმნილი.
გამოფენა 30 სექტემბერს გაიხსნება, იმ დღეს, რომელიც ვირჯილ აბლოს 45-ე დაბადების დღე უნდა ყოფილიყო. ამ ღონისძიებით, თითქოს ვირჯილი თავის შთაგონების წყაროდ ქცეულ ქალაქში ბრუნდება, ხოლო თავად გამოფენაზე დამტკიცდება, რომ ვირჯილი თავად გახლავთ ინსპირაცია ახალი თაობებისთვის და დიზაინის სამყაროში, გარდაცვალების შემდეგაც კი, ახალ შესაძლებლობებს ქმნის.