დღეს უკვე ძნელია იმის გახსენება, როგორი იყო სამყარო Stranger Things-ის გარეშე. თითქმის ათი წლის განმავლობაში Netflix-ის სერიალი ნამდვილ კულტურულ მოვლენად იქცა და მიუხედავად იმისა, რომ ახალი სეზონების გამოსვლას ხშირად წლები სჭირდებოდა, მაყურებლის უპირობო სიყვარული შეინარჩუნა.

ჰოკინსის ისტორიის დასასრულს დიდი ხნის განმავლობაში მოუთმენლად ველოდით. მეხუთე და ბოლო სეზონმა ყველა მოლოდინი გაამართლა და სერიალს ის ემოციური სიღრმე და ნოსტალგიური განწყობა დაუბრუნა, რომლის გამოც 2016 წელს პირველივე ეპიზოდებიდან შეგვაყვარა თავი. ამბის ცენტრში ისევ პატარა ქალაქი ჰოკინსი დგას, სადაც ყველაფერი დაიწყო და რომლის ატმოსფეროც სერიალის განუყოფელი ნაწილია.

ჰოკინსელი მეგობრები ჩვენს რეალობასა და „ამოტრიალებულ სამყაროს“ შორის ბრძოლაში არიან ჩართულები და ცდილობენ, განადგურებისგან არა მხოლოდ საკუთარი ქალაქი, არამედ მთელი სამყარო გადაარჩინონ. ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა უილ ბაიერსია – ის აღარ არის ვეკნას უმწეო მსხვერპლი.

უილი აქტიურად მონაწილეობს ბრძოლაში და ვეკნასთან არსებულ კავშირს მეგობრების გადასარჩენად იყენებს. მისი შინაგანი ტრანსფორმაცია, საკუთარი იდენტობის მიღება და შიშების დაძლევა სერიალის ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ და დამამახსოვრებელ ხაზად იქცა.

ფინალურ სეზონში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სტივ ჰარინგტონისა და ჯონათან ბაიერსის ურთიერთობა. სეზონის დასაწყისში მათ შორის ნენსის გამო კვლავ დიდი დაძაბულობა სუფევს, თუმცა ყველაფერი იცვლება მაშინ, როცა ყველაზე მძიმე სცენარი – სტივ ჰარინგტონის სიკვდილი, თითქმის რეალობად იქცევა. სიკვდილისა და სიცოცხლის ზღვარზე მყოფ სტივს სწორედ ჯონათანი გადაარჩენს.

ეს მომენტი ნათლად აჩვენებს, რამდენად შეცვლილი და გაზრდილია ორივე პერსონაჟი: სტივი მზრუნველ და პასუხისმგებელ ფიგურად ჩამოყალიბდა, ჯონათანი კი კვლავ მზადაა, რისკზე წავიდეს მათთვის, ვინც უყვარს. ბავშვურ სილაღესა და სიმსუბუქეს კი ამ სეზონს ჰოლი უილერი და Delightful დერეკი მატებენ.
ფინალური ეპიზოდები ვიზუალურად შთამბეჭდავია, თუმცა Stranger Things-ის მთავარი ხიბლი ისევ პერსონაჟების ურთიერთობებში რჩება. დასტინის ერთგულება, ნენსის სიმტკიცე და პასუხისმგებლობის გრძნობა ის დეტალებია, რომლებიც მაყურებელს ყველაზე მეტად ემახსოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კითხვას ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ გაეცა, სერიალის დასასრული მთლიანობისა და დასრულებულობის განცდას ტოვებს.

მეხუთე სეზონი დეკემბერში სამ ნაწილად გამოვიდა, ხოლო ორსაათიანი ფინალური სერია ახალი წლის ღამეს გავიდა Netflix-ზე, ამიტომაც 2026-ის დადგომას მაყურებელი ამ ეპიზოდთან ერთად ელოდა. ეს ფინალი ნამდვილი და ღირსეული გამომშვიდობებაა სერიალთან, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა და თანამედროვე პოპ-კულტურაში საკუთარი კვალი დატოვა. სიმბოლურია ისიც, რომ სერიალი ზუსტად ისე დასრულდა, როგორც დაიწყო – Dungeons & Dragons-ის თამაშით. უილერების იმავე სარდაფში, სადაც ყველაფერი დაიწყო, უილი, დასტინი, ლუკასი, მაქსი და მაიკი თამაშს ბოლოჯერ თამაშობენ, შემდეგ კი სათითაოდ ტოვებენ ოთახს და წიგნებს თაროზე ალაგებენ.

იმ მომენტში, როცა მეგობრები კიბეებს აუყვებიან, მათ ადგილს სარდაფში მაიკის უმცროსი და, ჰოლი და მისი მეგობრები იკავებენ. ეს კადრი ბავშვობის დასრულებისა და ახალი ეტაპის დაწყების სიმბოლოდ იქცევა.
სიუჟეტის კულმინაცია კი Eleven-ის გარშემო ვითარდება. მისი და, კალი, ბოლო ეპიზოდამდე არწმუნებს Eleven-ს, რომ „ამოტრიალებული სამყაროს“ განადგურებისას ისინი იქ უნდა დარჩნენ, რადგან ეს ერთადერთი გზაა, რათა მომავალში მეცნიერებმა მათი შესაძლებლობები ბოროტად ვერ გამოიყენონ და ახალი პორტალები აღარ გაიხსნას.

როდესაც მეგობრები საბოლოო აფეთქებას გადაურჩებიან და უსაფრთხო ზონაში დაბრუნდებიან, აღმოჩნდება, რომ Eleven მათთან აღარ არის. გოგონა პორტალთან რჩება, რათა სამყარო კოლაფსისგან გადაარჩინოს და მაიკს გამოემშვიდობოს. მაიკისთვის ეს მომენტი უმძიმესად იქცევა, მას მხოლოდ ის შეუძლია, რომ უყუროს, როგორ ქრება საყვარელი ადამიანი „ამოტრიალებულ სამყაროსთან“ ერთად.

მიუხედავად ასეთი ტრაგიკული ფინალისა, მაიკს თავისი თეორია აქვს. მას სჯერა, რომ კალიმ ბოლო წამს ილუზია შექმნა და Eleven-ს გაქცევის საშუალება მისცა. მეგობრებს სურთ იფიქრონ, რომ გოგონა სადღაც შორს, პატარა სოფელში მშვიდად ცხოვრობს. სერიალის ავტორებმა Eleven-ის რეალური ბედი მაყურებლის ფანტაზიას მიანდვეს, თუმცა ჰოკინსის მეგობრებისთვის ის მაინც ცოცხალია.
მაიკ, WE BELIEVE.
Photos: Netflix