სოფია კოპოლა თანამედროვე კინოს ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორი პირველი ქალი ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, რომელმაც კანის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის პრიზი მოიპოვა (The Beguiled). იგი ოსკარის მფლობელია საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის ფილმში Lost in Translation. მისი ფილმოგრაფია აერთიანებს ისეთ ნამუშევრებს, როგორებიცაა The Virgin Suicides, Marie Antoinette, Somewhere, The Bling Ring, On the Rocks და უახლესი – Priscilla.
ამჯერად კოპოლა დოკუმენტურ ჟანრში დებიუტისთვის ემზადება. ფილმი Marc by Sofia ამერიკელი დიზაინერის, მარკ ჯეიკობსის ცხოვრების ყველაზე საინტერესო წლებს ასახავს და მაყურებელს მის პროფესიულ თუ პიროვნულ პორტრეტს გადმოსცემს.
Ph: A24
პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე, არასაკონკურსო ფილმების სექციაში გაიმართება.
Marc by Sofia მხოლოდ ბიოგრაფიული კინო არ არის, ის კოპოლასა და ჯეიკობსის მეგობრობისადმი მიძღვნილი ოდაა. რეჟისორისა და დიზაინერის ურთიერთობა 1990-იან წლებში დაიწყო, როდესაც სოფიამ ჯეიკობსის Perry Ellis-ის ცნობილი grunge კოლექცია იხილა და დიზაინერის ავანგარდული ხედვა მაშინვე შეიყვარა. ამ დროიდან მოყოლებული, ისინი არა მხოლოდ მეგობრობენ, არამედ აქტიურად თანამშრომლობენ კიდეც. სოფია მონაწილეობდა მარკ ჯეიკობსის არაერთ კამპანიაში. მათ შორის მისი შემოქმედების ნაწილია სარეკლამო რგოლი სუნამოსთვის Daisy.
Ph: Getty Images
97-წუთიანი Marc by Sofia მაყურებელს საშუალებას მისცემს, დიზაინერის კარიერული გზის მნიშვნელოვან ეტაპებს ფეხდაფეხ მიჰყვეს, დაწყებული Perry Ellis-ის კოლექციიდან, Louis Vuitton-ის კრეატიული დირექტორობის ხანით გაგრძელებული და დღევანდელი პროექტებით დასრულებული. ფილმში გამოყენებულია აქამდე უცნობი საარქივო მასალა და ინტერვიუები, რომელშიც ჯეიკობსის შესახებ აქამდე უცნობ დეტალებს გაგვიმხელენ.
Ph: Juergen Teller
Marc by Sofia დიზაინერის შესახებ მეორე დოკუმენტური ნამუშევარია – პირველი, Marc Jacobs & Louis Vuitton, 2007 წელს გამოვიდა. თუმცა, სოფია კოპოლას პერსონალური კავშირი ჯეიკობსთან და მისი სარეჟისორო ხედვა ამ ახალ ფილმისადმი განსაკუთრებულ მოლოდინს აჩენს.
Ph: marcjacobs
კოპოლას ფილმები: The Virgin Suicides, Marie Antoinette თუ Priscilla, გამორჩეულად კარგად გადმოსცემს ატმოსფეროს, განწყობასა და გმირების შინაგან სამყაროს, რადგან თითოეული ნიუანსი ოსტატურადაა წარმოჩენილი. სწორედ ამიტომ, კოპოლას დოკუმენტურ ჟანრში მუშაობა არც უნდა გაუჭირდეს, პირიქით, წინ საინტერესო გამოცდილება გველის.
Ph: Jamie McCarthy/ Getty Images
მოლოდინების თანახმად, ეს ფილმი მოდისა და კინომოყვარულებისთვის თანაბრად საინტერესო ნამუშევარი იქნება, სადაც ორი სამყაროს გადაკვეთაზე მეგობრობა, სიყვარული და შემოქმედება ერთ ისტორიად გადაიქცევა.
Amazon Prime-ის ახალი სერიალი Off Campus რომანტიკული დრამების ჟანრს ახალ სიცოცხლეს სძენს. სერიალი ელ კენედის პოპულარულ წიგნებს ეფუძნება და მაყურებელს საინტერესო თინეიჯერულ დრამაში ეპატიჟება.
TheDiary-ის ახალი Cover Story საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება. მისი მთავარი გმირები მსახიობი აპოლონ კუბლაშვილი და „დელფოსის“ გამორჩეული კოლექციაა, რომელიც თითბრისგან შექმნილ მოვერცხლილ და მოოქრულ ფიგურებს აერთიანებს.