#მუსიკა

ჰარი სტაილსი საცეკვაო მოედანზე გვეპატიჟება

გაზიარება:

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰარი სტაილსი მუსიკალურ სამყაროს მეოთხე სტუდიური ალბომით Kiss All The Time. Disco, Occasionally დაუბრუნდა.

ჰარი სტაილსი, ახალი ალბომი, 2026 წლის ალბომი, Kiss All The Time. Disco, Occasionally

ეს 12-ტრეკიანი მუსიკალური ამბავი 2022 წლის გრემის მფლობელი ალბომის, Harry’s House-ის გაგრძელებაა. თუმცა, ამჯერად მომღერალმა ინდი-პოპიდან ბევრად ღრმა, ატმოსფერულ და როგორც სათაური მიგვანიშნებს, მკვეთრად „დისკო“ ჟღერადობაზე გადაინაცვლა.

პროდიუსერ Kid Harpoon-თან ერთად, სტაილსმა შექმნა ნამუშევარი, რომელიც იდეალურ ბალანსს პოულობს საინტერესო ტექსტსა და ენერგიულ რიტმებს შორის. ეს არის პოპ ალბომი, რომელიც ისეთი ბენდების შემოქმედებითაა შთაგონებული როგორებიცაა The 1975 („American Girls“), LCD Soundsystem („Are You Leaving Yet?“) და MGMT („Season 2 Weight Loss“).

Harry Styles Grammys, ჰარი სტაილსი, გრემი საუკეთესო ალბომისთვის

ამ ლეგენდარულმა ბენდებმა უკვე შეასრულეს ძირითადი სამუშაო პოპისა და ელექტრონული მუსიკის შერწყმის კუთხით, ჰარიმ კი ეს ჟღერადობა საკუთარ სტილს მოარგო. ეს ჩანს პირველივე სინგლში Aperture, რომელიც თავისი ექსპერიმენტული ხასიათით მაშინვე იპყრობს ყურადღებას და მთელი ალბომის ტონს განსაზღვრავს.

ალბომი ერთდროულად უდარდელი და ემოციურად ძალიან ღრმაა. ის გიჩენს სურვილს, გამოხვიდე ზამთრის დეპრესიიდან და გაზაფხულის დადგომას შეეგებო. სიმღერების ტექსტი ინტროსპექციის, სიყვარულისა და ადამიანური ენერგიების, წარსულის შესახებაა. მოსმენისას თავი ერთდროულად 1970-იანების დისკო წვეულებაზე და სევდიან ფილმში გეგონებათ – მთლიანი ალბომი კი ქაოსური, დრამატული და ტიპური „ჰარი სტაილსურია“.

ჰარი სტაილსი, ახალი ალბომი, 2026 წლის ალბომი, Kiss All The Time. Disco, Occasionally, Netflix

ალბომის გამოშვებასთან ერთად, ჰარის გარშემო დიდი სიახლეებია. 8 მარტს Netflix-ის სტრიმინგ პლატფორმაზე პირველად გაშუქდება ჰარის კონცერტი მანჩესტერის Co-op Live-დან, სადაც ის ახალი ალბომის ყველა სიმღერას შეასრულებს.

14 მარტს კი სტაილსს Saturday Night Live-ის წამყვანად და სტუმრად ვიხილავთ. ამ ამპლუაში ის ბოლოს 2019 წელს იყო. ამას კი მოჰყვება ტურნე Together, Together, რომელიც 16 მაისს ამსტერდამში დაიწყება.

ზევით