უხილავი თვალის ტყვეობაში: მსახიობი დათა ჩაჩუა „პანოპტიკონზე“

| ანა ციხელაშვილი |

უხერხულობა – ეს ის პირველი განცდაა, რომელიც „პანოპტიკონის“ ყურებისას გეუფლება. მას მალევე მოჰყვება ემოციების ტალღა, რომელიც მთავარი გმირის, სანდროს მძიმე ყოველდღიურობაში გვითრევს. ფილმი პირველივე წუთებიდან მწვავე კონფლიქტით იწყება: ახალგაზრდა ბიჭი საზოგადოებრივ ტრანსპორტში გოგონას სექსუალურად ავიწროებს, მომდევნო სცენაში კი, საფეხბურთო გუნდის გასახდელში, შხაპის მიღებამდე ჯვარს მოწიწებით იხსნის, კოცნის და საკიდზე კიდებს.

დათა ჩაჩუა, პანოპტიკონი, Data Chachua, Panopticon movie, აზიური ოსკარი

მსგავსი რადიკალური პირდაპირობით რეჟისორი გიორგი სიხარულიძე მიგვანიშნებს, რომ წინ რთული სანახაობა გველის – ეკრანზე თანამედროვე საქართველოს სოციალური და მორალური დეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

სანდრო სრულიად მარტოა. დედა ემიგრაციაშია, მამა კი შვილთან ურთიერთობაზე წინ ღმერთთან სულიერ კავშირს აყენებს. მის ცხოვრებაში ავტორიტეტის ვაკანტურ ადგილს კი სწრაფად იკავებს ულტრანაციონალისტური ნარატივები. სანდროს ორი ცხოვრება აქვს – ერთი, რომელსაც მამის „უხილავი თვალი“ და ოთახის კედლიდან იესო ქრისტე უთვალთვალებს და მეორე, რომელიც ფარდის მიღმა, საიდუმლოდ მიმდინარეობს.

დათა ჩაჩუა, პანოპტიკონი, Data Chachua, Panopticon movie
Ph: ივანე გოლიაძე

TheDiary-ს რედაქციის კონცეპტუალურ სივრცეში, ამ რთული და მრავალშრიანი როლის შემსრულებელი, არაერთი პრესტიჟული ჯილდოსა და „აზიური ოსკარის“ მფლობელი, დათა ჩაჩუა გვეწვია. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც აუცილებლად გაგიჩენთ სურვილს, თავად გახდეთ „პანოპტიკონის“ მაყურებელი.

დათა, „პანოპტიკონს“ დიდი აღიარება ხვდა წილად. რა არის მასში განსხვავებული?

დათა: განსხვავებული იმით არის, რომ ერთი რამ იგრძნობა – ყველამ, ვინც ამ ფილმზე იმუშავა, პროცესით დიდი სიამოვნება მიიღო. 28 დღე ვიღებდით ფილმს და თითოეული დღით იმდენად ნასიამოვნები ვიყავით, რომ ფილმი სულ რომ „დებილობა“ გამოსულიყო, შემოქმედებითი ჯგუფის ეს განწყობა მაინც გადმოვიდოდა ეკრანიდან. კამერა ამას ყველაზე კარგად კითხულობს, შემდეგ კი – მაყურებელი.

პირადად თქვენთვის რა არის „პანოპტიკონი“? 

დათა: ჩემთვის ეს ძალიან დიდი მოვლენაა. ეს არის ჩემი, რეჟისორის და პროექტში ჩართული კიდევ ბევრი ადამიანის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი. შესაბამისად, ძალიან საინტერესო გამოვიდა. სცენარი თავიდანვე მომეწონა, გიორგი კი საოცარი რეჟისორია. ერთი სიტყვით, ჩემთვის ეს ფილმი ყველაფერია და ახალი, დიდი ეტაპის დასაწყისიც.

დათა ჩაჩუა, პანოპტიკონი, კავეა, ფილმი, ფილმები, ქარტული ფილმი
დათა ჩაჩუა TheDiary Concept House-ში

სანდრო თქვენი გმირია. არის რამე, რაშიც თქვენ ორს შორის მსგავსებას პოულობთ?

დათა: მე და სანდრო მხოლოდ მამასთან ურთიერთობის კუთხით ვგავართ ერთმანეთს, სხვა არაფრით. სანდრო ჩემგან სრულიად განსხვავებული ტიპაჟია. სწორედ ეს იყო საინტერესო, რადგან მუშაობის პროცესში, იმისთვის რომ მის მდგომარეობამდე მივსულიყავი, მომიწია ისეთი ემოციების აღმოჩენა, რაც ადრე არ განმიცდია.

როგორ გაითავისეთ ის მარტოობა, რომელსაც სანდრო განიცდის და რამდენად ახლოს იყო ეს თქვენს პირად გამოცდილებასთან?

დათა: ისეთი მარტოობა, როგორსაც სანდრო განიცდის, ჩემს ცხოვრებაში არასდროს ყოფილა.

მამის არყოფნა ჩემთვის იმდენად რთული არ ყოფილა, ძალიან პატარა ვიყავი, როცა მამა გვერდით აღარ მყავდა და მივეჩვიე. სანდროსთვის ეს მოვლენა ბევრად რთული და მტკივნეულია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პირადი გამოცდილება განსხვავებულია, მის მდგომარეობაში შევედი. ზოგადად, როცა ვინმე თავის ისტორიას მიყვება, ზუსტად შემიძლია მისი გაგება, ზოგჯერ მართლა მაგრად გრძნობ სხვა ადამიანის ტკივილს.

დათა ჩაჩუა, ია სუხიტაშვილი, პანოპტიკონი, Data Chachua, Ia Sukhitashvili, Panopticon movie, გიორგი სიხარულიძე, George Sikharulidze
„პანოპტიკონის“ შემოქმედებითი გუნდი

სანდროს პერსონაჟს რომ უყურებ, ბევრი ემოცია ერთად მოდის: შეცოდება, აგრესია, სიყვარული. როგორი იყო თქვენთვის სანდრო და მასზე მუშაობის პროცესი?

დათა: ძალიან საინტერესო. გადაღებები 28 დღეს გაგრძელდა, თუმცა მანამდე იყო 5-თვიანი მოსამზადებელი პერიოდი. ეს არ იყო მხოლოდ ფორმალური შეხვედრები, ვიკრიბებოდით გიორგისთან სახლში, ვუყურებდით ფილმებს, ვარჩევდით, ვავლებდით პარალელებს. ისეთ თამაშებსაც ვთამაშობდით, რომ ჩვენი პერსონაჟებისთვის რაიმე ისტორიები მოგვეფიქრებინა, რაც სცენარში არ ეწერა. ასე გაცოცხლდა თითოეული პერსონაჟი.

გაავლებდით პარალელს დღევანდელ საქართველოსა და „პანოპტიკონს“ შორის?

დათა: დიახ, დღევანდელობასთანაც და წარსულთანაც. ბევრი რამით ჰგავს: ემიგრანტი დედა, უვარგისი მამა, ჩემს გარემოცვაში, სამეგობროშიც ბევრია ასეთი სცენარი. სოციალური პრობლემები კი მარტო საქართველოში კი არა, ყველგანაა. ულტრამემარჯვენეების თემაც არაა მოგონილი, ზუსტად არის აღწერილი და რაც მთავარია, „პანოპტიკონი“ საუკეთესოს ხსნის, რამდენად ცუდია ეს ყველაფერი.

დათა ჩაჩუა, ია სუხიტაშვილი, პანოპტიკონი, Data Chachua, Ia Sukhitashvili, Panopticon movie
კადრი ფილმიდან „პანოპტიკონი“

ფილმი, სადაც საქართველოს ყველა მანკიერება სააშკარაოზე გამოდის (რელიგიური ფანატიზმი, ულტრანაციონალიზმი, ემიგრაცია), „ოსკარზე“ მიდის საქართველოს სახელით. პარადოქსად არ გეჩვენებათ?

დათა: ძალიან საინტერესო ამბავია, მეც ვერ ვხსნიდი. ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენ არ შევხებივართ „მთავარ ტიპს“, იმას თუ არ შეეხები ესე იგი, ყველაფერი კარგადაა. რუსეთშიც იყო მსგავსი შემთხვევა, გადაიღეს ფილმი სადაც აკრიტიკებდნენ ყველას, გარდა პუტინისა და ეს ფილმიც წავიდა ოსკარზე. თან, მათაც (მთავრობას) აწყობთ ეს წარმატება.

რა არის საქართველოში ის „კედელი“, რომლის დანგრევაც ყველაზე მეტად გინდათ?

დათა: ბევრი ასეთი კედელია დასანგრევი, ერთს ვერ გამოვარჩევდი. მზაობაც არის საზოგადოებაში, თუმცა არა იმ დოზით, რამდენიც საჭიროა. მაგრამ მჯერა, რომ ყველაფერი იქნება.

თქვენი პირადი ცხოვრებიდან რომელ ამბავს გადმოიტანდით კინოში?

დათა: ბევრი ამბავია, მაგრამ კინოში არცერთს არ გადმოვიტანდი, ჩემთვის შევინახავდი. შეიძლება მუსიკალური კლიპი გადამეღო რაიმე სულელური ეპიზოდებით. მაგალითად, ერთხელ დავთვერი და მეგობრის საყურით ყური გავიხვრიტე. კლიპისთვის ასეთ სასულეებს სიამოვნებით გამოვიყენებდი.

დათა ჩაჩუა, data chachua, TV series Tesea, თესეა
დათა ჩაჩუა სერიალში „თესეა“

კინოს გარდა რას საქმიანობთ?

დათა: კინოს გარდა, მაინც კინოში ვარ, გადასაღებ მოედანს არ ვცდები. ბავშვობაში, პირველად რომ მოვხვდი გადასაღებ მოედანზე, მაშინვე მივხვდი, რომ მთელი ცხოვრება იქ უნდა ვყოფილიყავი. ახლა პროდიუსერი ვარ და ჩემს მეგობარ ანა დავითაიასთან ერთად „სტუდიო გამბიტით“ ვიდეორგოლებს ვაკეთებ. ჩემს პირად გვერდზეც დავიწყე რეკლამების გადაღება „რილსების“ ფორმატში. ასევე ვარ ლოკაციის მენეჯერი და სადაც კი ეკრანზე გამოვჩენილვარ, იქ კამერის უკანაც მიმუშავია.

კინოკარიერაში ახალი პროექტი თუ ჩანს ჰორიზონტზე?

დათა: იანვარში გვაქვს გადაღებები, ვმუშაობთ სრულმეტრაჟიან ფილმზე, დეტალებზე საუბარი არ შემიძლია. კიდევ ერთი ფილმიდან ველოდები პასუხს. ეს არის როგორც ქართული, ისე უცხოური პროდუქცია.

ზევით