ჰილარი კლინტონი პოლიტიკურ პოდკასტს იწყებს
ჰილარი კლინტონი და ჟურნალისტი კარა სვიშერი ახალ პოდკასტში 2026 წლის შუალედურ არჩევნებსა და ამერიკის პოლიტიკაზე ისაუბრებენ.
ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მსახიობს, ლეონარდო დიკაპრიოს, 52 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით გადავხედავთ ფილმებს, რომლებმაც მისი კარიერის სხვადასხვა ეტაპი განსაზღვრეს. მათ შორისაა როგორც ადრეული ნამუშევრები, რომლებმაც დიკაპრიოს სამსახიობო შესაძლებლობები წარმოაჩინეს, ისე „გადარჩენილი“, რომლისთვისაც მან პირველი „ოსკარი“ მიიღო. ამ ფილმებში მსახიობი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ პერსონაჟებს განასახიერებს.
მარადიული ბავშვი ფილმიდან „რა აწუხებს გილბერტ გრეიფს“ (1993)
ლასე ჰალსტრიომის დრამა „რა აწუხებს გილბერტ გრეიპს“ ლეონარდო დიკაპრიოს კარიერის ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ფილმია. არნი გრეიპის როლისთვის 19 წლის მსახიობმა 1994 წელს „ოსკარის“ პირველი ნომინაცია მიიღო.
არნი ინტელექტუალური განვითარების დარღვევის მქონე ახალგაზრდაა, რომელიც უფროს ძმასთან, გილბერტთან, დებთან და დედასთან ერთად პატარა ქალაქ ენდორაში ცხოვრობს. არნის როლში დიკაპრიო გულწრფელ და სპონტანურ პერსონაჟს ქმნის. გილბერტი, რომელსაც ჯონი დეპი განასახიერებს, ოჯახზე ზრუნვასა და საკუთარი ცხოვრების დაწყების სურვილს შორის არჩევანის გაკეთებას ცდილობს.
შეყვარებული რომანტიკოსი ფილმიდან „რომეო + ჯულიეტა“ (1996)
ბაზ ლურმანის „რომეო + ჯულიეტა“ უილიამ შექსპირის ტრაგედიის ერთ-ერთი გამორჩეული თანამედროვე ეკრანიზაციაა. რეჟისორმა მოქმედება XVI საუკუნის იტალიიდან 1990-იანი წლების ამერიკაში გადაიტანა. დაპირისპირებული ოჯახების შვილებს, რომეოსა და ჯულიეტას, ერთმანეთი უყვარდებათ. მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო და კლერ დეინსი ასრულებენ.
ფილმის ბიუჯეტი 14,5 მილიონი დოლარი იყო, მსოფლიო კინოგაქირავებაში კი მან დაახლოებით 147 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამ დროისთვის დიკაპრიო უკვე ჰოლივუდის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, თუმცა რომეოს როლმა მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა. დიკაპრიოს რომეო გულწრფელი და იმპულსური მოზარდია, რომელიც სიყვარულის გამო დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს იღებს.
ღარიბი და მშვენიერი მხატვარი ფილმიდან „ტიტანიკი“ (1997)
ჯეიმს კამერონის „ტიტანიკში“ შესრულებულმა ჯეკ დოუსონის როლმა 23 წლის ლეონარდო დიკაპრიო მსოფლიო ვარსკვლავად აქცია. ფილმის წარმატების შემდეგ მსახიობის პოპულარობა განსაკუთრებით ახალგაზრდა აუდიტორიაში გაიზარდა.
ჯეკი ღარიბი, თავისუფალი და ნიჭიერი ახალგაზრდა მხატვარია, რომელიც „ტიტანიკის“ ბილეთს შემთხვევით იგებს. გემზე იგი მაღალი საზოგადოების წარმომადგენელ როუზს ხვდება, რომელსაც ქეით უინსლეტი განასახიერებს. განსხვავებული სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, მათ შორის ურთიერთობა იწყება.
გემის ჩაძირვის შემდეგ ჯეკი როუზს გადარჩენაში ეხმარება, თავად კი ყინულოვან წყალში იღუპება. მისი და როუზის უკანასკნელი სცენა ფილმის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ეპიზოდად იქცა.
მეფე და მისი პატიმარი ფილმში „კაცი რკინის ნიღაბში“ (1998)
„კაცი რკინის ნიღაბში“ ლეონარდო დიკაპრიომ ორმაგი როლი შეასრულა და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ტყუპი ძმები განასახიერა. ლუი XIV სასტიკი მონარქია, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე მიდის. ფილიპი კი მისი ძმაა, რომელიც მეფის ბრძანებით რკინის ნიღბით ჰყავთ დატყვევებული.
არამისი, ათოსი და პორთოსი ფილიპის გათავისუფლებასა და ლუი XIV-ის ნაცვლად მის გამეფებას გეგმავენ. მუშკეტერების როლებს ჯერემი აირონსი, ჯონ მალკოვიჩი და ჟერარ დეპარდიე ასრულებენ. დიკაპრიო ორი ძმის განსხვავებულ ხასიათს არა მხოლოდ ქცევით, არამედ მეტყველებითა და გამომეტყველებითაც გამოკვეთს.
პოლიციელი წარსულის აჩრდილებით: „შეშლილთა კუნძული“ (2010)
მარტინ სკორსეზეს ფსიქოლოგიურ თრილერში „შეშლილთა კუნძული“ ლეონარდო დიკაპრიო აშშ-ის მარშალ ტედი დენიელსს განასახიერებს. იგი თავის პარტნიორ ჩაკ ოლთან ერთად კუნძულზე მდებარე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჩადის, რათა პაციენტის გაუჩინარება გამოიძიოს. ჩაკ ოლის როლს მარკ რუფალო ასრულებს.
გამოძიებისას ტედის მეუღლის გარდაცვალებისა და მეორე მსოფლიო ომის დროს ნანახი მოვლენების მოგონებები არ ასვენებს. საქმის გარემოებების გარკვევასთან ერთად მისთვის სულ უფრო რთული ხდება სინამდვილისა და წარმოსახვის ერთმანეთისგან გარჩევა. დიკაპრიო დამაჯერებლად წარმოაჩენს პერსონაჟის თანდათანობით გაუარესებულ ფსიქიკურ მდგომარეობას, ფილმის დასასრული კი მანამდე განვითარებულ მოვლენებს სრულიად განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
უოლ-სტრიტის დაუნდობელი ბროკერი ფილმში „უოლ-სტრიტის მგელი“ (2013)
მარტინ სკორსეზეს „უოლ-სტრიტის მგელი“ ბირჟის ბროკერ ჯორდან ბელფორტის მემუარებს ეფუძნება. ლეონარდო დიკაპრიო განასახიერებს ადამიანს, რომელიც სწრაფად მდიდრდება, საკუთარ საბროკერო კომპანიას ქმნის და ფუფუნებით ცხოვრობს, თუმცა წარმატებას უკანონო გარიგებებსა და კლიენტების მოტყუებაზე აგებს.
დიკაპრიოს ბელფორტი ამბიციური, თავხედი და ფულით შეპყრობილი ადამიანია. წარმატებასთან ერთად მისი ცხოვრების წესი სულ უფრო უკონტროლო ხდება: იგი ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებული ხდება, გამოძიება კი მის ფინანსურ საქმიანობას საფრთხეს უქმნის. დიკაპრიო პერსონაჟის ქარიზმასა და ცინიზმს ერთდროულად წარმოაჩენს. ბელფორტი ფინანსურ იმპერიას ქმნის, შემდეგ კი საკუთარი გადაწყვეტილებებით ყველაფერს კარგავს.
ტრაგიკული მილიონერი ფილმში „დიდი გეტსბი“ (2013)
ბაზ ლურმანის „დიდი გეტსბი“ ფ. სკოტ ფიცჯერალდის ცნობილი რომანის ეკრანიზაციაა. ლეონარდო დიკაპრიო ჯეი გეტსბის განასახიერებს, იდუმალ მილიონერს, რომელიც ლონგ-აილენდზე მდიდრულ წვეულებებს მართავს. ამ წვეულებებს ერთი მიზანი აქვს: გეტსბი იმედოვნებს, რომ დეიზი ბიუკენენის ყურადღებას მიიპყრობს და წლების წინ დასრულებულ ურთიერთობას აღადგენს. დეიზის როლს კერი მალიგანი ასრულებს.
ამბავს გეტსბის მეზობელი ნიკ კარავეი გვიყვება, რომელსაც ტობი მაგუაირი განასახიერებს. მისი საშუალებით მაყურებელი თანდათან იგებს, რა იმალება გეტსბის ქონებისა და საგანგებოდ შექმნილი იმიჯის მიღმა. დიკაპრიო დამაჯერებლად წარმოაჩენს ადამიანს, რომელიც წარსულის დაბრუნების სურვილს რეალობად მიიჩნევს და მთელი ცხოვრება ამ მიზანს უქვემდებარებს.
დაუნდობელი მონადირე ფილმიდან „გადარჩენილი“ (2015)
ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს „გადარჩენილში“ ლეონარდო დიკაპრიო მონადირე ჰიუ გლასს განასახიერებს. დათვის თავდასხმის შემდეგ მძიმედ დაშავებულ გლასს მისი თანამგზავრი ჯონ ფიცჯერალდი სასიკვდილოდ ტოვებს და შვილს უკლავს. გადარჩენისა და შურისძიების სურვილით იგი თოვლით დაფარულ ველურ გარემოში რთულ გზას გადის. ფიცჯერალდის როლს ტომ ჰარდი ასრულებს.
გადაღებები კანადასა და არგენტინაში, რთულ კლიმატურ პირობებში მიმდინარეობდა. დიკაპრიოს პერსონაჟი ცოტას საუბრობს, ამიტომ მსახიობი მის ფიზიკურ ტკივილს, გამძლეობასა და შურისძიების სურვილს უმეტესად მოძრაობითა და გამომეტყველებით გადმოსცემს. ამ როლისთვის დიკაპრიომ 2016 წელს პირველი „ოსკარი“ მიიღო საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიაში.
ტელევესტერნის ვარსკვლავი რიკ დალტონი ფილმიდან „ერთხელ… ჰოლივუდში“ (2019)
კვენტინ ტარანტინოს „ერთხელ... ჰოლივუდში“ 1960-იანი წლების მიწურულის ჰოლივუდში ვითარდება. ლეონარდო დიკაპრიო რიკ დალტონს განასახიერებს, სატელევიზიო ვესტერნების ყოფილ ვარსკვლავს, რომლის პოპულარობაც თანდათან იკლებს. ახალი როლების ძიებისას დალტონი ხვდება, რომ კინოინდუსტრია იცვლება და მას ახალ მოთხოვნებთან შეგუება უჭირს.
რიკს გვერდით მისი დუბლიორი, მძღოლი და მეგობარი კლიფ ბუთი უდგას, რომელსაც ბრედ პიტი ასრულებს. წარუმატებლობის შიში დალტონს ხშირად საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვს უჩენს. დიკაპრიო ერთდროულად წარმოაჩენს პერსონაჟის ამბიციას, დაუცველობასა და კომიკურ მხარეს. ამ როლისთვის მსახიობი „ოქროს გლობუსსა“ და „ოსკარზე“ იყო წარდგენილი.
2021 წელს ტარანტინომ ფილმის მიხედვით ამავე სახელწოდების რომანი გამოსცა, რომელშიც რიკ დალტონის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ დამატებითი ამბებია მოთხრობილი.