ჰილარი კლინტონი პოლიტიკურ პოდკასტს იწყებს

hillary clinton

ჰილარი კლინტონი პოლიტიკურ პოდკასტს იწყებს. „High Stakes“ 14 ოქტომბერს გამოვა და 2026 წლის შუალედურ არჩევნებს, კონგრესში ძალთა გადანაწილებასა და ამერიკის პოლიტიკის მთავარ საკითხებს დაეთმობა.

კლინტონი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აკრიტიკებს და მოახლოებულ არჩევნებს ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტად მიიჩნევს. მისი თქმით, არჩევნების შედეგს მნიშვნელობა არა მხოლოდ შეერთებული შტატებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის ექნება.

„ქვეყნისა და მსოფლიოსთვის ფსონი ამაზე მაღალი ვერ იქნება. თუ ამ ადმინისტრაციის ქაოსს, კორუფციასა და სისასტიკეს არ შევაჩერებთ, საკუთარ ქვეყანას ვეღარ ვიცნობთ“, – განაცხადა კლინტონმა.

პოდკასტს კლინტონთან ერთად ჟურნალისტი კარა სვიშერი გაუძღვება. პოლიტიკური საკითხების განხილვის გარდა, სვიშერს სურს, მსმენელს კლინტონის ის მხარეც გააცნოს, რომელიც საჯარო გამოსვლებისას იშვიათად ჩანს. მისი თქმით, პირად საუბრებში კლინტონი გაცილებით უშუალო და იუმორიანია.

კლინტონისთვის ეს პირველი პოდკასტი არ არის. 2020-დან 2023 წლამდე იგი გადაცემას „You and Me Both With Hillary Clinton“ უძღვებოდა და პოლიტიკისა და კულტურის წარმომადგენლებს ესაუბრებოდა. „High Stakes“-ის ახალი ეპიზოდები ნოემბრის შუა რიცხვებამდე ყოველ კვირას გამოქვეყნდება.

ზევით