პოეტური თარგმანების აღმოსავლურ-დასავლური შეხვედრა

თარგმანი სწორედ ისაა, რასაც უმბერტო ეკო „დამარცხების ხელოვნებას“ უწოდებს. პოეტის ხვედრზე კი ბესიკ ხარანაული წერს: „იგი კვდება და ცოცხლდება, კვდება და იბადება, რადგან პოეზია მეტი არის სიხარულზე, სიყვარულზეც, სიკვდილზეც“. თუკი ასეა, მარტივი წარმოსადგენია, რა მასშტაბის სირთულესთან გვაქვს საქმე, როდესაც საუბარი პოეზიის თარგმნას ეხება. სწორედ ამ აღმატებულ, თუმცა ურთულეს საქმეს შეეჭიდნენ თამარ ჟღენტი და გიორგი ხულორდავა.

თამარ ჟღენტი, Tamar Zghenti, Giorgi Khulordava, გიორგი ხულორდავა, ქართველი პოეტი, ქართული პოეზია

TheDiary-ს კონცეპტუალურმა სახლმა ავტორებთან და რედაქტორ ზვიად კვარაცხელიასთან ერთად, პოეტურ საღამოს უმასპინძლა. თემა დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურული დიალოგი გახლდათ. ამ კონტექსტში თამარისა და გიორგის შემოქმედება შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს. გიორგი, „საბას“ პრემიის ლაურეატი ირანისტი, ჯამისბაჰარესთანითა“ და ორიგინალური ლექსებით კლასიკური აღმოსავლური სიბრძნის თანამედროვე გამგრძელებელია. თამარი კი, როგორც პოეტი და მთარგმნელი, ქართულ სიტყვას ინგლისურენოვან სამყაროს აზიარებს.

მათ ერთმანეთი ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიცნეს, მარტვილელი პოეტისა და მთარგმნელის, ზურაბ დანელიას მოწადინებით და მას შემდეგ მუდმივი შემოქმედებითი კავშირი აქვთ. TheDiary Concept House-მა გიორგისა და თამარის პირველ ერთობლივ ლიტერატურულ შეხვედრას უმასპინძლა, სადაც მათ თავიანთი პოეტური თარგმანები წარუდგინეს სტუმრებს. წინამდებარე საუბარში ისინი საკუთარ შემოქმედებით გზასა და თარგმანის ხელოვნებაზე გვიამბობენ.

თამარ ჟღენტი, Tamar Zghenti, Giorgi Khulordava, გიორგი ხულორდავა, ქართველი პოეტი, ქართული პოეზია

ლექსი პირველად თამარისა და გიორგის ცხოვრებაში

თამარი: პირველი ლექსი 6 წლისამ, თბილისურ საცობში „დავწერე“. დედას მხატვრული კითხვის წრეზე მივყავდი მაშინდელ მოსწავლეთა სასახლეში. იმ დღეს, მახსოვს, საშინელი თავსხმა იყო და პირველი ლექსის ეს ბავშვური სტრიქონიც დღემდე შემომრჩა: „ღრუბლები მომყვებიან, მომყვებიან, ღამით მივდივარ მე!“ ადრეულ ასაკში კლასიკური პოეზიის გააზრებულად სწავლამ მნიშვნელოვნად განაპირობა ჩემი დიდი სიყვარული პოეზიისა და საერთოდ ქართული ენის მიმართ.

თამარ ჟღენტი, Tamar Zghenti, ქართველი პოეტი, ქართული პოეზია

იმდენად დაუძლეველი აღფრთოვანებით ვიყავი განმსჭვალული, განსაკუთრებით მე-19 და მე-20 საუკუნის ავტორების მიმართ, ვერ წარმომედგინა, რომ მეც მქონდა უფლება მეწერა. პირველი ლექსის შემდეგ, იშვიათად, ისიც სასკოლო კონტექსტში თუ შევთხზავდი სახუმარო პოეტურ ტექსტებს. მაგრამ ერთხელაც, შემოქმედებითი წერის ეროვნულ კონკურს „თერგზე“ რომ გავედი თავისუფალი თემის დასაწერად, ბოლორითმული ლექსის გარდა არაფერი მომივიდა თავში. პოეტური სტრიქონები თითქოს თავისით ეწყობოდა ერთმანეთს.

თამარ ჟღენტი, Tamar Zghenti, ქართველი პოეტი, ქართული პოეზია, წამისყოფა, მელიას კუდი

მრცხვენოდა ჟიურისთვის ლექსის ჩაბარება, მაგრამ სხვა გზა აღარ იყო. ბოლოს ისე მოხდა, რომ ეს ჩემი ლექსი კონკურსის გრან-პრით დაჯილდოვდა. ამავე დროს ლიტერატურულ კლუბ „დალკში“ აღმოვჩნდი. ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი პოეტური ტექსტების მსმენელთან შეხვედრა სწორედ ამ წიაღში მოხდა პოეზიაზე აგებული სპექტაკლით „ბაქანზე ნუ გაჩერდები“. პრემიერა კინომსახიობთა თეატრში შედგა, ვითამაშეთ ხორავას სახელობის თეატრშიც და გასტროლებზეც კი ჩავედით მარტვილში. სწორედ იქ გავიცანი გიორგი ხულორდავა და ჩვენი ძვირფასი მეგობრობაც დაიწყო.

Giorgi Khulordava, გიორგი ხულორდავა, საუკეთესო თარგმანი, ბაჰარესთანი, ქართველი პოეტი, ქართული პოეზია

თუმცა, პროფესიულად მაინც შორს ვრჩებოდი მხატვრული ლიტერატურისგან სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე და მეგონა ექიმი ვიქნებოდი, მაგრამ ჰიპოკრატეს ფიცის დადებიდან რამდენიმე კვირაში ლონდონის უნივერსიტეტში ელიოტის საზაფხულო პოეტური სკოლის დაფინანსება მივიღე და გავემგზავრე ინგლისში. იქ ერთიანად შეიცვალა ჩემი ცხოვრება – დავრჩი სასწავლებლად, დავოჯახდი და პროფესიაც შევიცვალე დღეს უკვე ინგლისური ენისა და ლიტერატურის განხრით ვმუშაობ და შემოქმედებითი წერა და თარგმნა ჩემი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილად იქცა.

გიორგი: პოეზია ბავშვობიდანვე მიყვარდა. ვკითხულობდი, როგორც ორიგინალურს, ისევე ქართულად თარგმნილს. ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ მხატვრულ თარგმანს განსაკუთრებით დიდი როლი ენიჭება ჩვენი მშობლიური ლიტერატურის განვითარებაში. ნებისმიერი კარგი მთარგმნელი ამდიდრებს ქართულ ლიტერატურას – ეს მადლიანი საქმეა.

მე-9 კლასში ვიყავი, როცა ჩემმა კარგმა უფროსმა მეგობარმა, პოეტმა და ფილოლოგმა ილია კუხალაშვილმა, იცოდა რა ჩემი კითხვისადმი სიყვარული, მათხოვა 1970-იანი წლების ბოლოს გამოცემული ცნობილი წიგნი „ირანული პოეზია“, რომლის შემდგენელიც ვახუშტი კოტეტიშვილი გახლდათ. თავად ვახუშტის დიდი წერილი უძღვის წიგნს, რომელშიც შეტანილია კონგენიალური თარგმანები, როგორც მისი, ისე სხვა ირანისტების. მათ შორის გახლავთ დიდი ქართველი ირანისტი და მთარგმნელი – მაგალი თოდუა. მე მისი თანასოფლელი ვარ. ბატონი მაგალი სალხინოში დაიბადა და გაიზარდა. ვიცოდი, რომ თბილისში ცხოვრობდა, თუმცა ზაფხულობით სოფლად ჩამოდიოდა. ერთხელაც, მეგობართან ერთად, სახლში ვეწვიე. ძალიან გულთბილად მიგვიღო, წიგნებითაც დაგვასაჩუქრა.

Giorgi Khulordava, გიორგი ხულორდავა, საბა, ბაჰარესთანი, ქართული პოეზია

ის მართლაც სრულიად უნიკალური პიროვნება გახლდათ. სხვათა შორის, მას ჩემთვის პირდაპირ არასდროს უთქვამს, ირანისტიკაზე უნდა ჩააბაროო. პირიქით, მახსოვს, როცა აბიტურიენტობისას ჩემი აზრი გავუზიარე ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიხსნა, თუ რამდენი შრომა სჭირდებოდა ამ სპეციალობას. ამ თემაზე თვითონ იმდენად ამაღელვებლად და გატაცებით საუბრობდა, რომ უფრო მეტად მომინდა სწავლის ირანისტიკაზე გაგრძელება. იმ წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულებით.

„წამისყოფა“, „მელიას კუდი“, „ბაჰარესთანი“ და „ცვალებადობა“

თამარი: ჩემი პირველი კრებული „წამისყოფა“ ათი წლის განმავლობაში შექმნილ ტექსტებს მოიცავს. წიგნის დიდი ნაწილი ემიგრაციაშია დაწერილი და ბუნებრივია, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ემიგრანტობის ბლუზი – შინაგანი დაბრუნება ყველაზე საყვარელთან – ბავშვობის სახლთან, სკოლასთან, თბილისის ფერებთან. გარდა ამისა, ამავე წლებს დაემთხვა მსოფლიო პანდემია, უკრაინაში რუსეთის შეჭრა, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები საქართველოში და სწორედ ამ რთული მოვლენების ემოციური ანალიზია ასახული წიგნში.

ამასთანავე, მინდოდა, ჩემი დებიუტის შინაარსობრივ-ენობრივი ქსოვილი მრავალფეროვანი ყოფილიყო, ამიტომ არ მოვერიდე შემეტანა ის ლექსებიც, რომლებშიც ჩემთვის საინტერესო ისტორიული მომენტების პირადი პრიზმიდან დანახვას ვეცადე: სტამბოლის ბაზრის ტყვეთა სყიდვიდან ვების კოსმოსური ტელესკოპის ახალი ფოტოების გამოსვლამდე – თავისუფალი და ბოლორითმული ლექსების მონაცვლეობით. „წამისყოფაში“ ჩემთვის განსაკუთრებული ადგილი უკავია რელიგიური თემატიკის ლექსებს, რომლებშიც არქაული ლექსიკის და თანამედროვე სინტაქსის შერწყმა ერთგვარ იდიოლექტს ქმნის და ალბათ კიდეც გამოკვეთს კრებულის მთავარ ხაზს – ქართული ენის მრავალსაუკუნოვანი უწყვეტობის მიმართ ჩემს უსაზღვრო სიყვარულს.

თავად შენა ხარ საფიცარი,

ის ჭირნახული,

გაუმაძღარი,

გადაღლილი - შენი სამშობლო.

ხანდახან რომ თითქოს ღალატობ,

სინამდვილეში კი არასდროს.

ანდაც ვერასდროს.

განსაკუთრებით იმ მყარ, ზრდასრულ უმწეობაში,

როცა ძალიან გენატრება, იყო პატარა;

როცა შიმშილით კუჭი გეწვის და ამავე დროს

გრძნობ, იცი,

სახლში არ არის დედაშენი,

რომ მისულს სადილი დაგახვედროს.

(წამისყოფა)

Giorgi Khulordava, ბაჰარესთანი, აბდ ორ-რაჰმან ჯამი, საუკეთესო ქართული თარგმანი, საბას პრემია

ბაჰარესთანი

ყიდვა

მეორე კრებული „მელიას კუდი“, ზვიად კვარაცხელიას რჩევით ერთი ძირითადი თემის ირგვლივ შეიკრა – ესაა სხვადასხვა ლიტერატურულ და ისტორიულ კონტექსტში სიყვარულისა და შეყვარებულის იდეის კვლევა. ინგლისური ენისა და ლიტერატურის ბრიტანულ ბაკალავრზე სწავლისას, საგამოცდოდ მომზადებისას ხშირად მიხდებოდა ლიტერატურული პერსონიფიკაცია – სხვადასხვა ისტორიული, რომანტიკული, ფიქციური თუ კინემატოგრაფიული პერსონაჟის ადგილას თავის წარმოდგენა, რაც მოგვიანებით ტრადიციულ და თანამედროვე ქართულ კულტურულ მოცემულობაზეც გადმოვიტანე და ასე დაიბადა პოეტური ინტერპრეტაციები: მითოლოგიური ევრიდიკედან ხარფუხის ტურფამდე, ანტიკური ნავზიკაედან ქართულ-ხალხურ ხვარამზემდე და სხვა.

როცა იწყება სიყვარული, ღმერთს ემსგავსები:

ვინმეს, შენი წარმოსახვის თიხით მოზელილს,

შენს გაშენებულ ბაღში ჩასვამ

და სახელების დარქმევას სთხოვ იქაური

ბინადრებისთვის,

ვის ბატონადაც მას აცხადებ.

ხშირად აკითხავ სასაუბროდ,

ცდილობ შენში გაარკვიო,

აუხსნა, რომ ყველაფერი ეს მისია,

რომ თავადაა ყველაფერი.

(მელიას კუდი)

მოკლედ, „მელიას კუდი“ შეყვარებულის მრავალგვარ ხატს იკვლევს და იმედი მაქვს, ამ წიგნში არაერთი შეყვარებული იპოვის სათავისოს.

გიორგი: ჩემს წიგნებში მკითხველი, პირველ რიგში, შეხვდება სპარსულ პოეზიას, რომელსაც ქართველი მკითხველი უკვე იცნობს. მოგეხსენებათ, სპარსულ ლიტერატურას ოდითგანვე თარგმნიდნენ პროფესიონალი ირანისტები.

სიხარულია იმ მიჯნურთა სიამით შეყრა,

ვინც მტრების ჯიბრზე მაინც ერთად არიან ქვეყნად,

თვალით და წარბით მოუბარნი, ერთურთზე ლოცვით,

დღემუდამ მიზეზს დაეძებენ ხვევნის და კოცნის

(აბდ ორ-რაჰმან ჯამი, სპარსულიდან თარგმნა გიორგი ხულორდავამ)

თარგმნის ხელოვნება

გიორგი: ქართული უმდიდრესი ენაა, ასევე ღვედივით მოქნილი სინტაქსი აქვს. ასე რომ, ჩვენი მშობლიური ენა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, ნებისმიერი ეპოქის ავტორისთვის მოინახოს ზუსტი სტილისტური ეკვივალენტი. მთარგმნელს მოეთხოვება, საკუთარი თავი უკანა პლანზე გასწიოს და ავანსცენაზე ავტორი გამოიყვანოს. ვახუშტი კოტეტიშვილის თქმით, ისევე, როგორც მსახიობმა არ შეიძლება ერთი მანერით შეასრულოს ჰამლეტისა და ლუარსაბ თათქარიძის როლები, დაუშვებელია მთარგმნელმა ერთ და იმავე სტილური მანერით თარგმნოს სრულიად განსხვავებული ეპოქის ავტორები. ცხადია, ეს სათქმელად არის იოლი, თორემ ხორცშესასხმელად საკმაოდ რთულია.

Giorgi Khulordava, გიორგი ხულორდავა, საბა, ბაჰარესთანი, ქართული პოეზია

ერთი სიტყვის უადგილოდ გამოყენებასაც კი შეუძლია საქმის გაფუჭება. მთარგმნელი ვალდებულია, მაქსიმალურად ეცადოს ავტორის ეპოქისა და მწერლური სტილისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების გადმოცემას, ოღონდ ისე, რომ პირნათელი იყოს მშობლიური ენისა და კულტურის წინაშე. ეს ორი ბატონის სამსახურია. თუმცა, როგორც ცნობილია, არავის ძალუძს ორი ბატონის მონობა.

თამარი: როგორც გიორგიმ თქვა, ყველა ეპოქას თავისებური ენობრივი თვისებები ახასიათებს და განსხვავებული მიდგომა სჭირდება. მე ერთმანეთისგან ძალიან დაშორებულ ეპოქებს ვთარგმნი ინგლისურენოვანი ლიტერატურიდან. ამჟამად ვმუშაობ ანთოლოგიაზე – გადავწყვიტე სიყვარულზე შექმნილი ინგლისურენოვანი პოეტური შედევრები ავაჟღერო ქართულად. ამბობენ, საუკეთესო სასიყვარულო ლექსი ისაა, სადაც სიყვარული საერთოდ არ არის ნახსენებიო – მაგრამ მსოფლიოს დიდებული პოეტები საპირისპიროზე მოწმობენ. თუმცა, ბევრია ასეთი შედევრიც, სადაც სიტყვა სიყვარული ძნელად მისაგნები, მაგრამ მკაფიოდ გრძნობადია. ძალიან ჩამითრია ამ ანთოლოგიაზე მუშაობამ და საკმაოდ ამბიციური პროექტი გამოდის – მე-16 საუკუნის ოქროს ხანის ბრიტანული მეტაფიზიკური პოეზიიდან, 21-ე საუკუნის პაროდიულ ლირიკამდე. 

ყველა ეპოქის და ლიტერატურული მიმდინარეობის ავტორს, ბუნებრივია თავისებური ხელწერა აქვს და ამ ხელწერის, პოეტური სურათ-ხატების ქართულ სააზროვნო სისტემაში გადმოტანის მცდელობა დიდ შრომას და შეუპუებლობას მოითხოვს. თუმცა საბედნიეროდ უმდიდრესი ქართული მთარგმნელობითი სკოლა გვაქვს, მისი დიდებული წარმომადგენლებით, როგორიცაა გივი გაჩეჩილაძე. ამასთანავე გვყავს უნიჭიერესი თანამედროვე მთარგმნელები, სია დიდია, მაგრამ რანაირი სიაც არ უნდა შედგეს, ყველგან გამორჩეულად იკაშკაშებს პოეტური თარგმანის დიდოსტატი – ანა კოპალიანი, და ცხადია, გიორგი ხულორდავა – ქართული ენის უძველესი ბრწყინვალების სრულიად თვალისმომჭრელი ნათებით!

…დაე შეგვიკლას სიყვარულმა – ვინ თქვას აუგი!

და თუ დიდებულ აკლდამებში არ დაგვკრძალავენ,

არც ისტორიულ ქრონიკებში ჩაგვწერს არავინ –

ამ ჩვენს ლეგენდას ტაძარს თავად ლექსი აუგებს…

(ჯონ დონი, კანონიზაცია. თამარ ჟღენტის თარგმანი)

არ ვიცი, საბოლოოდ როგორი გამოვა ჩემი მთარგმნელობითი დებიუტი, მაგრამ ვეცდები, ლექსების ისეთი საინტერესო ნაკრები გავაკეთო, რომ შეყვარებულებს ამ ანთოლოგიის ჩუქება მოუნდეთ ერთმანეთისთვის.

თამარ ჟღენტი, მელიას კუდი, ლექსები, ინტელექტი

მელიას კუდი

ყიდვა

გიორგი: დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს სოციალურ ქსელში თაკოს თარგმანებს. მისი თითოეული ახალი თარგმანი მართლაც შესანიშნავი პოეტური გემოვნებით და ალღოთია შესრულებული.

თამარი: აქვე მინდა, ორიოდე სიტყვით ქართულიდან ინგლისურ ენაზე თარგმნასაც შევეხო. მეამაყება, რომ ზვიად რატიანის ეპოქალური ლექსი „ნეგატივი, 20 წლის შემდეგ“ ინგლისურად პირველად მე ვთარგმნე და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ლიტერატორებს წარვუდგინე თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე შარშან. ასევე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევარია Versopolis-ის საერთაშორისო ლიტერატურული პლატფორმისთვის დაწერილი მიმოხილვა „წინააღმდეგობის ხმები თანამედროვე ქართულ პოეზიაში“, რომლისთვისაც ათზე მეტი ქართველი ავტორის ლექსი ვთარგმნე. ეს მიმოხილვა ინგლისურიდან უნგრულ და რუმინულ ენებზე თარგმნა საერთაშორისო ჟურნალ ეკინოქსის მთავარმა რედაქტორმა და პოეტმა ფერენც-ნაგ ზოლტანმა და წელს კლუჟ-ნაპოკას საუნივერსიტეტო გამოცემაშიც იბეჭდება.

ქართული პოეზია, როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის შეხვედრის ადგილი

გიორგი: ჩვენი შეხვედრის სახელი რადიარდ კიპლინგის პოემის სათაურიდან ავიღეთ The Ballad of East and West, რომელიც მურმან ლებანიძემ „ბალადა დასავლეთსა და აღმოსავლეთზე“ – შებრუნებულად თარგმნა. ამ პოემის ცნობილ სენტენციას, რომ „აღმოსავლეთი აღმოსავლეთია, დასავლეთი – დასავლეთი და ისინი ვერასდროს შეხვდებიან ერთმანეთს“, ვახუშტი კოტეტიშვილი ასე ეხმიანება: კიპლინგისთვის ცნობილი რომ ყოფილიყო რუსთაველი, ის ასეთი კატეგორიული არ იქნებოდაო. რუსთაველის პოემაში დასავლეთი და აღმოსავლეთი ორიგინალურადაა შერწყმული. ნიშანდობლივია, რომ რუსთაველის ფენომენი საქართველოში წარმოიშვა, სადაც გეოგრაფიული, პოლიტიკური და კულტურული განზომილებები ქმნიდა გარემოს პართენონის სუროზე შირაზის ვარდის დასამყნობად. სხვათა შორის, ესეც ვახუშტის სიტყვებია. მომწონს და ხშირად ვიმეორებ.

ტრფობის საგანძურს როდი შეგვძენს შრომა და გარჯა,

შრომის გარეშე, თუმცა, ვერვინ პოვა და ხარჯა,

ვინც უკან მისდევს, ყველა კანჯარს როდი დაიჭერს,

თუმცა, ვინც მისდევს, მხოლოდ იგი დაიჭერს კანჯარს

(აბდ ორ-რაჰმან ჯამი, სპარსულიდან თარგმნა გიორგი ხულორდავამ)

აღმოსავლეთი ვახსენეთ. ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა შევეხოთ ქართულ-სპარსულ ლიტერატურულ ურთიერთობებს, რომელმაც ჩვენს კლასიკურ მწერლობაზე თვალსაჩინო კვალი დატოვა. ჩვენი უპირველესი პოეტი ზედმიწევნით კარგად იცნობდა აღმოსავლურ ლიტერატურას. თუმცა გარკვეულ მსგავსებებთან ერთად, არსებობს სრულიად თვალსაჩინო განსხვავებები რუსთველსა და ირანელ კლასიკოსებს, მაგალითად ნიზამის, შორის.

აღმოსავლური, მეტადრე სპარსული ესთეტიკა, დიდხანს მოჰყვებოდა ქართულ პოეზიას. მე-19 საუკუნის 20-30-იან წლებში, როცა პოეზიის განახლების აუცილებლობა დადგა, აღმოსავლურმა თანდათანობით უკანა პლანზე გადაიწია და ადგილი დასავლურს დაუთმო. ქართველი რომანტიკოსების ხელით დაინერგა სრულიად ახალი ესთეტიკა.

თამარ ჟღენტი, Tamar Zghenti, Giorgi Khulordava, გიორგი ხულორდავა, ქართველი პოეტი, ქართული პოეზია

...We, who never press on a bolted gate,

entering only where we’re told to tread.

We, who bar the windows, drop the drapes

when some doomed cry outside pleads for aid...

(ზვიად რატიანი, ნეგატივი. 20 წლის შემდეგ. თამარ ჟღენტის თარგმანი)

თამარი: დღეს კი ალბათ მთავარი მაინც ისაა, რომ თანამედროვე ქართული პოეზია მსოფლიო ლიტერატურის უფრო და უფრო თვალსაჩინო ნაწილი ხდება. ქართული პოეზიის თარგმანებს ბეჭდავენ ევროპის წამყვანი გამომცემლობები, ქართულმა ლექსმა ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიო ანთოლოგიებში. ამას, პირველ რიგში, უნდა ვუმადლოდეთ შესანიშნავ მთარგმნელებს, ბელა ჩეკურიშვილს, ბაჩანა ჩაბრაძეს, ლანა კალანდიას, ნატალია ბუკია-პიტერსს და სხვა ოსტატებს. საუცხოო წარმატებაა, რომ 2022 წელს დიანა ანფიმიადის კრებული „რატომ აღარ ვწერ ლექსებს“ The Guardian-მა წლის საუკეთესო პოეტურ ათეულში დაასახელა; საფრანგეთში მალარმეს პრემიის მოკლე სიაში მოხვდა პაატა შამუგიას „შიზოგადოება“. საერთაშორისო ინგლისურენოვან პერიოდიკებსა და პლატფორმებზე რეგულარულად ქვეყნდება თანამედროვე ქართული პოეზიის ნიმუშები.

საუბრის ბოლოს კი, მინდა უილიამ ბატლერ იეიტსის ლექსის თარგმანით დავასრულო, ასე ჰქვია – „სადაც მიდიან ჩემი წიგნები“. მასში მთავარი შეხვედრის – პოეზიასთან შეხვედრის ძალაა საუცხოოდ წარმოჩენილი – მთავარია, პოეზია გულს შეეხოს, გრძნობიერს. სწორედ ეს არის პოეტური თარგმანის ამოსავალი წერტილიც როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში, ჩრდილოეთსა და სამხრეთში:

ჩემი ყოველი სიტყვა,

დაწერილი თუ თქმული,

უნდა ისხამდეს ფრთებს და

სადაც მწუხარე გული

გიცემს, იქ გამოქროლდეს,

ვერ გააჩეროს დაღლამ,

ეხეთქებოდეს კბოდეს

გავეშებული ტალღა,

ჩემი სიტყვა კი ოდენ

შენთვის მღეროდეს ღამ-ღამ,

ყველგან - ვარსკვლავებს მიღმა,

მძვინვარე ზღვების გაღმაც.

(სადაც მიდიან ჩემი წიგნები, უილიამ ბატლერ იეიტსი, 1892)

გიორგი: მეც სიყვარულის თემით დავასრულებ. უფრო სწორად, მისი ყველაზე მაღალი ფორმით – ღვთაებრივი სიყვარულის, ღვთისკენ სულიერი სწრაფვის მშვენიერებაზე შექმნილი ყაზალით:

უფლის თვინიერ ორთავ სოფლად არავინ არსობს,

იგი – უხატო, კაცთა მოდგმის არსი და სასო.

გონმიუწვდომის შემეცნებით გონი დაშვრება,

სჯობს რწმენის გზაზე კარვის ძველი სოლები ასო.

ბაგე დაიხშე, ნუ გაამხელ ტრფობის ხვაშიადს,

აქ ამაოა სჯა-ბაასი, ბგერა და ასო.

კრეტსაბმელია შენი ყოფნა, თორემ ნახავდი,

რომ სატრფოს გარდა, ფარდის მიღმა არავინ არსობს.

თუ სიყვარულზე რამე იცი, გვითხარ, ქადაგო,

და, თუ არადა, ნუ გვაბეზრებ ყბედობით თავსო.

ტრფობის მონა ხარ, ჯიშს და მოდგმას, დაესხენ, ჯამი,

რადგან ამ გზაზე გვარ-გუჯაბი არაფრად ფასობს. 

(სპარსულიდან თარგმნა გიორგი ხულორდავამ)

ზევით