ჯეიმს ტარელი და სინათლის არქიტექტურა

ჯეიმს ტარელისთვის ცა არასდროს ყოფილა ზღვარი. უფრო ტილო იყო, ცნობიერებისკენ გახსნილი სივრცე. ლოს-ანჯელესში დაბადებული მხატვარი ისეთ გარემოში გაიზარდა, სადაც ცა ყოველდღიური გამოცდილების ნაწილი იყო. მის ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა მამამ, აერონავტიკის ინჟინერმა, რომელმაც იზრუნა, რომ ტარელს თექვსმეტი წლის შესრულებისთანავე პილოტის ლიცენზია აეღო.

მხატვარი ჯეიმს ტარელი Ta Khut-ის ობსერვატორიის წინ
ჯეიმს ტარელი Ta Khut-ის ობსერვატორიის წინ

მიწიდან ათასობით ფუტის სიმაღლეზე, მშობლიური შტატის უღრუბლო ცის ქვეშ ფრენისას, ტარელის ინტერესი სინათლის, მასშტაბისა და აბსტრაქტული ფორმების მიმართ თანდათან ჩამოყალიბდა. ფრენამ მას არა მხოლოდ ხედვის ახალი წერტილი მისცა, არამედ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. როგორც მისი ხელოვნება, ფრენაც განმარტოებასა და პერსპექტივას უკავშირდება, სამყაროს კი მის ყველაზე ძირითად ფორმებსა და ფერებამდე ამცირებს.

james turell
ტარელის  მიერ მუზეუმის სივრცეში შექმნილი ყველაზე დიდი Skyspace, დანია

ტარელი კვაკერულ ოჯახში დაიბადა, პროტესტანტიზმის ერთ-ერთი მიმდინარეობის მიმდევართა ოჯახში. ვიეტნამის ომის დროს მან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, თუმცა, რადგან მფრინავი იყო, 1960-იანი წლების დასაწყისში ლაოსში აღმოჩნდა. იქ მან ასზე მეტი მისია შეასრულა, ჩინეთის კონტროლქვეშ მოქცეული ტიბეტიდან ბუდისტ ბერებს ევაკუაციას უწევდა და ჰიმალაის რეგიონებს რუკაზე ასახავდა. ტარელს ხშირად უხდებოდა მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებთან გამკლავება. ეს გამოცდილება ერთდროულად შიშსაც იწვევდა და განცვიფრებასაც, რამაც საბოლოოდ ცის კვლევისკენ უბიძგა.

Ta Khut-ის ობსერვატორია
Ta Khut-ის ობსერვატორიის გუმბათი, რომლის დიამეტრი 4 მეტრია, სიმაღლე კი 7 მეტრი და 44 ტონა თეთრი მარმარილოთი აშენდა

კალიფორნიაში დაბრუნების შემდეგ ტარელმა ეს გამოცდილება ხელოვნებაში გადაიტანა. 1965 წელს, აღქმის ფსიქოლოგიაში ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ, მან კლარემონტის სამაგისტრო სკოლაში ხელოვნების მაგისტრის ხარისხიც მიიღო. სწორედ იქ დაიწყო იმ ტრანსცენდენტული განცდებისთვის მატერიალური ფორმის მიცემა, რომლებიც ბუნებრივ სამყაროსთან ურთიერთობისას დაგროვდა.

ტარელის თანდათან ჩამოყალიბებული პრაქტიკა 1960-იანი წლების შუა ხანებში დაემთხვა მოძრაობას Light and Space, რომელიც სამხრეთ კალიფორნიაში ჩამოყალიბდა და ავანგარდისტ ხელოვანთა წრეს უკავშირდებოდა. მერი კორსის, დაგ უილერისა და რობერტ ირვინის გვერდით, ტარელიც ამ ჯგუფის მნიშვნელოვან ფიგურად იქცა. ისინი სინათლის, მოცულობისა და მასშტაბის საშუალებით აღქმის ფენომენებს იკვლევდნენ და ამ ინტერესს გამოცდილებაზე დაფუძნებულ, ხშირად კონკრეტული სივრცისთვის შექმნილ ინსტალაციებში ავითარებდნენ.

ჯეიმს ტარელის Skyspace ავსტრიის მთებში
ჯეიმს ტარელის Skyspace ავსტრიის მთებში

Skyspaces ტარელის შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი ფორმაა. ეს არის დახურული სივრცე, რომლის ჭერშიც ღიობია დატანილი. ეს ღიობი ცის ერთ ნაწილს ჩარჩოსავით გამოყოფს და მაყურებლის ყურადღებას მთლიანად სინათლის, ფერისა და სივრცის აღქმაზე მიმართავს.

james turell skyspaces

დროთა განმავლობაში ამ ტიპის ნამუშევრები ტარელის ხელწერად იქცა და დღეს ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გვხვდება. ჩვეულებრივ, ეს სივრცეები ერთდროულად რამდენიმე ადამიანისთვის არის განკუთვნილი. ისინი სხდებიან და გარკვეული დროის განმავლობაში ცას, სინათლის ცვლილებასა და გარემოს აღიქვამენ.

1977 წელს ტარელმა მუშაობა ძალიან მასშტაბურ პროექტზე Roden Crater დაიწყო, რომლის მიზანია არიზონას უდაბნოში მდებარე ჩამქრალი ვულკანური კრატერის ობსერვატორიად გარდაქმნა. ეს ადგილი ტარელმა პირველად თვითმფრინავიდან შენიშნა. მას შემდეგ Roden Crater მის მუდმივ პროექტად დარჩა, ტარელის შემოქმედების უმთავრეს ნამუშევრად, რომლის დასრულების თარიღიც დღემდე უცნობია.

james turrell roden crater

ვულკანის შიგნით დიდი სიზუსტით გაჭრილი გვირაბების, კამერებისა და ღიობების სისტემის საშუალებით Roden Crater თითქმის მითიურ სივრცედ გადაიქცა, სადაც ტარელის ყველაზე პირადი და მასშტაბური ჩანაფიქრები ფორმას იძენს. ის ერთგვარად ძველ რიტუალურ ნაგებობას ჰგავს. დღისით კრატერი უდაბნოს მზეს განსაკუთრებული სიზუსტით ასახავს, ღამით კი პლანეტებისა და თანავარსკვლავედების დაკვირვების შესაძლებლობას ქმნის.

james turrell roden crater

Roden Crater ტარელის ხედვის უმაღლესი გამოხატულებაა. როგორც მის სხვა ნამუშევრებში, აქაც მთავარი მიზანი სინათლის მუდმივი ძალისა და მისი მაგიური ბუნების განცდაა.

ზევით