10 წიგნი დუა ლიპას წიგნის კლუბიდან
დუა ლიპას გავლენა მუსიკას სცდება და თანამედროვე კულტურას, მოდას, კინოსა და წიგნებსაც მოიცავს. გაეცანით 10 წიგნს, რომლებიც მის ლიტერატურულ სამყაროს უკავშირდება.
მსოფლიო სპორტის, მოდისა და მუსიკის ინდუსტრია 2026 წლის Super Bowl LX-ის მოლოდინშია. ჩემპიონატი 8 თებერვალს, სანტა კლარაში მდებარე Levi’s Stadium-ზე გაიმართება. ამჯერად Super Bowl Halftime Show-ს ეპიცენტრში გლობალური ფენომენი Bad Bunny მოექცევა. ჩვენ მხოლოდ მუსიკალურ პერფორმანსს არ ველოდებით, ბენიტო ისტორიის დასაწერად ემზადება.
ის იქნება პირველი ესპანურენოვანი სოლო შემსრულებელი მამაკაცი ლათინური ამერიკიდან, რომელიც ამ საკულტო სცენაზე წარდგება. Bad Bunny 2020 წელს, შაკირას შოუზე მხოლოდ რამდენიმე წუთით გამოჩნდა, დღეს კი უკვე თავად არის მთავარი გმირი მსოფლიოს ყველაზე რეიტინგულ პლატფორმაზე.

Super Bowl-მა დიდი ხანია დაკარგა უბრალო სპორტული ღონისძიების ელფერი. ის არის კულტურული ფენომენი, სადაც მუსიკა, სპორტი და მოდა ერთმანეთს სანახაობრივად ერწყმის. სტადიონზე დასასწრები ერთი ბილეთის საშუალო ფასი 13.600 ლარს აღემატება. ის, რაც ოდესღაც მატჩებს შორის უბრალო შესვენების შესავსებად დაიწყო, დღეს გლობალურ სანახაობად იქცა, რომელიც თავისი მნიშვნელობით თავად ჩემპიონატსაც კი უტოლდება და 100 მილიონზე მეტ მაყურებელს აერთიანებს.
გრემის დაჯილდოების შემდეგ, სანამ Bad Bunny კიდევ ახალ სალაპარაკო თემას მოგვცემს, მოდით გავიხსენოთ ხუთი გარდამტეხი მომენტი, რომლებმაც Super Bowl Halftime Show პოპ-კულტურის უმნიშვნელოვანეს მოვლენად აქცია.
ელა ფიცჯერალდი (1972)

მანამ, სანამ შესვენების დროს სოლო-სუპერვარსკვლავების პერფორმანსების კულტურა დამკვიდრდებოდა, ეს შოუ თეატრალურ სანახაობას ჰგავდა, რომელსაც მაყურებელი ხშირად ყურადღებას არც კი აქცევდა. 1972 წელს სცენაზე ლეგენდარული ელა ფიცჯერალდი გამოჩნდა. ლუი არმსტრონგისადმი მიძღვნილი გამოსვლით, ის გახდა პირველი შავკანიანი ქალი, რომელიც ამ სცენაზე ავიდა. ელამ დაამსხვრია უხილავი ბარიერი და გზა გაუკვალა მომავალ არტისტებს, რომლებმაც მოგვიანებით ეს პლატფორმა გლობალური ცვლილებებისთვის გამოიყენეს.
მაიკლ ჯექსონი (1993)

Super Bowl Halftime Show-ს თანამედროვე ისტორია სწორედ პოპის მეფით იწყება. მანამდე შუალედი მხოლოდ ტექნიკურ შესვენებად ითვლებოდა, თუმცა მაიკლ ჯექსონმა ყველაფერი შეცვალა. მისი გამოსვლა ნამდვილი რევოლუცია იყო. ჯექსონი ორი წუთი აბსოლუტურ სიჩუმეში, გაუნძრევლად იდგა სტადიონის ცენტრში, შემდეგ კი სცენა ისეთი საკულტო ჰიტებით ააფეთქა, როგორებიცაა Billie Jean და Black or White.
სწორედ ამ პერფორმანსის შემდეგ მიხვდა ტელეკომპანია NBC, რომ ეთერში მაყურებლის შესანარჩუნებლად სწორედ ასეთი მასშტაბის არტისტები იყვნენ საჭირო. ჯექსონმა ცხადყო, რომ ერთ ადამიანს შეუძლია მთელი პლანეტის მოსახლეობის ყურადღება მთელი 12 წუთით დაიმსახუროს.
დაიანა როსი (1996)

მაიკლ ჯექსონის ტრიუმფიდან სამ წელიწადში, სცენაზე დაიანა როსი გამოჩნდა. ის იყო პირველი ქალი, რომელმაც შოუს სოლო ჰედლაინერობა გაუწია. როსის პერფორმანსი გლამურის, ენერგიისა და თავდაჯერებულობის ნაზავი იყო. ფინალი კი დღემდე დაუვიწყარია – ფრაზით „აი, ჩემი ტრანსპორტიც!“ (Here comes my ride), დივა მოედნიდან პირდაპირ ვერტმფრენით გაფრინდა.
პრინცი (2007)

როდესაც საუკეთესო პერფორმანსებზე ვსაუბრობთ, აქ პრინსი უკონკურენტოა. მაიამიში კოკისპირული წვიმის მიუხედავად, მან ტექნიკური ხარვეზები ხელოვნების ნიმუშად აქცია. Purple Rain-ის შესრულებისას წვიმა შოუს ნაწილად იქცა, რამაც მისტიკური და დაუვიწყარი ესთეტიკა შექმნა გარშემო. პრინსის ქარიზმამ და ოსტატობამ ამ სცენაზე სრულიად ახალი სტანდარტი დააწესა.
კენდრიკ ლამარი (2025)

სტრიმინგისა და მრავალფეროვნების ეპოქაში კი, კენდრიკ ლამარმა შეძლო Super Bowl-ის ეპოქალური პერფორმანსი დაედგა. როგორც პირველმა სოლო რეპერმა ამ სცენაზე, მან ძლიერი, ინტელექტუალური და ვიზუალურად სრულყოფილი შოუ წარმოადგინა. პერფორმანსი ისტორიაში შევიდა, როგორც ყველა დროის ყველაზე ნახვადი Super Bowl Halftime Show – 133.5 მილიონი მაყურებლით. აღსანიშნავია, რომ მანამდე ეს რეკორდი აშერს ეკუთვნოდა.
წლების განმავლობაში ამ სცენაზე ისეთი ლეგენდები დგებოდნენ, როგორებიცაა ბიონსე, კეტი პერი, შაკირა და ჯენიფერ ლოპესი. ელა ფიცჯერალდიდან Bad Bunny-ს მომავალ ტრიუმფამდე, Super Bowl Halftime Show მუდმივად ტრანსფორმირდება და ასახავს მსოფლიოს მუსიკალურ და სოციალურ პროგრესს. ყოველ წელს მილიონობით ადამიანი ტელეეკრანებთან მხოლოდ თამაშის გამო კი არა, იმ დაუვიწყარი მომენტების სანახავად იკრიბება, რომლებიც ხშირად არტისტების კარიერის განმსაზღვრელ ნიშნულად იქცევა ხოლმე.