#ჯანმრთელობა

გაზაფხულის ახალი ჩვევა: დაიწყეთ დილა ჭიქა წყლით

გაზიარება:

გაზაფხული კალენდარზე დიდი ხანია დადგა, თუმცა მის რეალურ დადგომას ახლა უფრო მკაფიოდ ვგრძნობთ. გაზაფხული ახალ საწყისებთან ასოცირდება. ახალი საწყისი კი ხშირად სწორედ ისეთი მარტივი ჩვევით იწყება, როგორიცაა დღის დაწყება ერთი ან ორი ჭიქა წყლით. ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია არა მკვეთრი ცვლილებები, არამედ მცირე და თანმიმდევრული ნაბიჯები. თუ დღე გადატვირთულად გეჩვენებათ, საკმარისია დაიწყოთ ელემენტარულით – დალიოთ წყალი გაღვიძებისთანავე.

ექიმი ემილი ლიმინგი, წიგნის „Genius Gut“ ავტორი, თავის პლატფორმაზე აღნიშნავს, რომ დილის განმავლობაში დაახლოებით 500 მილილიტრი წყლის მიღება მარტივი და ხელმისაწვდომი გზაა საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მისი თქმით, კვლევები ადასტურებს, რომ დილის რუტინაში წყლის ან სხვა სითხის ჩართვა დადებითად მოქმედებს როგორც განწყობაზე, ისე ენერგიასა და მეხსიერებაზე.

2020 წელს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევა სწორედ ამ საკითხს შეეხო. ექსპერიმენტში მონაწილე ახალგაზრდები 12 საათის განმავლობაში განზრახ დარჩნენ სითხის გარეშე. დილით, გაღვიძების შემდეგ, მათ სხვადასხვა რაოდენობის წყალი მისცეს და შემდგომ შეაფასეს მათი კოგნიტიური ფუნქციები და ემოციური მდგომარეობა.

შედეგებმა აჩვენა, რომ ერთი ჭიქა წყალი, დაახლოებით 200 მილილიტრი, საკმარისი იყო წყურვილის, გაღიზიანებისა და დაღლილობის შესამცირებლად. ორი ჭიქის მიღება კი დამატებით აუმჯობესებდა სამუშაო მეხსიერებას, რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილებების მიღებისთვის, პრობლემების გადასაჭრელად და კონცენტრაციის შესანარჩუნებლად. მონაწილეები, რომლებმაც წყალი საერთოდ არ მიიღეს, გამოირჩეოდნენ დაღლილობითა და გაღიზიანებით.

წყალი ადამიანის ორგანიზმის ძირითადი კომპონენტია და მისი წილი სხეულის მასის დაახლოებით 60-70 პროცენტს შეადგენს. ამიტომ, ყველა სისტემა და მეტაბოლური პროცესი დამოკიდებულია ჰიდრატაციაზე. რვასაათიანი ძილის შემდეგ წყლის მიღება ორგანიზმს აძლევს იმ რესურსს, რომელიც უჯრედების ეფექტიან ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.

პრაქტიკული რჩევა მარტივია. წყალი წინასწარ მოიმზადეთ და საწოლთან ახლოს დაიდგით. დილით, გაღვიძებისთანავე, ჯერ დალიეთ წყალი, შემდეგ კი გაიხეხეთ კბილები.

ზევით