H&M x Brock Collection - ფემინურობისა და დახვეწილი სილუეტების კოლაბორაცია

 

ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს ეს ეს არის H&M x Simone Rocha-ს კოლაბორაციით ვიყავით აღფრთოვანებულები, რომ წინ კიდევ უფრო დიდი სიახლე შემოგვეგება - H&M x Brock Collection-ის ზღაპრული თანამშრომლობა, რომელშიც გადამწყვეტ როლს რომანტიკა და ფემინურობა ასრულებს. 

ყვავილების პრინტები, რეგულირებადი ბრეტელები, კორსეტის ტიპის ზედები და ჯადოსნური კაბები - ეს H&M-სა და Brock Collection-ის კოლაბორაციის ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც სულ მალე, 8 ივნისიდან თბილისის მაღაზიებშიც ვიხილავთ.

სიამაყით წარმოგიდგენთ კოლაბორაციას ბროქ ქოლექშენთან, რომელიც ცნობილია მისი მდიდრული ოსტატობით, უნაკლო სტილითა და  სტრუქტურით  - განაცხადა მარია ოსთბლომმა, H&M-ის დიზაინის განყოფილების ხელმძღვანელმა.

Brock Collection ლოს-ანჯელესში, 2014 წელს დაარსებული ბრენდია, რომლის სულისჩამდგმელებადაც ლაურა ვასარისა და კრისტოფერ ბროქი ითვლებიან. ბრენდის ხელწერას თანამედროვე რომანტიკა - ყვავილების პრინტები, ჯინსი და დიდი რაოდენობით ვინტაჟი წარმოადგენს, თუმცა იმთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ Brock Collection ლაქშერი ბრენდს წარმოადგენს და მისი სამოსის ღირებულება ხშირად ხელმიუწვდომლადაც კი გვეჩვენება.

კოლექცია დამზადებულია მდგრადი მასალებისაგან, როგორებიცაა,  ორგანული ტილო, ორგანული ბამბა, გადამუშავებული ბამბა, გადამუშავებული პოლიესტერი და ტენსელ ლაიოსელი.

ალბათ, სწორედ ამაშია H&M x Brock Collection-ის ზღაპრული კოლაბორაციის მთავარი ხიბლი, თანამშრომლობით შეიქმნა ყოველდღიური საზაფხულო სტილის სამოსი, რომელიც პირველ ყოვლისა დახვეწილი სილუეტებით გამოირჩევა, შემდეგ კი მისი ხელმისაწვდომობა გვხიბლავს. სასიამოვნო სიახლით აღტაცებულებს კი ისღა დაგვრჩენია დიდებული კოლაბორაციის სამოსს დაველოდოთ და 8 ივნისი საგულდაგულოდ მოვინიშნოთ ჩვენს კალენდარში.

ზევით