თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი გამოიტანეს

თუფაქ შაკურის მკვლელობიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, საქმეზე პირველი გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს. ლას-ვეგასში ნაფიცმა მსაჯულებმა 63 წლის დუეინ „კეფი დი“ დევისი პირველი ხარისხის მკვლელობაში, სასიკვდილო იარაღის გამოყენებით, დამნაშავედ ცნეს. მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

კეფი დი დევისი

დევისს თავად არ გაუსროლია. პროკურატურის ვერსიით, მან შურისძიება 1996 წლის სექტემბერში მას შემდეგ დაგეგმა, რაც თუფაქმა და მისმა გარემოცვამ კაზინო MGM Grand-ში დევისის ძმისშვილს, ორლანდო ანდერსონს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

დევისმა ცეცხლსასროლი იარაღი იშოვა და სამ თანამზრახველთან ერთად შაკურის საძებნელად გაემართა. მოგვიანებით, რეპერის თეთრი Cadillac-ს გვერდით ამოუდგა, საიდანაც ერთ-ერთმა მგზავრმა ცეცხლი გახსნა. თუფაქი ოთხჯერ დაიჭრა და ექვსი დღის შემდეგ, 25 წლის ასაკში, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

Tupac Shakur

საქმის ყველაზე ირონიული დეტალი ის არის, რომ დევისმა, ფაქტობრივად, საკუთარი თავი თვითონვე ამხილა. წლების განმავლობაში ის მკვლელობის დეტალებზე ღიად საუბრობდა ინტერვიუებში, დოკუმენტურ ფილმებსა და თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში „Compton Street Legend“.

ბრალდების მხარემ სასამართლოში მისი განცხადებების თითქმის რვასაათიანი ჩანაწერები წარადგინა. დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ დევისმა ჰონორარისა და პოპულარობის გამო საკუთარი როლი გააზვიადა, თუმცა ნაფიც მსაჯულებს გადაწყვეტილების მისაღებად სამ საათზე ნაკლები დასჭირდათ.

დევისი 2023 წლამდე არ დაუკავებიათ. ის ერთადერთია იმ ოთხი მამაკაციდან, რომლებიც ბრალდების მტკიცებით, მკვლელობის ღამეს Cadillac-ში იმყოფებოდნენ და დღემდე ცოცხალია. სასჯელის ზომის გამოცხადება 13 ოქტომბერს არის დაგეგმილი, თუმცა დევისმა უკვე განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ზევით