შეფ ენცო ნერის საქველმოქმედო ინიციატივა ძეგვის თავშესაფრის მხარდასაჭერად
21 ივნისს, იტალიელი შეფის, ენცო ნერის ინიციატივით, ძეგვის თავშესაფრის მხარდასაჭერად საქველმოქმედო ლანჩი გაიმართება.
მსოფლიოს მასშტაბით ასობით კინოთეატრში დოკუმენტური ფილმი MELANIA გამოჩნდა, რომელიც ამერიკის პირველი ლედის შესახებ მოგვითხრობს და დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე 20-დღიან პერიოდს ასახავს. ფილმის პრემიერა ვაშინგტონში გაიმართა, სადაც მელანია ტრამპი სიტყვით გამოვიდა და მადლობა გადაუხადა დონალდ ტრაპს, როგორც „აშშ-ის დირექტორს“.
ამერიკის დოკუმენტური ფილმების ისტორიაში „მელანიას“ პრემიერა, ბოლო 14 წლის განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. საპრემიერო უქმეებზე გაყიდვებმა 8.1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საგრძნობლად აღემატება თავდაპირველ, 5-მილიონიან პროგნოზს. ეს შედეგი განსაკუთრებით შთამბეჭდავია იმ ფონზე, რომ კრიტიკოსთა უმრავლესობამ ფილმი დაიწუნა და მას პოლიტიკური სარეკლამო რგოლი უწოდა.

ფილმის წარმატება სპეციფიკურმა აუდიტორიამ განაპირობა, რომლის 72%-ს ქალები, ხოლო ძირითად ნაწილს 55 წელს გადაცილებული პირები შეადგენდნენ. მაგალითად, კლივლენდში დაფიქსირდა შემთხვევა, რომ Cinemark Valley View-ში პენსიონერთა სახლებიდან მაყურებლები ავტობუსებით, ორგანიზებულად მივიდნენ. გეოგრაფიულად, ყველაზე მაღალი დასწრება რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერ შტატებსა (ფლორიდა, ტეხასი, არიზონა) და სოფლის ტიპის დასახლებებში დაფიქსირდა, რამაც საერთო შემოსავლის თითქმის ნახევარი (46%) შეადგინა.

მიუხედავად რეკორდული დებიუტისა, პროექტის ფინანსური მომავალი Amazon-ისთვის კვლავ ბუნდოვანია. უფლებების შესყიდვასა და მარკეტინგში დახარჯული 75 მილიონი დოლარი მნიშვნელოვნად აღემატება კინოთეატრებიდან მიღებულ თავდაპირველ მოგებას, ამიტომ ინვესტიციის ამოღება მთლიანად Prime Video-ზე ფილმის სამომავლო პოპულარობაზეა დამოკიდებული.
აშშ-ისგან განსხვავებით, საერთაშორისო ასპარეზზე პრემიერა წარუმატებელი აღმოჩნდა. დიდ ბრიტანეთში ინტერესი იმდენად დაბალი იყო, რომ ლონდონის Vue-ს ქსელის კინოთეატრებში შუადღის სეანსზე მხოლოდ ერთი, ხოლო საღამოს ჩვენებაზე ორი ბილეთი გაიყიდა. ქსელის დირექტორის, ტიმ რიჩარდსის თქმით, მან საყვედურიც კი მიიღო მაყურებლებისგან ფილმის ჩვენების გადაწყვეტილების მიღების გამო.

სამხრეთ აფრიკაში დისტრიბუტორმა Filmfinity-მ „მელანიას“ ჩვენებები საერთოდ გააუქმა. მიზეზად „ბოლოდროინდელი მოვლენები“ დასახელდა, თუმცა კომპანიას დეტალები არ დაუკონკრეტებია. ეს შედეგი განსაკუთრებით გასაკვირია იმ ფონზე, რომ პროექტს დიდი ბიუჯეტი და მასშტაბური მარკეტინგული მხარდაჭერა ჰქონდა.
საერთო ბიუჯეტი 75 მილიონი დოლარი გახლდათ, აქედან 40 მილიონი დოლარი წარმოებისთვის, ხოლო 35 მარკეტინგული კამპანიისთვის დაიხარჯა.

Amazon MGM Studios-მა ფილმის უფლებები ჰოლივუდური „სტუდიების ომის“ შედეგად მოიპოვა. თუმცა, ექსპერტები ეჭვობენ, რომ ეს არა შემოქმედებითი ინტერესი, არამედ ქვეყნის ადმინისტრაციის კეთილგანწყობის ყიდვის მცდელობა იყო.
ეს ალბათ ყველაზე ძვირადღირებული დოკუმენტური ფილმია, რაც კი ოდესმე გადაღებულა, რომელიც მუსიკის ლიცენზირებასაც კი არ მოიცავდა, – ტედ ჰოუპი, პროდიუსერი.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი თავად მელანია ტრამპია, რომელიც 40 მილიონიდან დაახლოებით 28 მილიონ დოლარს პირადად მიიღებს.
ფილმის რეჟისორი ბრეტ რატნერი გახლავთ, რომელიც მაყურებლისთვის მძაფრსიუჟეტიანი „პიკის საათითაა“ ცნობილი. რატნერისთვის ეს პირველი ნამუშევარია 2017 წლის შემდეგ, მას მერე რაც იგი სექსუალურ შევიწროებაში არაერთმა ქალმა დაადანაშაულა. რეჟისორისგან მოსალოდნელი დინამიკური და საინტერესო ფილმის ნაცვლად, მაყურებელმა მიიღო თითქმის ორსაათიანი სურათი, რომელსაც, დოკუმენტური კინოს რეჟისორის, Julie Cohen-ის თქმით, არც მხატვრული და არც ჟურნალისტური ღირებულება არ გააჩნია.

გამოცემა Rolling Stone-ის მიხედვით კი, ფილმზე ნიუ-იორკის გადაღებებში მონაწილე ადამიანების დაახლოებით 2/3-მა ითხოვა, რომ მათი სახელები ტიტრებში არ ყოფილიყო მითითებული.
ფილმი მელანიას წარმოაჩენს როგორც მიუწვდომელ ფიგურას, ხოლო თეთრ სახლს მის პირად რეზიდენციას. ეს ხელოვნური სამყარო მკვეთრ კონტრასტშია ამერიკის დღევანდელ სოციალურ და პოლიტიკურ დაპირისპირებასთან, რაც ფილმში საერთოდ არ არის ნახსენები. თუმცა, შესულია საფრანგეთის პირველი ლედის, ბრიჯიტ მაკრონის ვიდეო ზარი, რომელიც მელანიას თეთრ სახლში დაბრუნებას ულოცავს.

Melania იმის იდეალური ილუსტრაციაა, რომ მასშტაბური რეკლამითა და დიდი ბიუჯეტით მაყურებლის გულწრფელ ინტერესს ვერ იყიდი. პირველი ლედი ამბობს, რომ ყველას აინტერესებს მისი ამბავი, თუმცა საერთაშორისო გამოხმაურება საპირისპიროზე მეტყველებს.