#სპორტი

THEDIARY SPORTS: ლუკა გადრანი და ლუკა მიქაძე

გაზიარება:

TheDiary და ლუკა მიქაძე ქართველ ფეხბურთელებთან ინტერვიუების სერიას გთავაზობთ. ამ სერიის პირველი სტუმარი ლუკა გადრანია, რომლის კარიერა 10 წლის ასაკში, სამშობლოში დაიწყო. საქართველოდან პირველი გასვლა ესპანეთში, 18 წლის ასაკში ჰქონდა, მას შემდეგ ლიტვის, ირანისა და ყაზახეთის კლუბები გამოიარა და მათთან ერთად არაერთხელ გახდა ჩემპიონი.

ინტერვიუების სერიის წამყვანი ლუკა მიქაძეა. ლუკა ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, როგორც დიზაინერი, თუმცა ის ასევე მწვრთნელი და წარსულში ფეხბურთელი გახლდათ. ამასთანავე, მიქაძე ფეხბურთელებთან კოლაბორაციებსაც ხშირად გვთავაზობს.

ლუკა გადრანი, ფეხბურთელი, ნაკრები, ქართული ფეხბურთი

ლუკა გადრანი ამჟამად ისრაელის „ბეითარისა“ და საქართველოს ნაკრების მცველია. ისრაელში ჩასვლისთანავე ძირითადად შემადგენლობაში მოხვდა და 6 ჩატარებული მატჩიდან, 5 მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა.

დიდი ხანი არ არის, რაც ისრაელში გადავბარგდი. ჩასვლისთანავე ძალიან შემიყვარა ხალხმა და წარმატებულად დაიწყო ჩემი ისრაელური კარიერა.

ლუკა მიქაძე: მანამდე ყაზახეთში თამაშობდი. შეგიძლია, გვითხრა როგორია კონტრასტი ისრაელისა და ყაზახეთის ჩემპიონატებს შორის, სად უფრო რთულია თამაში?

ლუკა გადრანი: ისრაელში უფრო რთულია, იქ გაცილებით ხარისხიანი ლეგიონები თამაშობენ, შესაბამისად უფრო მაღალი დონეა, მეტი ინტერესია ხალხის მხრიდან, ინფრასტრუქტურულადაც ბევრად განვითარებულია.

ლუკა მიქაძე: ისრაელში ჩასვლისთანავე ძირითად შემადგენლობაში მოხვდი, რაც მარტივი არ არის, რამ განაპირობა ეს?

ლუკა გადრანი: ჯერ კიდევ ყაზახეთში, ბოლო ორი წელი ზედიზედ გავხდი ჩემპიონი. ებრაელების მხრიდან აქამდეც იყო დაინტერესება, თუმცა ახლა კონკრეტულად ის შეთავაზება მივიღე, რომელიც ჩემთვის მისაღებ იყო, ჩასვლისთანავე მომიწია ფინალის თამაში და მოვიგე. ისე დაემთხვა რომ ჩემს მისვლამდე წაგებები იყო, ჩემი მისვლის შემდეგ თამაში არ წაგვიგია და ალბათ რაღაც გარდამტეხი როლი ვითამაშე, სხვანაირი მუხტი შევიტანე. ყველა მოტივირებულია და გვაქვს იმის ამბიცია, რომ ჩემპიონები ვიყოთ.

ლუკა გადრანი, ფეხბურთელი, ნაკრები, ქართული ფეხბურთი, ლუკა მიქაძე, აფხაზეთი საქართველოა

ლუკა მიქაძე: გუნდელების გაცნობა და იმის გაგება თუ რას ითხოვს შენგან მწვრთნელი, დიდ დროს მოითხოვს. როგორ მოახერხე ადაპტაცია?

ლუკა გადრანი: სიმართლე რომ გითხრა, იმდენ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, რომ ეგ არ გამიჭირდა. წლებთან ერთად გამოცდილება გიგროვდება ასეთ საკითხებში.

ლუკა მიქაძე: რა რჩევას მისცემდი იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა ხდებიან ლეგიონერები? პირველი რა უნდა გააკეთონ ადაპტაციისთვის?

ლუკა გადრანი: ყველაზე მთავარია, რომ ენები იცოდნენ, რათა ფეხბურთელებთან და სტაფთან კომუნიკაცია არ გაუჭირდეთ. ჩემი პირველი გასვლის დროს, არ ვფიქრობდი რომ რახან ესპანეთია, განსაკუთრებული უნდა იყოს იქაური გარემო. ასე რომ, არ იყო რთული. ჩავედი და ჩემი თავი კარგად წარმოვაჩინე. ამასთანავე, დინამოში გავიზარდე და იმ პროფესიონალიზმს, რომლითაც ევროპაში საფეხბურთო ცხოვრებას უდგებიან, მიჩვეული ვიყავი. ცხადია, ახალი უნარები შევიძინე, თუმცა აქ დაგროვილი ცოდნით ჩავედი, იქ კი უფრო მეტად განვავითარე თავი.

ლუკა მიქაძე: სანამ წახვიდოდი საქართველოში თამაშობდი პროფესიონალურად. ახლა ტენდენციაა, რომ როგორც კი აქ გამოჩნდებიან ფეხბურთელები, რამდენი თვეში მიდიან ქვეყნიდან. რას ურჩევ მათ?

ლუკა გადრანი: თუ პატარა ასაკში ის შესაძლებლობა ეძლევა ქართველ ფეხბურთელს, რომ უმაღლესი ლიგა ითამაშოს, კარგია რომ ეგ გამოცდილება მიიღოს, მინიმუმ 1 წლით მაინც და ამის მერე გავიდეს ფარგლებს გარეთ. ვთვლი, რომ საჭიროა ეს გამოცდილება და შემდეგ სხვა ქვეყნის კულტურის, დონისა და ტემპის გაზიარება.

ლუკა გადრანი, ფეხბურთელი, ნაკრები, ქართული ფეხბურთი

ლუკა მიქაძე: რუსთავში რომ თამაშობდი, შენი გუნდელები იყვნენ ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი. რას გვეტყვი მაგ პერიოდზე?

ლუკა გადრანი: ხვიჩას ბავშვობიდან ეტყობოდა რომ პროფესიონალი იყო. ძალიან მომწონდა და ვატყობდი, რომ ხვიჩას საქმისადმი მიდგომა ყველასგან განსხვავებული იყო. პირველი მოდიოდა ვარჯიშამდე, შემდეგ რჩებოდა და დარტყმებზე ან დრიბლინგზე ვარჯიშობდა ინდივიდუალურად. რაც ყველაზე დასაფასებელია, პიროვნულად ახლაც იგივეა, არ შეცვლილა დიდად. ვიცით, რომ ზოგ ფეხბურთელს წარმატება უვარდება თავში. მამარდაც პროფესიონალი იყო, მაგარი მონაცემები ჰქონდა, ჩანდა მაშინაც რომ ტალანტი იყო, ფიზიკური აღნაგობაც უწყობდა ხელს, მერე განავითარა თავი და სადაცაა ახლა კი ვხედავთ.

ლუკა მიქაძე: ნაკრებზე მინდა ისევ ვისაუბროთ. ვიცი, რომ რთულად გადიოდი კარიერას და ბევრს არ სჯეროდა, რომ საქართველოს ნაკრებში გამოგიძახებდნენ. 27 წლის იყავი პირველად რომ გამოგიძახეს. რას ნიშნავდა ლუკა გადრანისთვის ეს?

ლუკა გადრანი: ყაზახეთში, ჩემს თანაგუნდელ გიორგი ზარიასთან ერთად ვიყავი, როცა ზურა ხიზანიშვილმა დამირეკა და მითხრა გამოძახებული ხარო. ჯერ არ ვიჯერებდი, მოულოდნელი იყო. გინდა არ გინდა, მთელი კარიერა ამას ელოდები. თითქოს შენი ოცნება უცბად ხდება. ყველა იმ სირთულემ, რაც გამოვიარე, თვალწინ ჩამირბინა.

მერე რაღაცნაირად სიამაყეც მოდის – რადგან შენ დაიმსახურე და ქვეყნის პირველ გუნდში მოხვდი, გამოდის ტყუილად არ გიშრომია.

როგორც შენ თქვი, მართლა ხშირია რთული პერიოდი ფეხბურთელის კარიერაში, ჩემშიც ბევრი იყო. ნაკრებში გამოძახება ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. ახლა ველოდები დებიუტს და იმედია მალე შედგება.

ლუკა მიქაძე: ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გამოგიძახეს ნაკრებში. თბილისში ფეხბურთის ბუმი, ერი გაერთიანდა, შენ რამდენად გრძნობდი ამ ყველაფერს, ყაზახეთში რა იცოდნენ ამ ამბის შესახებ?

ლუკა გადრანი: მე და გიორგი ზარიას ყველა გვილოცავდა. ისტორიული შედეგი დადო ნაკრებმა. ყველა ქართველი ამის ნაწილი იყო და თითქოს ჩვენც აქ ვიყავით. ძალიან მაგარია, რომ ქვეყანამ შეძლო ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა და შემდეგ უკვე მაღალი დონის თამაშების ჩვენება საფეხბურთო სამყაროსთვის.

ლუკა გადრანი, ფეხბურთელი, ნაკრები, ქართული ფეხბურთი

ლუკა მიქაძე: რა გაქვს ოცნებად ნაკრებთან ერთად?

ლუკა გადრანი: ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა და დრო მაქვს, რომ ნაკრებთან ერთად დიდ ტურნირზე მივიღო მონაწილეობა, მაგალითად მსოფლიო ჩემპიონატზე. ამაზე ბედნიერება არა მგონია რამე იყოს. ევროპის ჩემპიონატიც უნდა გავიმეოროთ. ამ ევროპის ჩემპიონატზე ყველამ დაინახა თუ როგორი სიხარულია ეს მთელი ქვეყნისთვის და როცა ამის ნაწილი შენ ხარ და შენ წარმოადგენ ქვეყანას, ეს დიდი სიამაყის გრძნობაა თითოეულ ფეხბურთელში.

ლუკა მიქაძე: ინტერვიუს ბოლოს მოტივაციაზე გკითხავ. მოედანზე ბრძოლისუნარიანობით და ჟინით გამოირჩევი. რა არის ლუკა გადრანის მთავარი მოტივატორი?

ლუკა გადრანი: ოჯახი. 21 წლის ასაკში დავოჯახდი და ჩემი შვილები, იოანე და ტიმოთე, ჩემი მეუღლე დიდ მოტივაციას მაძლევენ. მათთან ერთად დედაჩემი, მამა და ჩემი ძმები, ჩემს მთელ კარიერას მათ ვუძღვნი. ყველაზე დიდი მოტივაცია, არა მხოლოდ კარიერულად, არამედ ცხოვრებისეულადაც ჩემი ოჯახია. ოჯახმა განაპირობა რომ დღეს ლუკა გადრანი ვარ და აქამდე მოვედი.

ზევით