წინანდლის მუსიკალური ფესტივალი 2026

წინანდლის მუსიკალური ფესტივალი 3 სექტემბერს გაიხსნა და 13 სექტემბრამდე გაგრძელდება. 11 დღის განმავლობაში წინანდლის მამული საერთაშორისო მუსიკოსებს, ორკესტრებსა და ახალგაზრდა შემსრულებლებს მასპინძლობს. წლევანდელი პროგრამა სიმფონიურ და კამერულ კონცერტებს, საოპერო დადგმასა და სხვა მუსიკალურ საღამოებს აერთიანებს.

წინანდლის ფესტივალი

ფესტივალი 2019 წელს დაარსდა. მისი ერთ-ერთი მთავარი ნაწილი პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრია, რომელსაც ჯანანდრეა ნოზედა ხელმძღვანელობს. ორკესტრი 18-დან 28 წლამდე ახალგაზრდა მუსიკოსებს აერთიანებს და მათ საერთაშორისო დირიჟორებთან და სოლისტებთან მუშაობის შესაძლებლობას აძლევს.

ლიზა ბათიაშვილი

2026 წლის ფესტივალი ჯანანდრეა ნოზედას, ლიზა ბათიაშვილისა და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტით გაიხსნა. 3 სექტემბერს შესრულდა კაროლ შიმანოვსკის პირველი სავიოლინო კონცერტი და ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის „შეჰერეზადა“.

წლევანდელ პროგრამაში მონაწილეობენ პინხას ცუკერმანი, საიაკა შოჯი, ორი კამი, ბრაიან ჩენგი, სერგეი ბაბაიანი, მარკ-ანდრე ამლენი, ილია გრინგოლცი, კიან სოლტანი, რაფაელ ფეიატრი და სხვა მუსიკოსები. 5 სექტემბერს წინანდლის ამფითეატრის სცენაზე საქართველოს ეროვნული ბალეტი „სუხიშვილები“ წარდგა.

სუხიშვილები

6 სექტემბერს ფესტივალის პროგრამაში სამი კონცერტია. დღის პირველ ნახევარში ლიზა ბათიაშვილი, გიორგი მარდალეიშვილი, მარკ შუმანი და გიორგი გიგაშვილი შოსტაკოვიჩის, პიაცოლას, ვაჟა აზარაშვილის, იოსებ ბარდანაშვილისა და მენდელსონის ნაწარმოებებს შეასრულებენ. საღამოს ჯანანდრეა ნოზედა, პინხას ცუკერმანი და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტსა და მუსორგსკის „სურათებს გამოფენიდან“ წარმოადგენენ. 

გიორგი გიგაშვილი

გიორგი გიგაშვილი 6 სექტემბერს სოლო კონცერტით წარდგება. მისი პროგრამა სკარლატის, შოპენის, ლილი ბულანჟესა და რაველის ნაწარმოებებს, ასევე ნატალი ბერიძის „Holy Atoms“-ს აერთიანებს.

ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საღამო 9 სექტემბერს გაიმართება. პროგრამაშია გუსტავ მალერის მეორე სიმფონია „აღდგომა“, რომელსაც რაფაელ პაიარე უდირიჟორებს. მასთან ერთად სცენაზე წარდგებიან ჩენ რაისი, ოკა ფონ დერ დამერაუ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი.

წინანდლის ფესტივალი

ფესტივალის ბოლო დღეების პროგრამაში საოპერო დადგმაც შედის. 12 სექტემბერს მაყურებელი ჟორჟ ბიზეს „კარმენის“ პიტერ ბრუკისეულ ადაპტაციას, „La Tragédie de Carmen“-ს იხილავს.

წინანდლის მუსიკალური ფესტივალი 13 სექტემბერს დასრულდება. დასკვნით კონცერტში ნიკოლაი ზნაიდერი, დავით ხრიკული და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მიიღებენ მონაწილეობას. პროგრამაში შოპენის, რიხარდ შტრაუსისა და რაველის ნაწარმოებებია.

2019 წლიდან წინანდლის ფესტივალი კლასიკური მუსიკის საერთაშორისო პროგრამას ახალგაზრდა მუსიკოსების პროფესიულ განვითარებასთან აერთიანებს. ფესტივალის განმავლობაში ისინი გამოცდილ დირიჟორებთან და სოლისტებთან მუშაობენ და მათთან ერთად გამოდიან სცენაზე, რაც წინანდლის პროგრამის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება.

ფოტო: წინანდლის ფესტივალი

ზევით