რუპერტ გრინტი 15 წლის შემდეგ რონ უისლის როლს უბრუნდება

„ჰარი პოტერის“ კინოსერიის დასრულებიდან 15 წლის შემდეგ რუპერტ გრინტი რონ უისლის როლს უბრუნდება. ამჯერად მსახიობი პერსონაჟს არა კინოში, არამედ ბროდვეის სცენაზე განასახიერებს. გრინტი „Harry Potter and the Cursed Child“-ის დასს შეუერთდება და რონის როლს თეატრის სცენაზე 17 კვირის განმავლობაში შეასრულებს.

მსახიობის პირველი წარმოდგენა ნიუ-იორკის Lyric Theatre-ში 2027 წლის 2 თებერვალს გაიმართება. 

Portrait of Harry Potter and Ron Weasley

„Harry Potter and the Cursed Child“-ის მოქმედება „სიკვდილის საჩუქრების“ მოვლენებიდან 19 წლის შემდეგ ვითარდება. ჰარი, რონი და ჰერმიონი უკვე ზრდასრულები არიან და შვილებიც ჰყავთ. ისტორიის ცენტრში კი ახალი თაობაა, მათ შორის ჰარის ვაჟი, ალბუს სევერუს პოტერი და დრაკო მალფოის ვაჟი სკორპიუსი. წარსულის შეცვლის მცდელობა მათ მშობლებს კვლავ ჯადოსნური სამყაროსთვის ბრძოლაში რთავს.

გრინტის თქმით, რონი მისი ცხოვრების ნაწილია მას შემდეგ, რაც ამ როლზე 11 წლის ასაკში დაამტკიცეს. მსახიობისთვის პერსონაჟთან დაბრუნებას ახლა განსხვავებული მნიშვნელობაც აქვს, რადგან თავადაც მამაა და რონსაც ცხოვრების იმავე ეტაპზე განასახიერებს. მისთვის ნაცნობი პერსონაჟი ამჯერად ზრდასრული კაცისა და მშობლის გამოცდილებით უნდა წარმოაჩინოს.

Rupert Grint

რუპერტ გრინტი „ჰარი პოტერის“ ფილმების მსახიობებიდან მეორეა, რომელიც ბროდვეის დადგმაში საკუთარ როლს უბრუნდება. მანამდე დასს ტომ ფელტონი შეუერთდა, რომელიც დრაკო მალფოის განასახიერებს. მიუხედავად ამისა, მსახიობები სცენაზე ერთად არ გამოჩნდებიან. ფელტონის მონაწილეობით ბოლო სპექტაკლი 2027 წლის 3 იანვარს გაიმართება, გრინტი კი რონის როლში ერთი თვის შემდეგ წარდგება.

tom felton

ზევით