The Diary-ის რედაქცია, დღეს კიდევ ერთ საინტერესო და წარმატებულ დიზაინერ GOGO-ს გაგაცნობთ, რომელიც ქართული ბრენდის, LENAME-ს დამფუძნებელია. ელენე გიორგაძემ თავისი დიზაინებით თანამედროვე ქალურობის ახალი განსაზღვრება შემოგვთავაზა. LENAME-ს კოლექციები კლასიკური სტილის, თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნილებების ნაზავით გამოირჩევა. ელენეს შემოქმედებაში შევხვდებით Over size, თუმცა ქალური სილუეტებით გამოყვანილ პიჯაკებსა და კაბებს. დიზაინერი სამოსისთვის განსხვავებულ ფორმებსა და საინტერესო ფერების პალიტრას არჩევს, შედეგად კი, გემოვნებიან და დახვეწილ დიზაინს ქმნის, რომლის ჩაცმაც, შეუძლებელია ოდესმე მოგბეზრდეს.
ელენე გიორგაძე
როდის შეიქმნა LENAME და რა გავლენა მოახდინა ბრენდზე საკუთარმა სტილმა?
ელენე: არ მახსოვს რომელი წლიდან, მაგრამ ალბათ მას შემდეგ, რაც ზოგადად სამყაროს აღქმა დავიწყე, ვხედავდი, როგორ იქსოვებოდა ქსოვილები უზარმაზარ დანადგარებზე და შემდეგ როგორ იქმნებოდა ამ ქსოვილებისგან სამოსი. წარმოების პროცესის თითქმის ყველა დეტალი მახსოვს, რადგან ამ ყველაფერს ბებიასთან ერთად ვაკვირდებოდი, რომელიც თითქმის 40 წელი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაბრიკის მთავარი ტექნოლოგი იყო.
ალბათ, ამ შთაგონების შედეგია ჩემი ხასიათი, სტილი და შემდეგ უკვე LENAME, რაც ამ პროცესისგან მივიღე. ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, თავიდან ბოლომდე ჩემი ემოციის გამოხატულებაა. სამწუხაროდ, ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც ხელოვნების თითქმის ყველა სფერო ბიზნესად გადაიქცა და გვინდა თუ არ გვინდა, რაღაც დოზით მაინც გვიწევს მოვერგოთ ამ გარემოს.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, მართლა არ მახსენდება არცერთი კოლექცია ან ნივთი, რომელშიც ჩემი სტილისა თუ ხასიათის პატარა ნაწილი მაინც არ დევს. ალბათ ათობით აწყობილი და დასრულებული ნამუშევარი გადამიდია გვერდით, რომლებშიც საკუთარი თავი ვერ მიპოვია და მითქვამს, რომ ამას მე არ ჩავიცვამ, ეს ჩემი არ არის.
როგორი ქალისთვის იქმნება LENAME?
ელენე: არასდროს ვფიქრობ ქალის ერთ კონკრეტულ ტიპაჟზე. ყველა კოლექცია ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია, ისევე როგორც ყველა ქალი, თავისი ხასიათით, სტილით და იდენტობით. იქმნება მათთვის ვისაც უნდა წვეულებებზე მივიდეს ჯინსით და მამაკაცის პიჯაკით და მათთვის, ვისაც ოფისში ლამაზი კაბით სიარული ანიჭებს სიამოვნებას. რაც დანამდვილებით ვიცი, ეს არის ქალი, რომელმაც იცის რა უნდა, რომელსაც აქვს საკუთარი, თუნდაც პატარა ადგილი ამ სამყაროში და არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობენ მასზე სხვები.
რა არის LENAME-ს ბრენდის ფილოსოფია?
ელენე: ვფიქრობ, რომ Lename-ს, ფერებით, სილუეტებით, ხელნაკეთი დეტალებით და, რაც მთავარია, ხარისხით საკმაოდ დამახასიათებელი ესთეტიკა აქვს. ეს არ არის მასიური წარმოების პროდუქტი, არამედ თითოეული მოდელი ჩვენს ატელიეში ხელით იქმნება და ყველა მათგანში უდიდესი შრომა და სიყვარულია ჩადებული. ასევე, მნიშვნელოვანია ბრენდის მდგრადობისადმი ორიენტირებულობა.
ვცდილობ, რომ შევქმნა ისეთი კოლექციები, რომლებიც ძალიან ბევრი წელი იქნება ქალების გარდერობში და არასდროს დაკარგავენ აქტუალობას, თუმცა თითოეულ მათგანს ყოველთვის ექნება თუნდაც ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი დეტალი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება.
LENAME შექმნილია ქალის მიერ და იქმნება ქალებისთვის, როგორ ეხმიანებით თანამედროვე ქალის მოთხოვნებს?
ელენე: დღეს ამ ინდუსტრიაში დიდი კონკურენცია და არჩევანია. მიუხედავად იმისა, რომ ვითვალისწინებ მიმდინარე ტრენდებსა და მომხმარებლის სურვილებს, თანამედროვე ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც კომფორტი და ხარისხია. შესაბამისად ვცდილობ სინთეზში იყოს ყველა ეს დეტალი, და ვფიქრობ საკმაოდ კარგად გამოგვდის, რაც შემდეგ კმაყოფილი და ერთგული მომხმარებლების რაოდენობაზე აისახება. წარმოუდგენელია დღეს ქმნიდე სამოსს, რომელიც ორიენტირებულია მდგრადობაზე და ამავე დროს იყოს უხარისხო.
რა გამოწვევების წინაშე დგახართ, როგორც ახალგაზრდა ქალი მოდის სამყაროში და როგორ უმკლავდებით მათ?
ელენე: გამოწვევების სიმრავლე, სიმართლე რომ გითხრათ, სწორედ წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელია. მათი რიცხვი ნამდვილად დიდია. დღევანდელი მოდის მრავალფეროვან ბაზარზე ერთ-ერთ სირთულეს სწორედ უნიკალურობა და საკუთარი ნიშის შენარჩუნება წარმოადგენს. მთავარი ამოცანაა იდენტობისა და ბაზრის მოთხოვნების სწორი სინთეზი.
ტექნიკურ წინაღობებსაც შევეხები, რომლებიც ჩვენი ნამუშევრების შექმნის პროცესში გვხვდება. მათ შორისაა ხარისხიანი მასალის მოძიება, კვალიფიციური და გამოცდილი გუნდი, იმგვარად, რომ საბოლოო პროდუქტის ფასი ბრენდის ერთგული მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი დარჩეს. მიუხედავად ამისა, LENAME-ს მრავალწლიანი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს გავუმკლავდეთ ბაზარზე არსებულ ცვლად გამოწვევებს და ვუპასუხოთ სიახლეებს იმგვარად, რომ ბრენდის იდენტობა და ხარისხი უცვლელი დარჩეს.
რა გეგმები აქვს LENAME-ს?
ელენე: ამ ეტაპზე ვმუშაობთ ერთ-ერთ უცხოურ შოურუმთან და E-commerce პლატფორმასთან თანამშრომლობაზე. ასევე, სამომავლო გეგმაში გვაქვს პრემიუმ ხარისხის აქსესუარების ხაზის დამატება.
სამკაულის ბრენდი „ქრონოსი“ საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის განსხეულებაა. ისტორია, რომელიც მუზეუმებში ინახება, ბრენდის მთავარი შთაგონებაა. აქ ყოველი დიზაინი თავისი ამბით გამოირჩევა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, საკუთარი ქვეყნის ისტორიის ნაწილი ატაროს.
ქართული ბრენდი Di Berbera დახვეწილობასა და ელეგანტურობას ყოველდღიურობის ნაწილად აქცევს. TheDiary-სთან ინტერვიუში ბრენდი დამფუძნებელი, დიანა ბერბერაშვილი Di Berbera-ს შექმნის ისტორიაზე, ხარისხის სტანდარტებსა და მომავალ კოლექციაზე გვიყვება.
ALLIE ქართულ მოდაში თამამი სილუეტებით, ვინტაჟური ელფერითა და ელეგანტურობით გამოირჩევა. ბრენდის დამფუძნებელი ქართველი GOGO ელენე მიქავაა, რომლის კრეატიული ხედვა ქალის სიძლიერესა და სინაზეს უნიკალურ სტილში აერთიანებს.