ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.
სუნამოს ტარების კულტურა შეიცვალა და ამ ცვლილებაში ერთ ერთი მთავარი როლი სწორედ layering-ს ეკუთვნის. ერთი სუნამო და ერთი სურნელი მთელი ცხოვრების განმავლობაში უკვე მეოცე საუკუნის წესია, baby. დღეს, იქნება ეს სუნამო თუ სამოსი, მთავარი აღარ არის მხოლოდ ის, რას ირჩევ, არამედ ის, რას სძენ მას საკუთარი მხრიდან. სწორედ აქ იწყება სტილისა და ინდივიდუალობის ფორმირება. პარფიუმერი ქმნის სუნამოს, მაგრამ შენს ნამდვილ სურნელს საბოლოოდ შენვე ქმნი.
სწორედ ამიტომ იქცა perfume layering თანამედროვე სურნელოვანი კულტურის ერთ ერთ ყველაზე საინტერესო მიმართულებად. თამაედროვე ადამიანი რამდენიმე არომატს ერთმანეთს უხამებს, რათა განწყობის, სეზონისა და გარემოების მიხედვით მიიღოს უფრო მკვეთრი, უფრო რბილი, უფრო თბილი ან უფრო ექსკლუზიური შედეგი.
პარფიუმერი ქმნის სუნამოს, მაგრამ ნამდვილ სურნელს საბოლოოდ თავად შენვე ქმნი.
ლეიერინგში ახალი არაფერია. მისი ფესვები ახლო აღმოსავლეთშია, სადაც სურნელების შერწყმა დიდი ხანია ტრადიციის ნაწილია. ამიტომ ის, რაც დღეს დასავლურ პარფიუმერიულ კულტურაში ახალ ტენდენციად მიიჩნევა, სინამდვილეში სუნამოს ტარების ძველი პრაქტიკის გაგრძელებაა.
ლეიერინგის აქტუალობა სწორედ არჩევანის თავისუფლებაშია. სურნელს აღარ მოეთხოვება, რომ უცვლელი იყოს და ერთდროულად შენიც იყოს, მარისიც, ლორასიც და მაშასიც. სუნამო შეიძლება იცვლებოდეს დღის მონაკვეთის, სამოსის, ამინდისა თუ განწყობის მიხედვით. ციტრუსოვანმა ნოტმა შეიძლება მძიმე ყვავილოვანი არომატი გაამსუბუქოს. მუშკმა შეიძლება ხის ნოტები უფრო რბილი გახადოს. ვანილმა კი ის სითბო და სირბილე შემატოს კომპოზიციას, რომელიც თავისთავად მეტისმეტად ცივი ან მკვეთრია. ლეიერინგი სუნამოს უფრო მოქნილს ხდის და ამავე დროს უფრო გამორჩეულსაც.
ორი სუნამოს შეხამებისთვის ერთი სწორი ფორმულა არ არსებობს. ზოგს ურჩევნია მსუბუქი არომატით დაიწყოს და შემდეგ უფრო მძიმე სურნელი დაამატოს. სხვები საპირისპირო გზას ირჩევენ. საბოლოოდ, გადამწყვეტი რიგითობა კი არა, წყობაა. ყველაზე კარგი კომბინაციები, როგორც წესი, ორ სურნელს აერთიანებს და არა რამდენიმეს. მათი კომბინაცია ყველაზე კარგად მაშინ მუშაობს, როცა მათ შორის ან საერთო ნოტია, ან მკაფიო კონტრასტი.
ლეიერინგი დიდი ხანია არსებობს, უბრალოდ აქამდე მას ტრენდად ნაკლებად აღვიქვამდით. დღეს კი ის აქტუალური გახდა, რადგან თანამედროვე ადამიანი გაცილებით მეტად ფიქრობს პირად სივრცეზე, პირად არჩევანსა და საკუთარ გამორჩეულობაზე.
სუნამო ინტიმურია. ის ჩვენს ხასიათს, განწყობას და შინაგან ტემპერამენტს ასახავს. ამიტომაც არ შეიძლება, უცვლელი იყოს. გაიხსენეთ, როგორი იყავით თხუთმეტი წლის ასაკში. ნუთუ მაშინ ის მოგწონდათ, რაც დღეს მოგწონთ? და როცა სამოცდათხუთმეტი წლის გახდებით, ნუთუ ისევ იმავე სურნელს აირჩევთ, რასაც ახლა? ადამიანი იცვლება გარემოს, განწყობის, სეზონისა თუ სხვა გარემოებების მიხედვით და მასთან ერთად იცვლება მისი სურნელიც.