TAMRA-ს პერფორმანსი MERCEDES-BENZ FASHION WEEK TBILISI-ზე

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ზე Tamra-მ პოდიუმის ცენტრში საწოლი დადგა, რომლის გარშემოც სურვილის, უარყოფის, სიახლოვისა და ძალადობის ამბავი განვითარდა. ჩვენებაში თითოეულ მონაწილეს საკუთარი ხასიათი და როლი ჰქონდა, კოლექცია კი ამ ისტორიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო.

პერფომანსში მსახიობები, კომიკოსები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მოდელის ამპლუაში დიზაინერი გიორგი ქებურიაც ვიხილეთ. მთავარი პერსონაჟი კი ცნობილმა ფსიქოლოგმა, გიორგი ხატიაშვილმა განასახიერა, რომელიც საწოლში სხვადასხვა მონაწილეს იწვევდა. დასაწყისში მოქმედებას კომიკური ხასიათი ჰქონდა, შემდეგ კი სცენაზე გამოჩნდნენ პერსონაჟები, რომლებსაც სხეულზე ნაკაწრები და თავზე ჭრილობები ჰქონდათ. ფინალში მთავარმა გმირმა კი ერთ-ერთ მათგანს დანა ჩასცა. ჩვენება მოდის ტრადიციულ ჩვენებას არ ჰგავდა.

Tamra, mercedes-benz fashion week Tamra, mercedes-benz fashion week

თამუნა ქარუმიძისთვის კოლექციის შექმნა ყოველთვის კონკრეტული ამბით იწყება. „ტანსაცმელი ჩემს გონებაში თავისთავად არ იქმნება. იდეა ყოველთვის საიდანღაც მოდის. მე მუდმივად ამბავს ვყვები, თითქოს ფილმს ვიღებ. ტანსაცმელზე მუშაობის დროსაც კინოში ვრჩები“, – აღნიშნავს დიზაინერი.

Tamra, mercedes-benz fashion week

კინო ქარუმიძის ძირითადი პროფესიაა. ტანსაცმლის შექმნაც მაშინ დაიწყო, როდესაც სკეიტერებზე ფილმს იღებდა. მან ფილმის მონაწილეებისთვის სამოსი შექმნა, რათა ენახა, როგორ გამოჩნდებოდა ის კადრში და მოძრაობისას.

თავდაპირველად სამოსს თავისუფალ დროს ქმნიდა. თავად ამზადებდა თარგებს და სხვადასხვა ტექნიკას სწავლობდა. მისი თქმით, ხშირად ეუბნებოდნენ, რომ ჩანაფიქრის განხორციელება შეუძლებელი იყო. ქარუმიძეს კი სურდა, თავად სცოდნოდა, როგორ ექცია იდეა რეალურ სამოსად. ამიტომ დიზაინის შესწავლას უფრო მეტი დრო დაუთმო და ასე აღმოჩნდა პირველად 2017 წელს მოდის კვირეულზე. თამუნას თქმით, ეს შემთხვევით მოხდა: სოფო ჭყონიამ მისი ნამუშევრები ნახა და მოდის კვირეულის ფარგლებში ჩვენების გამართვა შესთავაზა. სწორედ მაშინ შეარჩია ბრენდის სახელიც.

tamra mbfw 2027 tamra mbfw 2027

თამუნა ქარუმიძის შემოქმედებაზე გავლენას ახდენს კინო, მუსიკა, ქუჩის კულტურა და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესები. ეს გავლენები ჩანს სამოსშიც. 

„მოდა ხელოვნებაზე მეტად ბიზნესისკენ გადაიხარა, რაც სამწუხაროა. ყოველთვის ვცდილობ, ის ხელოვნებისკენ დავაბრუნო. სწორედ ამიტომ ჩანს ჩემს ბრენდში ამდენი თავისუფლება“, – TAMRA.

Tamra-ს ახალი ჩვენებაც ამ მიდგომას ეფუძნებოდა. სამოსი, მონაწილეები და დადგმა ერთ ამბად გაერთიანდა, რომლის განმარტებაც დიზაინერმა მაყურებელს მიანდო.

Cover ph: დავით ქორიძე
ზევით