ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.
HBO-ს ჰიტის, „ეიფორიას“ ბოლო სეზონში, როგორც იქნა, ქესისა (სიდნი სვინი) და ნეითის (ჯეიკობ ელორდი) ქაოსური და დაძაბული ქორწილის მომსწრენი გავხდით. მიუხედავად იმისა, რომ დრამა ამ სერიალის განუყოფელი ნაწილია, სოციალური ქსელები არა იმდენად სიუჟეტმა, არამედ სტუმრების ჩაცმულობამ ააფეთქა. მიუხედავად იმისა, რომ ქესი და ნეითი, პირდაპირი გაგებით, მოვლენების ეპიცენტრში ისხდნენ, მთავარი ყურადღება მაინც მედისა (ალექსა დემი) და ჯულსის (ჰანთერ შაფერი) კაბებმა მიიპყრო.

მედიმ ყოფილი შეყვარებულისა და ყოფილი საუკეთესო მეგობრის ქორწილისთვის ზურგზე მაქსიმალურად ამოღებული, მწვანე naked-dress შეარჩია.

ჯულსი კი, რომლის წარსულიც ნეითთან და მის ოჯახთან არანაკლებ კომპლექსურია, სრულიად გამჭვირვალე სამოსითა და ზურგზე გიგანტური ბანტით გამოჩნდა. ყველას ზუსტად ისეთი რეაქცია გვქონდა, როგორიც ზედა ფოტოზე მარჯვნივ მჯდომ სტუმარს. ერთი სიტყვით, ეს ცერემონია უფრო შურისძიების აქტს ჰგავდა, ვიდრე ტრადიციულ ქორწილს.

მედიც და ჯულსიც ამ ლუქებით ე.წ. Main Character Energy-ს ასხივებდნენ, პატარძალი კი ყველას დაავიწყდა. „ეიფორიას“ ამ სცენამ კიდევ ერთხელ წამოჭრა რეალურ სამყაროში არსებული მუდმივი თავსატეხი: სად გადის ზღვარი თვითგამოხატვასა და უტაქტობას შორის?
რადგან ქორწილების სეზონი კარსაა მომდგარი, შესაძლოა გაგიჩნდეთ სურვილი, თქვენი შინაგანი მედი პერესი გამოათავისუფლოთ, თუმცა, თუ მასპინძლებთან სამუდამო მტრობა თქვენს გეგმებში არ შედის, არსებობს ეტიკეტის რამდენიმე წესი, რომელიც უნდა დაიცვათ. ჩვენი რედაქცია წარმოგიდგენთ გზამკვლევს იმაზე, თუ რა არ უნდა ჩაიცვათ არასდროს სხვის ქორწილში.
Naked Dress, იგივე შიშველი კაბა
კაბები, რომლებიც სხეულის იმაზე მეტ ნაწილს აჩენს, ვიდრე ფარავს, წითელი ხალიჩისთვის შესანიშნავია, მაგრამ სხვის ქორწილში? აქ უკვე სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ. გავიხსენოთ კენდალ ჯენერი ლორენ პერესის ქორწილში, სადაც სუპერმოდელის შავი, ჭრილებით გაფორმებული კაბა საზოგადოების განსასჯელ თემად იქცა.

გახსოვდეთ, ქორწილი ოფიციალური და ხშირად ოჯახური ღონისძიებაა. როცა თქვენი სამოსი იმაზე მეტ ყურადღებას იქცევს, ვიდრე ცერემონია, ეს უპატივცემულობად აღიქმება.
თეთრი კაბა: დაუწერელი კანონი
ეს საქორწილო ეტიკეტის უკვდავი და უალტერნატივო წესია. თუ პატარძალმა პირდაპირ არ გთხოვათ (მაგალითად, all-white დრესკოდის შემთხვევაში), თეთრ, სპილოსძვლისფერ ან კრემისფერ კაბას ნუ შეარჩევთ ამ დღისთვის. ცნობილ ადამიანებს შორისაც გვახსოვს შემთხვევები, როცა ვარსკვლავებმა თეთრთან მიახლოებული ტონები აირჩიეს, რასაც მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
თუ ეჭვი გეპარებათ, არის თუ არა ფერი ზედმეტად ღია, ე.ი. ის მართლაც ზედმეტად ღიაა.
Funeral Aesthetic: დამწუხრებული სტუმრის იმიჯი
შავი კაბა თანამედროვე ქორწილში სულ უფრო ხშირად გვხვდება, თუმცა ის აუცილებლად უნდა იყოს გაჯერებული სადღესასწაულო ელემენტებით, იქნება ეს სეკინები, მბზინავი ნაჭერი თუ ელეგანტური ჭრილები. თუმცა, თუ თქვენი ლუქი მთლიანად შავია, თანაც მძიმე აქსესუარებით ან შავი ვუალით, თქვენი განწყობა უფრო მეტად გლოვას ასხივებს, ვიდრე ზეიმს.
ზედმეტად დრამატული შავი სამოსი მძიმე ენერგიას ატარებს და მსგავს არჩევანს მოვერიდებოდით. თუ მაინც შავს ირჩევთ, აუცილებლად გაახალისეთ ის ფერადი ფეხსაცმლით, ოქროსფერი სამკაულით ან მაკიაჟით.
ბოლოს კი, არ დაგავიწყდეთ, ქორწილში თქვენ მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ხართ და ამაში ცუდი არაფერია. იყავით ელეგანტური, მაგრამ ნუ ეცდებით პატარძლის დაჩრდილვას.