#კინო

სერიალი ჯონ კენედი უმცროსისა და კეროლინ ბესეტის LOVE STORY-ს შესახებ

გაზიარება:

ჯონ კენედი უმცროსი თავისი დროის ყველაზე სასურველ მამაკაცად ითვლებოდა. 1996 წელს, როდესაც მან კეროლინ ბესეტზე იქორწინა, ეს ამბავი მაშინვე საზოგადოების მთავარ სალაპარაკო თემად იქცა. ბევრისთვის ეს იყო იდეალური წყვილი, ან როგორც დღეს ვიტყოდით, ეპოქის It Couple. თუმცა, 1999 წელს მათი ამბავი ტრაგიკულად დასრულდა.

ჯონ კენედი უმცროსი, კეროლინ ბესეტი, Love Story სერიალი, John F. Kennedy Jr., Carolyn Bessette, Love Story FX series

ამერიკის სამეფო ოჯახად წოდებული კენედებისთვის ტრაგედია უცხო არ იყო. მას შემდეგ, რაც მედიაში კეროლინისა და ჯონის სიყვარულის ამბავი გავრცელდა, ყველა იმედოვნებდა, რომ „კენედების წყევლა“ ჯონს გვერდს აუვლიდა, თუმცა წყვილს ერთად ყოფნა მხოლოდ შვიდ წელს დასცალდა. კეროლინი 33 წლის იყო, ჯონი კი 38-ის, როდესაც მათი თვითმფრინავი ოკეანეში ჩავარდა და ამ ავიაკატასტროფამ ორივე მათგანი იმსხვერპლა.

FX-ის ახალი სერიალი Love Story, რომელიც წიგნზე Once Upon a Time: The Captivating Life of Carolyn Bessette-Kennedy გახლავთ დაფუძნებული, სწორედ ამ შვიდწლიან ურთიერთობაზე მოგვითხრობს გაცნობის პირველი დღეებიდან საბედისწერო ფინალამდე. სერიალს გამოსვლამდე ჰყავდა კრიტიკოსები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ავტორებს, კონორ ჰაინსისა და რაიან მერფის, კენედების ოჯახთან სერიალზე არ უსაუბრიათ. მაგრამ ეს ამბავი იმდენად საინტერესოა, რომ შემქმნელებისთვის კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად უკვე შეგვიძლია ჩავთვალოთ.

ჯონ კენედი უმცროსი, კეროლინ ბესეტი, Love Story სერიალი, John F. Kennedy Jr., Carolyn Bessette, Love Story FX series

ნიუ-იორკის საკულტო წყვილს ეკრანზე პოლ ენტონი კელი და სარა პიჯონი აცოცხლებენ. ნაომი უოტსმა ჟაკლინ კენედი ონასისის როლი მოირგო, ალესანდრო ნივოლა კი კელვინ კლაინის სახით გვევლინება.

სერიალი 1990-იანი წლების მანჰეტენის რიტმზეა აგებული. პროდიუსერმა და რეჟისორმა ეპოქის ესთეტიკა და ხასიათი ზუსტად დაიჭირეს. Love Story ქუჩებში მოძრავი ძველი ავტომობილებითა და 1990-იანების ჰიტებით იდეალურად აცოცხლებს ეპოქას. კოსტიუმების დიზაინერმა რუდი მენსმა კი მაქსიმალური სიზუსტით აღადგინა კეროლინის მინიმალისტური სტილი შავ-თეთრი ესთეტიკა, როლინგები, აბრეშუმის კაბები.

ჯონ კენედი უმცროსი, კეროლინ ბესეტი, Love Story სერიალი, John F. Kennedy Jr., Carolyn Bessette, Love Story FX series

ბევრი დეტალი რეალობას ემთხვევა. მაგალითად, ის ფაქტი, რომ ჯონ კენედის გამოცდაში ჩაჭრა მთელმა მსოფლიომ გაიგო, ნიუ-იორკ პოსტის ცნობილი გარეკანის მეშვეობით, სათაურით „The Hunk Flunks“.

ჯონ კენედი უმცროსი, კეროლინ ბესეტი, Love Story სერიალი, John F. Kennedy Jr., Carolyn Bessette, Love Story FX series

პარალელურად ვეცნობით კეროლინის ისტორიასაც, თუ როგორ დაიწყო მან მუშაობა ბოსტონში, კელვინ კლაინის მაღაზიაში და როგორ გადაინაცვლა ნიუ-იორკის სათავო ოფისში. სერიალი მოდის სამყაროს კულისებშიც გვახედებს, რაც მაყურებლისთვის არანაკლებ საინტერესოა.

ჯონ კენედი უმცროსი, კეროლინ ბესეტი, Love Story სერიალი, John F. Kennedy Jr., Carolyn Bessette, Love Story FX series

წყვილის სერიოზული ურთიერთობა 1994 წელს, ჟაკლინ კენედის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, 1996 წელს კი მათ საიდუმლოდ დაიწერეს ჯვარი. სიუჟეტი ასევე ეხება ჟურნალ „George“-ის დაარსებას, რომლის პირველ ნომერზეც ჯორჯ ვაშინგტონის ფორმაში გამოწყობილი სინდი კროუფორდი გამოჩნდა. ავტორებს არც ის გამორჩენიათ, რომ კეროლინ ბესეტს კეიტ მოსის აღმოჩენაში აქვს წვლილი შეტანილი.

ჯონ კენედი უმცროსი, კეროლინ ბესეტი, Love Story სერიალი, John F. Kennedy Jr., Carolyn Bessette, Love Story FX series

კონორ ჰაინსისა და რაიან მერფის თქმით, მათი მთავარი მიზანი კეროლინის შესახებ არსებული სტერეოტიპების მსხვრევა იყო, რადგან ის ხშირად ხდებოდა გამოცემების უსამართლო თავდასხმის მსხვერპლი.

Love Story სიყვარულის ისტორიის გარდა, ნოსტალგიური მოგზაურობაა მინიმალიზმის ეპოქაში. ის გვახსენებს, თუ რას უსმენდნენ, რომელ კლუბებში დადიოდნენ და რა ეცვათ მათ, ვინც მაშინდელი ნიუ-იორკის კულტურულ ეპიცენტრში ტრიალებდა. სერიალი 9 ეპიზოდისგან შედგება, ჯერჯერობით კი მხოლოდ ოთხია გამოსული, რომელთა ნახვა Hulu-სა და Disney+-ზეა შესაძლებელი.

ზევით