ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.
1996 წელს მსოფლიო რეპ-ლეგენდა, თუფაქ შაკური ლას-ვეგასში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. რეპერი მანქანაში მუსიკალურ პროდიუსერ შუგ ნაითთან ერთად იჯდა. შუქნიშანზე გაჩერებულ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი რეპერი საავადმყოფოში გადაიყვანეს, შაკური 6 დღეში გარდაიცვალა.
2Pac-ის მკვლელობა დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ბნელ და ამოუხსნელ საქმედ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ტრაგედიის მთავარ მიზეზად 1990-იანი წლების East Coast-West Coast რეპერებს შორის დაპირისპირება სახელდება და სავარაუდო მკვლელიც უკვე დაკავებულია, ათწლეულების განმავლობაში მედიაში ჩნდება არაერთი ახალი დეტალი, რომელიც ისრებს ერთი ადამიანისკენ – შონ „დიდი“ კომბსისკენ იშვერს.

კომბსი ამჟამად პროსტიტუციის მიზნით ადამიანების ტრანსპორტირებისთვის ფედერალურ ციხეში 4 წლიან სასჯელს იხდის.
კომბსის დაკავების შემდეგ სოციალურ ქსელებში არაერთი დაუდასტურებელი ბრალდება გავრცელდა. ერთ-ერთი მათგანი ეკუთვნის პირს, რომელიც სამოქალაქო სარჩელში ამტკიცებს, რომ რეპერი თუფაკ შაკურის მკვლელობის საქმეს მსხვერპლთა დასაშინებლად იყენებდა. მოსარჩელის თქმით, გაუპატიურების შემდეგ კომბსი მას გაჩუმების მიზნით დაემუქრა:
თუ 2Pac-ის მოშორება შევძელი, შენი აზრით, შენ რაღას გიზამ? – Puff Daddy.
ეს ციტატა აქტიურად ვრცელდება ონლაინ ფორუმებსა და გამოცემებში, თუმცა ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული ფრაზა არ ფიქსირდება ფედერალური პროკურატურის ოფიციალურ საბრალდებო დასკვნაში. ის მხოლოდ კერძო სამოქალაქო სარჩელის ნაწილია და ამ ეტაპზე ფაქტობრივად დადასტურებული არ არის.

კომბსის იურიდიული გუნდი ამ ვირუსულ ჭორებს ფულის გამოძალვის მცდელობად აფასებს, რაც კომბსის ამჟამინდელი სამართლებრივი კრიზისით მანიპულირებას ისახავს მიზნად. თავად რეპერი კი აცხადებს, რომ თუფაქის სიკვდილი მუსიკალური სამყაროს უდიდესი ტრაგედიაა და მასთან საერთო არაფერი აქვს.
თუფაქსა და კომბსს შორის არსებული კონფლიქტი წლებია განხილვის თემაა. ამ ამბის სათავე არა ლას-ვეგასში, არამედ 1994 წლის ნიუ-იორკში უნდა ვეძებოთ. 1994 წელს Quad Studios ფოიეში თუფაქს თავს დაესხნენ, გაძარცვეს და ხუთჯერ ესროლეს. იმ დროს „დიდი“ და The Notorious B.I.G. შენობის ზედა სართულზე იმყოფებოდნენ. თუფაქი დარწმუნებული იყო, რომ ეს თავდასხმა მისმა „მეგობრებმა“ მოუწყვეს. 1996 წელს შაკურმა ერთ-ერთ ინტერვიუში პირდაპირ მიგვანიშნა კიდეც ამ საქმეში „დიდის“ მონაწილეობაზე.
მჯერა, რომ ასეა. მაქვს მტკიცებულებები, რომელთა გამჟღავნებასაც მთელი მსოფლიოსთვის არ ვაპირებ, – 2Pac
სწორედ ამ ინციდენტმა დაუდო საფუძველი Bad Boy-სა და Death Row-ს შორის საბედისწერო ომს.
დღეს P. Diddy-ს სახელი ყველაზე მწვავედ დუეინ „კიფი დი“ დევისის საქმეში ფიგურირებს. დევისი ერთადერთი ადამიანია, ვისაც თუფაქის მკვლელობაში ოფიციალურად წარედგინა ბრალი. 2024 წელს გასაჯაროებული ჩვენებების თანახმად, დევისი ამტკიცებს, რომ მკვლელობის რეალური დამკვეთი სწორედ შონ კომბსი იყო.

მოტივად ის სახელდება, რომ კომბსი განრისხებული იყო თუფაქის მხრიდან საჯარო დაცინვისა და მუქარების გამო. დევისის თქმით, კომბსი მას ერთ მილიონ დოლარს შეჰპირდა თუფაქ შაკურისა და შუგ ნაითის „თავიდან მოსაცილებლად“.
Netflix-ის დოკუმენტურ სერიალში Sean Combs: The Reckoning, LAPD-ის ყოფილი დეტექტივის, გრეგ კედინგის თქმით, „დიდი“ ყველანაირად ცდილობდა The Notorious B.I.G.-ის, იგივე ბიგი სმოლსის, მკვლელობის გამოძიების შეფერხებას, რადგან იცოდა, რომ ბიგის საქმის გახსნა ავტომატურად დაეხმარებოდა თუფაქის საქმის გამოძიებასაც, რაც კვალს პირდაპირ შონ კომბსთან მიიყვანდა.
Diddy-სთვის თუფაქის მკვლელობის საქმეში ბრალი ოფიციალურად არასოდეს წარუდგენიათ. „კიფი დის“ მომავალი სასამართლო პროცესი კი 2026 წლის თებერვალშია ჩანიშნული, ზოგიერთი წყაროს მიხედვით პროცესმა შესაძლოა აგვისტოშიც გადაინაცვლოს. სავარაუდოდ, ამ პროცესის შემდეგ გახდება ცხადი, აქვს თუ არა პირდაპირი კავშირი შონ კომბს ერთ დროს თავისი მეგობრის, შაკურის მკვლელობასთან.