Balenciaga-ს მაღალი მოდის ჩვენება პარიზში

მოდის სამყაროში დღეს ერთი ფრაზა გაჟღერდა, რამაც დაგვაფიქრა: „Balenciaga დაბრუნდა“. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბრენდში დემნა გვასალიას კვალი იშლება, ექსპერიმენტების დრო სრულდება და ბრენდი კვლავ კრისტობალ ბალენსიაგას ფესვებს უბრუნდება?

დემნას Balenciaga იმ პერიოდის ზუსტი ანარეკლი იყო – ირონიული, ზოგჯერ უხეში და ხშირად პროვოკაციული. მან ბრენდი ქუჩის კულტურასთან, ყოველდღიურობასთან, ციფრულ ეპოქასთან და იმ რეალობასთან დააკავშირა, სადაც მოდა მხოლოდ ესთეტიკა აღარ არის. დემნას Balenciaga სხვანაირი იყო: ნაკლებად რომანტიკული, მეტად კონცეპტუალური. ზოგჯერ რთულად მისაღები, მაგრამ ყოველთვის შესამჩნევი.

balenciaga by demna balenciaga by demna
დემნას კუტიურ კოლექცია Balenciaga Fall 2025 Couture
 

პიერპაოლო პიჩოლის ერა Balenciaga-ში კი სულ სხვა განწყობით დაიწყო. მისი მაღალი მოდის პირველი კოლექცია პარიზში, Cité internationale universitaire-ის ბაღებში გაიმართა და თითქოს პასუხია კითხვაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს Balenciaga დემნას შემდეგ. პიჩოლის პასუხი რომანტიკულია, მაგრამ არა სენტიმენტალური. მის კოლექციაში ვიხილეთ ლავანდისფერი ბლუზა, ქლიავისფერი ფოჩებიანი ქვედაბოლო, ლიმონისფერი სეკინის კაბა – როგორც Valentino-ში, აქაც პიჩოლიმ ფერი ემოციად აქცია.

balenciaga

კრისტობალ ბალენსიაგას გავლენა სილუეტებსა და კონსტრუქციაში იგრძნობა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ კოლექცია წარსულის პირდაპირ გამეორებას არ ცდილობს. თეთრი კაბა, ტრენჩები, მოცულობითი საყელოები, ფოჩები, ბუმბული, გრძელი ხელთათმანები – ეს ყველაფერი ბრენდის არქივებს გვახსენებს, მაგრამ პიჩოლის ხელში უფრო თანამედროვე ფორმას იძენს.

balenciaga balenciaga couture 2026

ჯიჯი ჰადიდის ლუქიც ამ კოლექციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. ეს ლუქი თითქოს მოკლედ აღწერს ახალ Balenciaga-ს: ნაკლები პროვოკაცია, მეტი ფორმა; ნაკლები ხმაური, მეტი ხელობა.

გიგი ჰადიდი ბალენსიაგა

ფინალური კაბა ბალენსიაგას არქივზე ყველაზე პირდაპირი მინიშნებაა, თუმცა სწორედ აქ ჩანს პიჩოლის მთავარი იდეა: ბრენდი წარსულში არ დააბრუნოს, მაგრამ მისი ფესვები და ისტორია ახალი კოლექციების ინსპირაციის მთავარ წყაროდ აქციოს.

balenciaga, wedding dress balenciaga haute couture 2026, paris

ამიტომაც, როდესაც ვამბობთ, რომ Balenciaga დაბრუნდა, ეს დემნას წაშლას არ ნიშნავს. დემნამ ბრენდს ახალი ენერგია მისცა და თანამედროვე კულტურის ნაწილად აქცია. პიჩოლი კი, როგორც ჩანს, ამ ხმაურის შემდეგ სხვა მნიშვნელოვან მხარეს წამოსწევს წინ – ატელიეს, თარგს, ფერსა და ხელობას.

balenciaga

დემნას შემდეგ Balenciaga იგივე აღარ არის და აღარც იქნება, თუმცა არც ძველ სახეს დაბრუნებია. პიჩოლის პირველმა მაღალი მოდის კოლექციამ აჩვენა, რომ ბრენდის ახალი თავი შეიძლება ნაკლებად ხმაურიანი იყოს, მაგრამ უფრო დახვეწილი, უფრო რომანტიკული და უფრო ახლოს კრისტობალ ბალენსიაგას თავდაპირველ იდეასთან.

პიერ პიჩოლი ბალენსიაგა

ზევით