#მოდა

მოდა, როგორც აზერბაიჯანის იდენტობის სარკე: ლეილა იმანოვა MBFW-ის ექსპოზიციის შესახებ

გაზიარება:

15-17 მაისს ბაქომ მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულს პირველად უმასპინძლა. ღონისძიებაზე სხვადასხვა წარმოშობის, მათ შორის ქართველმა დიზაინერებმა თავიანთი კოლექციები წარადგინეს. კვირეულის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იყო აზერბაიჯანელი დიზაინერის ნამუშევრების ექსპოზიცია, რომლის კურატორი დიზაინერი ლეილა იმანოვა გახლდათ. The Diary-სთან ინტერვიუში ლეილა გამოფენის კონცეფციაზე, მის კულტურულ მნიშვნელობასა და იდეის განხორციელების პროცესზე გვესაუბრება.

ლეილა იმანოვა, მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული აზერბაიჯანში

ლეილა, როგორ გაჩნდა ამ ექსპოზიციის იდეა და რა ამბის მოყოლა გსურდათ მისი მეშვეობით?

ლეილა: გამომდინარე იქიდან, რომ MBFW უპირველესად საერთაშორისო პლატფორმაა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ფართო აუდიტორიისთვის ადგილობრივი დიზაინის დონე გაგვეცნო და ყურადღების ცენტრში აზერბაიჯანული ბრენდები დაგვეყენებინა. სწორედ ამ მიზნით შევქმენით სპეციალური სივრცე, მოდა & ხელოვნება, რომელიც აზერბაიჯანელ დიზაინერებს მიეძღვნა.

 მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული აზერბაიჯანში, MBFW Azerbaijan

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ექსპოზიცია მთელი კვირეულის განმავლობაში დაეთვალიერებინათ. გამოფენას ამშვენებდა თანამედროვე მხატვრის, ელნარა ნასირლის ნამუშევარი, რომელიც მკვეთრად უსვამს ხაზს მოდასა და ხელოვნებას შორის ცოცხალ კავშირს. ამ გამოფენით გვსურდა აზერბაიჯანული დიზაინის სიმდიდრის, მრავალფეროვნებისა და კრეატიულობის შესახებ მოგვეთხრო და გვეჩვენებინა, თუ რამდენად ორგანულად ინტეგრირდება ის გლობალური მოდის სივრცეში.

Muse Me,  მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული აზრბაიჯანში, MBFW Azerbaijan
დიზაინერ Muse Me-ს დიზაინი

რახან აზერბაიჯანი მრავალფეროვანი ქვეყანაა, რომელი კულტურული, ისტორიული თუ თანამედროვე ელემენტები გსურდათ ასახულიყო შერჩეული დიზაინერების ნამუშევრებში?

ლეილა: გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სტილის მქონე დიზაინერები. ზოგიერთი თავის ნამუშევრებში ტრადიციულ ელემენტებს იყენებს, ზოგი კი სრულიად თანამედროვე დიზაინს ქმნის. ეს მრავალფეროვნება დღევანდელი აზერბაიჯანის არსს ირეკლავს. აზერბაიჯანი არის ქვეყანა, რომელიც თანამედროვე და სწრაფად განვითარებადია, მაგრამ ყოველთვის პატივს სცემს ტრადიციებსა და კულტურულ მემკვიდრეობას.

Sameera, მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული აზერბაიჯანში, MBFW Azerbaijan
დიზაინერ Sameera-ს დიზაინი

ექსპოზიციაც სწორედ იმას უსვამდა ხაზს, თუ როგორი მრავალფეროვანი ბუნება აქვს აზერბაიჯანულ იდენტობას, სადაც ინოვაცია ტრადიციებს ერწყმის. საბოლოო ჯამში კი, იმედი გვაქვს მოვახერხეთ აზერბაიჯანის დინამიკური მოდა გვეჩვენებინა და კულტურული გამოხატვისა და ინოვაციების შესახებ ახალი დიალოგისთვის დაგვედო საფუძველი.

Natavan Aliyeva, მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული აზერბაიჯანში, MBFW Azerbaijan
დიზაინერ Natavan Aliyeva-ს დიზაინი

როგორ შეარჩიეთ დიზაინერები და როგორ წარმოაჩენს თითოეული მათგანი აზერბაიჯანულ მოდას?

ლეილა: დიზაინერები ძალიან ბევრი ფიქრის შედეგად შევარჩიეთ, მთავარი მიზანი კი ერთმანეთისგან განსხვავებული ხელოვანების წარმოჩენა იყო. წარმოდგენილი ბრენდებიდან ზოგიერთმა დიდი ხანია დაიმკვიდრა თავი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. სხვები კი მოდის სამყაროში ახლა იდგამენ ფეხს და ახალი ენერგია შემოაქვთ. ზოგიერთი მათგანი შთაგონებას წარსულიდან იღებს, სხვები თანამედროვეობაში პოულობენ ინსპირაციას. თითოეულ მათგანს კი უნიკალურს ის ხდის, რომ აზერბაიჯანული კულტურისა და შემოქმედების სხვადასხვა ასპექტების წარმოჩენა შეუძლიათ.

The Tothu, მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული აზერბაიჯანში, MBFW Azerbaijan
დიზაინერ The Tothu-ს დიზაინი

როგორ შეაფასებდით დღევანდელ სამყაროში ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში მოდის როლს?

ლეილა: მოდა მნიშვნელოვან როლს თამაშობს თანამედროვე სამყაროში, რადგან ის კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციებისა და ღირებულებების გამოხატვის იდეალური საშუალებაა. მოდის მეშვეობით ვეცნობით სხვადასხვა ქვეყნის უნიკალურ ხელოვნებას, სიმბოლოებსა და ისტორიებს, რომლებიც ეროვნული იდენტობის ნაწილია. ამის მაგალითებია იაპონური კიმონო, სარონგი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან თუ ქეფიე ახლო აღმოსავლეთიდან. ეს სამოსი მხოლოდ ყოველდღიური მოხმარებისთვის არ იქმნება – ისინი კულტურული ისტორიისა და იდენტობის სიმბოლოებია. ხშირად ვხედავთ, თუ როგორ იყენებენ ცნობილი დიზაინერები ტრადიციულ ელემენტებს თავიანთ კოლექციებში. გამომდინარე აქედან, მოდა საზოგადოებებს საშუალებას აძლევს, გაგვაცნონ თავიანთი წარსული და თან ფეხი აუწყონ განვითარებას. ამ გზით ისინი კულტურულ იდენტობას აქტუალობას უნარჩუნებენ და თანამედროვე სამყაროსთანაც აკავშირებენ.

ზევით