რეტინოლი და კოლაგენი – პროდუქტები იდეალური კანისთვის
ვიტამინი A ცნობილია როგორც კანისა და თმის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტი. სტატია მიმოიხილავს ვიტამინით A მდიდარ საკვებ პროდუქტებს და მის როლს სილამაზისა და ჯანმრთელობის სფეროში.
ცოტა ხნით, თითქოს დრო გაჩერდა და სამყარომ ჰაერში ლივლივი დაიწყო - შანელმა გაზაფხულის იტალიაში გადაღებულ ფილმში გვამოგზაურა. ეს იყო კოლექცია, რომელიც ჩემოდნის ჩალაგებას, ზაფხულის რომანსა და პლაჟზე, ქოლგის ქვეშ წიგნის კითხვას მოგვანდომებს.
Lake Como Cruise - იშვიათი მომენტია, რომელიც მხოლოდ შანელის ხელწერით თუ შეიქმნებოდა. მზის სხივებით გაჯერებულ შუადღეს, ლაჟვარდოვანი კომოს ტბის ფონზე, ფრანგულმა მოდის სახლმა თავისი 2025/26 წლის კრუიზის კოლექცია წარადგინა.
ჩვენება ლეგენდარულ Villa d’Este-ში გაიმართა – XIV საუკუნის რენესანსული არქიტექტურის სასახლეში, რომელიც მთელი თავისი დიდებულებით შანელის ესთეტიკას მასპინძლობდა. სასახლე ერთდროულად შთაგონების წყაროც იყო და სცენაც – დამუხტული ელეგანტურობით, სიმშვიდითა და ნოსტალგიური ატმოსფეროთი.
უკვე ცნობილია, რომ შანელის კრეატიული დირექტორობა მეთიუ ბლეიზმა შეითავსა, რომლის სადებიუტო კოლექციას ოქტომბერში ვიხილავთ. კრუიზ შოუ კი შანელის შემოქმედებითმა ჯგუფმა ერთობლივი ძალებით შექმნა. შოუ მთლიანად მიეძღვნა იტალიას და ცხოვრების სიმსუბუქეს.
![]()
|
|
ჩვენებაზე სულ 69 ლუქი იყო წარმოდგენილი და თითოეული მათგანი La dolce vita-ს – ელეგანტურობისა და კონსერვატიული მოდის გამოძახილი იყო. ფერთა პალიტრა პასტელური და სინათლით გაჯერებული ტონებით გამოირჩეოდა. ვიხილეთ ღია მწვანე, ლიმონისფერი, ვარდისფერი, კლასიკური შავი და თეთრი ტონალობები.
აქსესუარებში ბრწყინავდა დიდი ზომის სამკაულები, პრიალა ხელთათმანები, აბრეშუმის შარფები და შავი სათვალეები. ცალკე უნდა ვისაუბროთ დახვეწილ, ზაფხულისთვის იდეალურ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზეც, რომლებიც კოლექციაში სხვადასხვა ფერში ვიხილეთ.
შანელის ზღაპრული შოუს ნაწილი იყვნენ ქართველი მოდელები მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი. მატილდამ ვარდისფერი დეტალებით გაფორმებული თეთრი ლუქი მოირგო, ხელში კი ასევე ვარდისფერი ჩანთა ეკავა. ნასტასიას კი ფრანგულმა მოდის სახლმა სრულიად შავი ლუქი შეურჩია, შავი სათვალეებითა და ოქროს დიდი საყურეებით.
ამ კოლექციით ფრანგულმა მოდის სახლმა შეძლო გაბრიელ კოკო შანელის იტალიისადმი უდიდესი სიყვარულის ჩვენება. კოკო შანელი იტალიაზე შეყვარებული მაშინ გახდა, როცა 1920 წელს ვენეციას მეგობრებთან ერთად ესტუმრა. პარიზელი დიზაინერის შემდეგი ვიზიტი იტალიაში უკვე 1930-იან წლებში შედგა, მასპინძელი კი ლეგენდარული რეჟისორი ლუკინო ვისკონტი და მისი ოჯახი იყო. მათ დიზაინერს კომოს ტბაზე მდებარე ვილა ერბაში უმასპინძლეს. ვისკონტისა და შანელის შემოქმედებითი გზები არაერთხელ გადაკვეთილა – შანელმა ვისკონტის ფილმში Boccaccio ’70 თავად რომი შნაიდერი შემოსა. სწორედ შნაიდერის ვარცხნილობის ინსპირაცია იგრძნობოდა Chanel Cruise 2025/26 კოლექციის შოუს დამაგვირგვინებელ ლუქში.
კოლექციის შექმნაში მონაწილეობა ადგილობრივმა იტალიურმა ატელიეებმაც მიიღეს, მაგალითად Mantero-მ აბრეშუმით მოამარაგა ბრენდი. შანელისთვის განსაკუთრებული არტიზანები ყოველთვის იყვნენ იტალიელები. კოკომ ყველაზე კარგად იცოდა, თუ როგორ ეპოვა ევროპის გარშემო საუკეთესო ოსტატები.
შანელისთვის ეს კოლექცია რბილი და ჰაეროვანი გადასვლაა ახალ ეპოქაში, რომელიც ბლეიზის დებიუტით იწყება და რომლის გაგრძელებასაც მთელი მოდის სამყარო სუნთქვაშეკრული ელის.