სახელგანთქმულმა სიმო პორტ ჟაკმუსმა, ჩვენებებისთვის შთამბეჭდავი ლოკაციების შერჩევით კიდევ ერთ არქიტექტურულ საოცრებას მიაგნო. Jacquemus-ის 15 წლის იუბილეს აღსანიშნავად, დიზაინერმა ხმელთაშუა ზღვაში, კაპრის კლდეზე ნაშენებ Casa Malaparte-ს მიაკვლია და 10 ივნისის ჩვენება სწორედ აქ ჩანიშნა. როგორც მოდის სახლის წარმომადგენლები იუწყებიან, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც Casa Malaparte მოდურ ჩვენებას უმასპინძლებს.
ექსტრაორდინალური არქიტექტურული ნამუშევარი კაპრის კლდეზე, 1938 წელს რაციონალისტი არქიტექტორის, ადალბერტო ლიბერას მიერ, კურციო მალაპარტესთვის აშენდა. დროის გამოწვევად და მე-20 საუკუნის იტალიური არქიტექტურის მარგალიტად მიჩნეული Casa Malaparte, სრულად ასახავდა მისი ცნობისმოყვარე და წინააღმდეგობრივი მფლობელის ბუნებას. იტალიელი მწერლისა და ჟურნალისტის, კურციო მალაპარტეს, ჩანაფიქრიც ეს იყო, სახლს მისი პიროვნულობა უნდა აერეკლა.
„მინდოდა სახლი არქიტექტურის წესებს მიღმა, სახლი, რომელიც ჩემნაირი იქნებოდა... თავისუფალი, განმარტოებული და გამომწვევი“ - კურციო მალაპარტე.
მიუხედავად იმისა, რომ სალერნოს ყურეში, კაპრის კლდეზე ნაშენები მისტიკური ვილა, ადალბერტო ლიბერას სახელს დაუკავშირდა, ის არანაკლებ იყო თავად კურციო მალაპარტეს არქიტექტურული შედევრი. Casa Malaparte-ს მფლობელი, სრულად იყო ჩართული მშენებლობის პროცესში, ლიბერასა და მალაპარტეს კონფლიქტის შემდეგ კი, კურციომ პირადად გადაიბარა სამუშაოს ხელმძღვანელობა. ვფიქრობთ, Casa Malaparte-ზე საუბრისას, აუცილებია აღინიშნოს მალაპარტეს როლი, რადგან თითოეული მცირე თუ დიდი დეტალი: ვილას ადგილმდებარეობის იდეიდან დაწყებული, ვიზუალით დამთავრებული, სწორედ მისი ნაკარნახევი გახლდათ.
Casa Malaparte-ს არქიტექტურული პროფილი საგრძნობლად უნიკალურია. კიბეები, რომლებიც შებრუნებულ პირამიდას წააგავს, ვილის ცენტრისკენ - ტერასისკენ მიემართება. ეს სანახაობრივი გარე სცენა, თავისი გეომეტრიული სიმყარით, თითქოს ზღვისა და ცის უსასრულო სივრცეს იწვევს დიალოგში. ტერასის სიდიადე სახლის მიმზიდველობის დაუფარავი საიდუმლოა, ადგილი, სადაც მალაპარტე ხშირად ისვენებდა და კიდევ უფრო ხშირად მასპინძლობდა ისეთ სახელოვან მწერლებს, როგორებიც ალბერ კამიუ და ალბერტო მოლავია გახლდნენ.
თუმცა, სახლის საყოველთაო პოპულარობა მხოლოდ მის არქიტექტურულ შთამბეჭდაობას როდი ემყარება. Casa Malaparte-ს უნიკალურობა, ფართო საზოგადოებამ ჟან-ლუკ გოდარის ეკრანიზაცია Le Mépris-დან გაიცნო. მთავარ როლებში ბრიჯიტ ბარდოს და Casa Malaparte-ს მონაწილეობით, ლეგენდარულმა რეჟისორმა მოახერხა ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და ვიზუალურად მომნუსხველი ეკრანიზაციის შექმნა. Casa Malaparte ამ თხრობის მთავარ გმირად ბუნებრივად იქცა.
1957 წელს კურციო მალაპარტეს გარდაცვალების შემდეგ, Casa Malaparte ვანდალიზმის არაერთი შემთხვევის მოწმედ იქცა. შენობის ულამაზესი დეკორატიული ღუმელი ერთ-ერთი შემთხვევის შემდეგ სრულად განადგურდა. 1972 წელს შენობა გადაეცა ჯორჯო რონჩის ფონდს. პირველი რესტრავრაციული სამუშაო აქ 1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანი წლების დასაწყისში ჩატარდა. დღეს, ძეგლის რესტავრაციას, ქველმოქმედი ბიზნესმენების დახმარებით, მალაპარტეს ძმისშვილი, ნიკოლო როსიტანი ახორციელებს. Casa Malaparte-ში შემორჩენილია ავეჯის დიდი ნაწილი. შენობა ღიაა საზოგადოებისთვის მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის და კულტურული ღონისძიებებისთვის.
ცივილიზაციისგან მთლიანად იზოლირებული Casa Malaparte, თავისი ექსპრესიულობით, მოცულობითი ფორმებითა და სიმეტრიული დაგეგმარებით დღემდე ახერხებს მნახველის მოჯადოებას. მხოლოდ წარმოდგენა თუ შეგვიძლია იმის, რისი დატრიალებაც აქ სიმო პორტ ჟაკმუსს 10 ივნისს შეუძლია.