TBILISI OPEN AIR 2026-ის LINE UP-ი ცნობილია

4-5 ივლისს, თბილისის საზაფხულო თავგადასავლების ეპიცენტრი კვლავ ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air იქნება. ფესტივალი, რომლის მთავარი დევიზია „მუსიკა ათავისუფლებს” მსმენელს უკვე ტრადიციად ქცეულ ლოკაციაზე, Lisi Wonderland-ში გვეპატიჟება. წლევანდელი გამოშვება გამორჩეული არა მხოლოდ მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით, არამედ ახალი კოლაბორაციებითა და კონცეპტუალური სივრცეებით იქნება.

წლევანდელ სიახლეებს შორის აღსანიშნავია Zion Garden-ის 10 წლის იუბილე, რომელიც ათწლეულის მანძილზე ფესტივალის საკულტო Psy-ტრანს სცენად ჩამოყალიბდა. ამასთანავე, წელს პირველად, TOA-ს მრავალფეროვან ოჯახს გამორჩეული ენერგიითა და ფერებით MZESUMZIRA-ს სცენა შემოუერთდება.

თბილისი ოფენ ეარი, tbilisi open air 2026, TOA 2026, line up

ვინაიდან ფესტივალი მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად იმართება, ორგანიზატორებმა სპეციალური ზონაც მოაწყვეს, სადაც გულშემატკივრები მერვედფინალურ მატჩებს დიდ ეკრანზე ერთად მიადევნებენ თვალს. მუსიკალურ და სპორტულ მუხტთან ერთად, სტუმრებს Supernatural Wine Festival-ის ფარგლებში საუკეთესო ნატურალური ღვინოების აღმოჩენის შესაძლებლობაც ექნებათ.

საერთაშორისო ლაინაფის ჰედლაინერი წელს ბრიტანული შუგეიზის გავლენიანი ბენდი, Slowdive-ია, რომელიც საქართველოს პირველად ეწვევა. საიუბილეო პროგრამას ასევე ამშვენებენ ბელგიური ტრიპ-ჰოპისა და ორკესტრული პოპის სიმბოლო Hooverphonic, პოსტ-პანკ ბენდი Molchat Doma და შვედი მელანქოლიური ელექტრო-პოპის შემსრულებელი ჯეი-ჯეი იოჰანსონი.

განსაკუთრებულად ველოდებით ექსკლუზიურ პერფორმანსს – Kordz & Security-ს, გორის ქალთა გუნდისა და Mechanical Rainbow-ს კოლაბორაცია. ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს კი MZESUMZIRA-ს სცენაზე Matias Aguayo და Fantastic Man b2b Tornado Wallace დახვდებათ, ხოლო Zion Garden-ის იუბილეს მსოფლიოში ცნობილი პროდიუსერი Ace Ventura დაამშვენებს.

slowdive, თბილისი ოფენ ეარი, tbilisi open air 2026, TOA 2026, line up

ფესტივალის კარები 4 ივლისს, 14:00 საათზე გაიხსნება და ორი დღის განმავლობაში სამ სხვადასხვა სცენაზე უწყვეტ მუსიკალურ მოგზაურობას შესთავაზებს მსმენელს. 4 ივლისს მთავარ სცენაზე დღის კულმინაცია Slowdive-ის გამოსვლა იქნება, ხოლო 5 ივლისს საღამოს Hooverphonic და Kordz-ის პროექტი დაასრულებენ.

Mechanical Rainbow, TheDiary, თბილისი ოფენ ეარი, tbilisi open air 2026, TOA 2026, line up

უკვე დაწყებულია Early Bird აბონემენტების გაყიდვა, სადაც თიბისის მომხმარებლები სპეციალური ფასდაკლებებით სარგებლობენ: სტანდარტული აბონემენტი 105 ლარი ღირს, თუმცა ახალი თიბისი ბარათით მისი შეძენა 84 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო თიბისი კონცეპტ Visa ბარათის მფლობელებისთვის ფასი 78.75 ლარია. აბონემენტების რაოდენობა შეზღუდულია და მათი ამოწურვის შემდეგ გაყიდვაში დღიური ბილეთებიც ჩაეშვება.

TheDiary წლევანდელი TOA-ს მედია პარტნიორია. ასე რომ, ჩვენი რედაქცია ზაფხულის ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულზე, Lisi Wonderland-ში შეგხვდებათ, რადგან მუსიკა ათავისუფლებს!

ზევით