ლიტერატურის მოყვარულების საყვარელი დღეები მოგვიახლოვდა. 23-დან 26 აპრილის ჩათვლით, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის ბაზრობა იმართება. ბაზრობაზე ქართული გამომცემლობა „ინტელექტი“ მკითხველს მრავალფეროვან სიახლეებსა და ინტერაქციულ კონკურსებს სთავაზობს.
გამომცემლობის მთავარი აქცენტი სერიაზე „21-ე საუკუნის პრემირებული წიგნები“ კეთდება, რომლის მისია ქართველი მკითხველისთვის თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშების გაცნობაა.
არსებულ კოლექციას ბაზრობის დღეებში ოთხი ახალი მნიშვნელოვანი გამოცემა შეემატება. მათ შორისაა სალმან რუშდის სამგზის „ბუკერის“ პრემიის მფლობელი კლასიკური რომანი „შუაღამის შვილები“ და შეჰან კარუნატილაკას საერთაშორისო ბესტსელერი „მაალი ალმეიდას შვიდი მთვარე“.
ასევე, მკითხველი პირველად გაეცნობა ჯენი ერპენბეკის აღიარებულ რომანს „დღეების დასასრულს“ და ბანუ მუშთაქის მოთხრობების კრებულს „გულში მოციმციმე ლამპარი“, რომელიც მუსლიმი ქალების ყოფასა და ბრძოლას ასახავს.
ამავე სტენდზე დაგხვდებათ ისეთი ნანატრი გამოცემები, როგორიცაა ზბიგნევ ბზეჟინსკის „დიდი საჭადრაკო დაფა“, ოლდოს ჰაქსლის „წამით გამკრთალი“, დათო გორგილაძის „დაფის მეორე მხარე“ და გიორგი ხულორდავას მიერ ნათარგმნი საადი შირაზელის უკვდავი „ფრაგმენტები ბუსთანიადან“.
ლიტერატურულ სიახლეებთან ერთად, „ინტელექტი“ სტუმრებს გათამაშებებში მონაწილეობასაც სთავაზობს. „წიგნების თაროს“ წამყვანი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, გამოავლენს სამ გამარჯვებულს, რომლებიც 100-ლარიანი ვაუჩერებით და მთავარი პრიზით, AirPods 4 with ANC-ით დასაჩუქრდებიან.
ამასთანავე, გამომცემლობა ვიდეო კონკურსს აცხადებს. მონაწილეობისთვის საჭიროა გადაიღოთ კრეატიული ვიდეო იმ წიგნზე, რომელსაც „ინტელექტისგან“ ყველაზე მეტად ელით და განათავსოთ TikTok-ზე ან Instagram-ზე ჰეშთეგით #intelekti2026. ხუთი საუკეთესო ვიდეოს ავტორი 50-ლარიან ვაუჩერს მიიღებს, ხოლო გამორჩეულ მონაწილეებს შანსი ეძლევათ, გახდნენ გამომცემლობის ელჩები და „ინტელექტის“ გუნდს შეუერთდნენ.