იტალია ზამთრის სპორტის ეპიცენტრია. 6 თებერვალს, მილანის სან სიროს სტადიონზე XXV ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართა. წელს ისტორიაში პირველად, ოლიმპიური ცეცხლი ერთდროულად ორ სხვადასხვა ადგილას აინთო, ხოლო ღონისძიებები მილანთან ერთად კორტინა-დ’ამპეცოში, ლივინიოსა და პრედაცოშიც ჩატარდება.

ცერემონია ამერიკელმა ვარსკვლავმა, მერაია ქერიმ გახსნა. მან იტალიური კლასიკის, 1958 წლის ჰიტის Nel blu, dipinto di blu (Volare) ორიგინალური ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა, რასაც მისი ახალი სიმღერა Nothing Is Impossible მოჰყვა.

ქერიმ სცენა ცოცხალ მუზეუმად აქცია და მაყურებელი იტალიის სხვადასხვა ეპოქაში ამოგზაურა. მომღერალმა აღნიშნა, რომ ამ სცენაზე დგომა მისი ოცნების ასრულება იყო.
ცერემონიის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი ჯორჯო არმანის შემოქმედებას მიეძღვნა. იტალიის დროშის ფერებში შესრულებული არმანის კოსტიუმებით წარმოდგენილ პერფორმანსში ქართველი მოდელი, მაკო მაჭავარიანიც მონაწილეობდა.

სპორტსმენთა აღლუმმა, რომელშიც 92 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2.900-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, მილანის არენა მოიცვა. სცენაზე სიტყვით გამოვიდა ოსკაროსანი მსახიობი შარლიზ თერონი, რომელმაც ნელსონ მანდელას სიტყვებით მშვიდობისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მშვიდობა მხოლოდ კონფლიქტის არარსებობა არ არის. ეს არის გარემო, სადაც ყველას შეუძლია განვითარება, მიუხედავად რასის, რწმენის, გენდერისა თუ სოციალური კლასისა.
ღონისძიების კულმინაცია იტალიელი ტენორის, ანდრია ბოჩელის შესრულება გახლდათ. მომღერალმა ჯაკომო პუჩინის შედევრი Nessun Dorma შეასრულა.

პრეზიდენტი სერჯო მატარელა სან სიროზე საპრეზიდენტო ავტოკოლონის ნაცვლად, მილანის სიმბოლოდ ქცეული ისტორიული ნარინჯისფერი ტრამვაით მივიდა, რომელსაც მოტოსპორტის ლეგენდა, ვალენტინო როსი მართავდა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პირველი ქალი პრეზიდენტის, კირსტი კოვენტრის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, მატარელამ 22:51 საათზე XXV ზამთრის ოლიმპიური თამაშები გახსნილად გამოაცხადა.
კორტინაში ალი სოფია გოჯიამ აანთო, მილანში კი ეს პატივი ალბერტო ტომბასა და დებორა კომპანიონის ხვდათ წილად. ასე რომ, XXV ზამთრის ოლიმპიური თამაშები დაწყებულია, წინ დიდი გამარჯვებების 16 დღე გველის.