ბეკჰემების ოჯახის გარშემო არსებული მრავალწლიანი ჭორები საჯარო დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფეხბურთის ვარსკვლავის, დეივიდ ბეკჰემისა და დიზაინერ ვიქტორია ბეკჰემის უფროსმა შვილმა, ბრუკლინმა, სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მშობლებს მის პირად ცხოვრებაში გადაჭარბებულ ჩარევაში ადანაშაულებს.
მე არ მსურს ოჯახთან შერიგება. ჩემზე არავინ ახდენს გავლენას, პირიქით ცხოვრებაში პირველად შევძელი საკუთარი თავის დაცვა, – ბრუკლინ ბეკჰემი.
26 წლის ბრუკლინმა Instagram-ის მეშვეობით განაცხადა, რომ ოჯახთან ურთიერთობას საბოლოოდ წყვეტს. მისი თქმით, წლების განმავლობაში მისი პირადი ცხოვრება „ბრენდი ბეკჰემის“ იმიჯის შესანარჩუნებლად გამოიყენებოდა, რაც მის მენტალურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახა.
Ph: Samir Hussein/WireImage
ბრუკლინის განცხადებაში რამდენიმე საკვანძო ეპიზოდია გამოყოფილი, რომლებიც მეუღლესთან, ნიკოლა პელტცთან ურთიერთობას უკავშირდება. ბრუკლინმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვიქტორია ბეკჰემმა ნიკოლასთვის საქორწილო კაბის შეკერვა ბოლო მომენტში გადაიფიქრა, რის გამოც პატარძალს ახალი კაბის სასწრაფოდ მოძიება დასჭირდა. ბრუკლინი ასევე იხსენებს, რომ საქორწილო წვეულებაზე ვიქტორიამ ფაქტობრივად ჩაშალა ახალდაქორწინებულების პირველი ცეკვა და შვილთან თავად იცეკვა, რაც ბრუკლინმა საჯარო დამცირებად აღიქვა.
მარკ ანტონიმ დამიძახა, რომ სცენაზე გავსულიყავი, 500 სტუმრის წინაშე, გეგმის მიხედვით, ჩემს მეუღლესთან ერთად რომანტიკული ცეკვა უნდა შემესრულებინა, თუმცა სცენაზე დედაჩემი დამხვდა. მან ყველას წინაშე ჩემთან ძალიან შეუფერებლად იცეკვა, – ბრუკლინ ბეკჰემი.
ქორწილზე მომხდარი აღნიშნული ინციდენტის შესახებ მედია ადრეც წერდა და მომხდარის ორი განსხვავებული ვერსია ვრცელდებოდა. პირველი წყაროს თანახმად, ბეკჰემების ოჯახის მეგობარმა, მომღერალმა მარკ ანტონიმ, სცენაზე ცეკვის შესასრულებლად ბრუკლინი და „ამ ოთახში ყველაზე ლამაზი ქალი, ვიქტორია ბეკჰემი“ იხმო, რამაც ნიკოლა გაანაწყენა. მეორე ვერსიით კი, მომხდარი სულაც არ ყოფილა დრამატული, რადგან ბრუკლინს და ნიკოლას თავიანთი საქორწილო ცეკვა საღამოს დასაწყისშივე უკვე შესრულებული ჰქონდათ.
ბრუკლინი წერილში დეივიდ ბეკჰემის 50 წლის იუბილეზეც საუბრობს. ბრუკლინი და ნიკოლა ლონდონში სპეციალურად ამ დღისთვის ჩავიდნენ, თუმცა დეივიდმა მათთან დროის გატარებაზე უარი თქვა და ის მხოლოდ დიდ წვეულებაზე, კამერების წინ შეხვედრას დასთანხმდა, ან ბრუკლინთან განმარტოებას ნიკოლას გარეშე. საბოლოოდ, გავრცელებულ ფოტოებში, სადაც ბეკჰემების დანარჩენი ვაჟები, რომეო და კრუზი, შეყვარებულებთან ერთად ჩანდნენ, ბრუკლინი და ნიკოლა საერთოდ არ ფიგურირებდნენ.
ამ ყველაფერს კი ისიც დაემატა, რომ 2024 წლის ნოემბრიდან, რომეო ბეკჰემი ბრუკლინის ყოფილ შეყვარებულს, კიმ ტერნბულს ხვდებოდა. სწორედ კიმთან ერთად ესწრებოდა რომეო მამის 50 წლის იუბილეს.
დედაჩემი გამუდმებით ცდილობდა, ჩემს ცხოვრებაში ყოფილი შეყვარებულები დაებრუნებინა, იმ მიზნით, რომ მე და ჩემი მეუღლე უხერხულ მდგომარეობაში ჩავეყენებინეთ, – ბრუკლინ ბეკჰემი.
2025 წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეივიდმა და ვიქტორიამ ბრუკლინი ინსტაგრამზე „გამოწერილთა“ სიიდან (unfollow) ამოშალეს. ამას კრუზ ბეკჰემი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ სინამდვილეში ბრუკლინმა თავად დაბლოკა მშობლები სოციალურ ქსელში.
ამ დაპირისპირების ეპიცენტრშია ნიკოლას პელტც ბეკჰემიც. 31 წლის ნიკოლა მსახიობი, სცენარისტი, რეჟისორი და ცხოველთა უფლებების დამცველია. მიუხედავად იმისა, რომ ბეკჰემების ოჯახთან კავშირმა მისი პოპულარობა გაზარდა, ნიკოლა თავადაც გავლენიანი ოჯახიდანაა. ის მილიარდერი ბიზნესმენის, ნელსონ პელტცისა და მოდელის, კლაუდია ჰეფნერის შვილია.
2024 წელს მისი სარეჟისორო დებიუტი შედგა ფილმით Lola, რომლის სცენარის ავტორი და მთავარი როლის შემსრულებელი თავად არის. კარიერის მიღმა, ნიკოლა აქტიურად იცავს ცხოველთა უფლებებს, რისთვისაც 2022 წელს PETA-ს ჯილდოც დაიმსახურა.
ნიკოლა პელტცი თავისი ფილმის პრემიერაზე. Ph: Steve Granitz/Getty
TMZ-ის წყაროს ცნობით, ნიკოლა ბრუკლინის პირველი პარტნიორია, რომელმაც გაბედა, ხმამაღლა ეთქვა, რომ დეივიდი და ვიქტორია შვილს სათანადოდ არ ექცევიან. დაძაბულობის ზრდასთან ერთად, ნიკოლა და ბრუკლინი თვეების განმავლობაში მზად იყვნენ არსებული დრამის განსახილველად, თუმცა ბრუკლინის მშობლები კავშირზე არ გამოდიოდნენ. გამოცემის ინფორმაციით, ისინი ნიკოლასთან საუბარზე უარს ამბობენ, რადგან ის ყოველთვის პასუხობს მათ კრიტიკას და ბრუკლინს იცავს.
ამ დროისთვის უცნობია, მოჰყვება თუ არა ბრუკლინის ამ ნაბიჯს ოფიციალური პასუხი ვიქტორიასა და დეივიდისგან. ფაქტია, რომ „Brand Beckham“-ის იმიჯი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იდეალური ოჯახის სიმბოლოდ ითვლებოდა, ახლა სერიოზული კრიზისის წინაშეა.
კანიე უესტის კონცერტი პროექტის Starring Georgia ფარგლებში, 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მაშინ, როცა თბილისში კანიეს კონცერტი ოფიციალურად დაანონსდა, არტისტის შოუებს ევროპის ქვეყნები რიგ-რიგობით აუქმებენ.
თბილისში მოდის სფეროს მთავარი მოვლენა - Mercedes-Benz Fashion Week ბრუნდება. Factory Tbilisi-ს ინდუსტრიულ სივრცეში თავმოყრილი კრეატიული ენერგია წელს განსაკუთრებულ მასშტაბებს შეიძენს.
შვედი არტისტი ჯეი-ჯეი იოჰანსონი თბილისს უბრუნდება, ამჯერად საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ანსამბლ „შავნაბადას“ თანხლებით. ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, იოჰანსონის ნაცნობი მელოდიები სრულიად ახალ ჟღერადობას მიიღებს.