18 ოქტომბერს Victoria’s Secret-ის 2026 წლის ჩვენება ლოს-ანჯელესში, Sony Pictures Studios-ში გაიმართა. შოუში მონაწილეობდნენ ცნობილი მოდელები, ახალი სახეები და მუსიკალური შემსრულებლები. საღამოს ერთ-ერთი მთავარი მოვლენა 50 მილიონ დოლარად შეფასებული Fantasy Bra-ს დაბრუნება იყო.
ჩვენება ბელა ჰადიდმა გახსნა. მოდელს ეცვა ყვავილებით გაფორმებული ბიუსტჰალტერი, ღია მწვანე ქვედაბოლო და მცენარეების ტოტებითა და ყვავილებით შემკული დიდი ფრთები ეკეთა.

რამდენიმე მოდელი Victoria’s Secret-ის ჩვენებას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. როუზი ჰანტინგტონ-უაიტლი ბრენდის პოდიუმზე 16 წლის შემდეგ ვიხილეთ, ელზა ჰოსკი კი რვაწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. Victoria’s Secret-ის ჩვენებაში პირველად მიიღო მონაწილეობა კობი ბრაიანტის ქალიშვილმა, ნატალია ბრაიანტმა.

საერთაშორისო შემადგენლობაში მატილდა გვარლიანიც იყო. ქართველი მოდელი პოდიუმზე Aaliyah-ს 2000 წლის სიმღერის, „Try Again“-ის ფონზე გამოვიდა. Victoria’s Secret-ის ჩვენებამდე გვარლიანმა წელს The Row-სა და Isabel Marant-ის კოლექციების ჩვენებებშიც მიიღო მონაწილეობა.

საღამოს მთავარი სიურპრიზი კაილი ჯენერის დებიუტი აღმოჩნდა. მან Fantasy Bra წარადგინა, რომელიც Victoria’s Secret-ის ჩვენებაზე 2018 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა. Jacob & Co.-ს მიერ შექმნილი მოდელი 4 410 ბუნებრივი ბრილიანტითაა გაფორმებული, ცენტრში კი 75,54-კარატიანი ყვითელი ბრილიანტია მოთავსებული. მის შექმნაზე 15 ოსტატი ათას საათზე მეტხანს მუშაობდა. Fantasy Bra 50 მილიონ დოლარადაა შეფასებული და ბრენდის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ნიმუშია.

შოუს შემოქმედებითი ხელმძღვანელი ადამ სელმანიa. კოლექცია წელიწადის ოთხ დროს მიჰყვება: ყვავილებით გაფორმებულ სამოსსა და მსუბუქ ფრთებს თბილი ფერები, მეტალის ელფერი და ზამთრის თემაზე შექმნილი მოდელები ცვლიდა. ჩვენებაში Victoria’s Secret-ის ახალგაზრდული ხაზის, PINK-ისთვის განკუთვნილი ნაწილიც შევიდა.
პოდიუმზე მოდელების გამოსვლას ტეიტ მაკრეის, მეგან თი სტალიონის, მეგან მორონისა და KATSEYE-ს მუსიკალური ნომრები ახლდა.

Victoria’s Secret-მა ჩვენების მთავარი ნიშნები შეინარჩუნა: დიდი ზომის თეთრი ფრთები, ყვავილების სკულპტურული კომპოზიციები, მუსიკალური გამოსვლები და სხვადასხვა თაობის ცნობილი მოდელები.
