2026 წლის 31 მაისს პოპ ვარსკვლავი დუა ლიპა და ბრიტანელი მსახიობი კალუმ ტერნერი ლონდინის Marylebone Town Hall-ში დაქორწინდნენ. Marylebone Town Hall-ში წლების განმავლობაში არაერთი ცნობილი ადამიანის ქორწილი გამართულა, მათ შორის იყვნენ პოლ მაკ-კარტნი, რინგო სტარი, ლიამ გალაგერი, ჯუდ ლოუ, ლენა დანჰემი და სილვესტერ სტალონე.

დუას და კალუმის ცერემონიას მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ. მომღერლის საქორწილო ლუქი Schiaparelli-ს Haute Couture კოლექციიდან, დენიელ როზბერის დიზაინით იყო შექმნილი. მომღერალმა ოქროს ღილებიანი სპილოსძვლისფერი პიჯაკი და ასიმეტრიული ქვედაბოლო მოირგო. პატარძალს თეთრი ხელთათმანები, Christian Louboutin-ის ფეხსაცმელი და სტივენ ჯონსის დიზაინით შექმნილი ქუდი ამშვენებდა. კალუმ ტერნერმა კი არჩევანი Ferragamo-ს მუქ ლურჯ, კლასიკურ კოსტიუმზე შეაჩერა.

რაც შეეხება ქორწილს, წყვილი უახლოეს დღეებში სიცილიაში, პალერმოში მასშტაბურ საქორწილო ღონისძიებას გამართავს. გავრცელებული ინფორმაციით, სტუმრებს შორის იქნებიან ელტონ ჯონი, Charli XCX, მარკ რონსონი, დონატელა ვერსაჩე და სიმონ პორტ ჟაკმუსი.
დუა ლიპასა და კალუმ ტერნერის ურთიერთობის შესახებ პირველად ინფორმაცია 2024 წლის იანვარში გავრცელდა. წყვილი ერთად არაერთ საჯარო ღონისძიებაზე გამოჩნდა, ხოლო ოფიციალური დებიუტი წითელ ხალიჩაზე, 2025 წლის Met Gala-ზე შედგა.

ნიშნობის შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც დუა ლიპა რამდენიმე ფოტოზე ბრილიანტის ბეჭდით გამოჩნდა. მოგვიანებით მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში ნიშნობა დაადასტურა. თითქმის ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ კი წყვილმა ცხოვრების ახალი ეტაპი ოფიციალურად დაიწყო.