რატომ დგას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული სკანდალის წინაშე
გეოპოლიტიკური კონფლიქტები, ძვირი ბილეთები, ექსტრემალური სიცხე და ებოლას საფრთხე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიული სკანდალის წინაშე აყენებს.
თუ ფილმებში ნანახ ან წიგნებში ამოკითხულ რომანტიკულ მოგზაურობაზე ოცნებობთ, სადაც მთავარი გმირი მდიდრულ მატარებელში ადის და დაუვიწყარ გზას ადგება, უნდა იცოდეთ, რომ Belmond-ის მატარებელს შეუძლია თქვენი ოცნება რეალობად აქციოს. წარმოიდგინეთ ვაგონი, რომელიც მთლიანად თქვენს განკარგულებაშია და იმხელაა, რომ პერსონალური გამცილებლის გამოსაძახებლად რამდენიმე ღილაკია ოთახში. საუზმეს, სადილსა და ვახშამს საუკეთესო შეფი გიმზადებთ, ფანჯრიდან კი ვენეციის, ალპების, იტალიის რივიერასა თუ პერუს ხედები იშლება. უარს არ იტყოდით, არა?!

Belmond მსოფლიოში ლუქს კლასის სასტუმროებითა და უნიკალური სამოგზაურო კონცეფციითაა ცნობილი. ეს კომპანია მატარებელს მხოლოდ გადაადგილების საშუალებად არ განიხილავს, აქ მგზავრობა სრულფასოვანი გამოცდილებაა. ვაგონები, რომლებშიც ვინტაჟური და თანამედროვე ხასიათი ერთიანდება, ხის ინტერიერით, თეთრი სუფრებით, არტ-დეკოს სტილის დეტალებითა და დიდი ფანჯრებითაა გამორჩეული.

Belmond-ის ყველაზე ცნობილი მატარებელია Venice Simplon-Orient-Express, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში შერჩეულ მარშრუტებზე მოძრაობს. მისი ვაგონები 1920-1930-იანი წლების სტილშია აღდგენილი.

ყველაზე პოპულარული მარშრუტია პარიზი – ვენეცია, ალპების გავლით. ასევე არსებობს სეზონური მიმართულებები – ვენა, პრაღა და ფლორენცია. ამ ექსპრესის ყველაზე ძვირიანი ნომრის ფასი დაახლოებით 80,000 ევროა.
Venice Simplon-Orient-Express ყველაზე ცნობილია, თუმცა Belmond-ის მატარებლები მხოლოდ ევროპით არ შემოიფარგლება.

პერუში, Belmond Andean Explorer ანდების გავლით მოძრაობს და კუსკოს, ტიტიკაკას ტბასა და არეკიპას აკავშირებს. ეს სამხრეთ ამერიკის პირველი ლუქს მატარებელია, სადაც ღამით დაძინებაა შესაძლებელი და მგზავრებს მაღალმთიანი ლანდშაფტის დათვალიერების შესაძლებლობას აძლევს.

შოტლანდიაში, Belmond Royal Scotsman რამდენიმე დღიან მარშრუტებს ასრულებს, გაჩერებებით ციხე-სიმაგრეებთან, ვისკის ქარხნებთან და ღირსშესანიშნაობებთან. დიდ ბრიტანეთში კი Belmond ერთდღიან ისტორიულ მარშრუტებს გვთავაზობს, მაგალითად British Pullman ლონდონიდან სხვადასხვა მიმართულებით იღებს გეზს, მოგზაურობის შემდეგ კი მგზავრებს კვლავ ბრიტანეთის დედაქალაქში აბრუნებს.
Belmond-ის თითოეულ მატარებელში ვაგონების შეზღუდული რაოდენობა მოგზაურობას უფრო პერსონალურ გამოცდილებად აქცევს. დღეს კი სწორედ პერსონალური გამოცდილება იქცა ყველაზე მნიშვნელოვან აქტივად. შესაბამისად, მათთვის, ვისაც მსოფლიოს საუკეთესო ადგილების განსხვავებული ფორმით აღმოჩენა სურს, Belmond იდეალური არჩევანია.