თბილისში ახალი სილამაზის სივრცე გაიხსნა
თბილისში ახალი ბიუთი სივრცე Beauty Studio by Kani გაიხსნა. ამ სივრცეში თავის მოვლის მრავალფეროვანი პროცედურების ჩატარებაა შესაძლებელი.
Chat, can you spell The Devil Wears Prada 2?? ოფიციალურად დადასტურდა, რომ საკულტო ფილმის, „ეშმაკს აცვია პრადა“ სიქველის გადაღებები 30 ივნისს დაიწყო.
ფილმის ვარსკვლავური შემადგენლობა სრულად ბრუნდება. ლეგენდარული მერილ სტრიპი, ენ ჰეთეუეი, ემილი ბლანტი და სტენლი ტუჩი ისევ მოირგებენ კარიერის უმნიშვნელოვანეს როლებს და მოდის სამყაროში შეაბიჯებენ. პროექტს ოსკაროსანი მსახიობი, კენეთ ბრანაც შეუერთდა, რომელიც მერილ სტრიპის პერსონაჟის, მირანდა პრისტლის მეუღლის როლს შეასრულებს.
„ეშმაკს აცვია პრადას“ სიქველის შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია ჯერ კიდევ 2024 წელს გავრცელდა. სიქველის სიუჟეტის დეტალები ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია, თუმცა მოვლენების ეპიცენტრში კვლავ ჟურნალი Runway იქნება. როგორც ვიცით, მირანდა პრისტლი ცდილობს, ბეჭდვითი მედიის კრიზისის ფონზე ჟურნალს წარმატება და ფინანსური მოგება შეუნარჩუნოს.
ემილი ბლანტის გმირი, რომელიც პირველ ფილმში მირანდას ასისტენტი იყო, ახლა ფუფუნების ბრენდების კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია, რომელსაც Runway-სთვის ძალიან საჭირო ფინანსური დახმარების გაწევა შეუძლია. უცნობია, თუ როგორ გადაიკვეთება ამ სიუჟეტთან ენ ჰეთეუეის პერსონაჟი, ენდი საქსი, რომელმაც პირველი ფილმის ბოლოს Runway დატოვა და გაზეთში დაიწყო მუშაობა.
ფილმის რეჟისორი კვლავ დევიდ ფრენკელია, ხოლო სცენარის ავტორი ალინ ბროშ მაკკენა გახლავთ.
„ეშმაკს აცვია პრადა“ 2006 წელს გამოჩნდა კინოთეატრებში. ფილმმა, რომელიც ლორენ ვაისბერგერის 2004 წლის რომანზეა დაფუძნებული, მსოფლიო მასშტაბით 326 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოიტანა. ამასთანავე, მერილ სტრიპმა ფილმში შესრულებული როლისთვის საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში ოსკარის ნომინაციაც მიიღო.
2006 წლის შემდეგ მერილმა კიდევ მრავალი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ოსკარი ფილმისთვის The Iron Lady (2011) და ოსკარის ნომინაციები ისეთი კინო შედევრებისთვის, როგორიცაა Doubt (2008), Julie & Julia (2009), August: Osage County (2013), Into the Woods (2014) და Florence Foster Jenkins (2016).
რაც შეეხება ენ ჰეთეუეის, მან ოსკარი მოიპოვა საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში Les Misérables (2012). ჰეთეუეი ვიხილეთ ფილმებში The Dark Knight Rises (2012), Interstellar (2014), Ocean's 8 (2018) და The Witches (2020). ენდი საქსის როლის შემდეგ, ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი მსახიობი ჰოლივუდში.
ემილი ბლანტის ბრწყინვალე კარიერაც უნდა ვახსენოთ. ის მონაწილეობდა ისეთ წარმატებულ ფილმებში, როგორებიცაა Edge of Tomorrow (2014), The Girl on the Train (2016), A Quiet Place (2018) და Mary Poppins Returns (2018). ბლანტმა მოიპოვა აღიარება როგორც კომედიურ, ასევე დრამატულ როლებში და დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრიტანელი მსახიობია.
„ეშმაკს აცვია პრადას“ შემდეგ მსახიობების ცხოვრება წარმატებებით იყო სავსე, ახლა კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ პრემიერას, რომ გავიგოთ რა ხდებოდა მირანდას, ემილისა და ენდის ცხოვრებაში ბოლო 19 წლის განმავლობაში. The Devil Wears Prada 2 კინოთეატრებში 2026 წლის პირველ მაისს გამოვა.