#მოდა

ჯეიდენ სმიტი CHRISTIAN LOUBOUTIN-ის მამაკაცის ხაზის შემოქმედებითი დირექტორია

გაზიარება:

Christian Louboutin-ის მამაკაცის ხაზს ახალი შემოქმედებითი დირექტორი ჰყავს. ეს არის პირველი შემთხვევა ფრანგული ბრენდის ისტორიაში, როდესაც მამაკაცის ხაზის შემოქმედებით დირექტორად დამფუძნებლის გარდა სხვა ადამიანი ინიშნება. ეს პიროვნება კი ამერიკელი რეპერი, მსახიობი და დიზაინერი ჯეიდენ სმიტი გახლავთ.

ჯეიდენ სმიტი, კრისტიან ლუბუტენი, Christian Louboutin, Jaden Smith

ჰოლივუდის ცნობილი წყვილის, უილ და ჯეიდა სმიტების 27 წლის შვილი პარიზში გადავა საცხოვრებლად და იანვრისთვის მამაკაცის მოდის კვირეულზე სადებიუტო კოლექციასაც წარადგენს. ის ყოველწლიურად ოთხ კოლექციაზე იმუშავებს, სადაც ფეხსაცმელს, ტყავის აქსესუარებსა და სხვა ნივთებს ვიხილავთ. ასევე ველით ჯეიდენის კურატორობით ჩატარებულ კამპანიებსა და ღონისძიებებს.

ჯეიდენ სმიტი, Jaden Smith, Will Smith's family
ჯეიდენ სმიტი ოჯახთან ერთად

„ეს ჩემთვის უდიდესი პატივია და ერთი სული მაქვს, როდის ვაჩვენებ მსოფლიოს იმას, რაზეც უკვე ვმუშაობთ. ვფიქრობ, Christian Louboutin-ის მამაკაცის ხაზს უზარმაზარი პოტენციალი აქვს,“ – ჯეიდენ სმიტი.

ჯეიდენ სმიტს მოდის სამყაროში უკვე აქვს გამოცდილება. მან დააარსა ქუჩის სტილის ბრენდი MSFTSrep და არაერთხელ ითანამშრომლა New Balance-თან. ფეხსაცმლისადმი მისი სიყვარულიც დიდი ხანია ცნობილია. როგორც თავად იხსენებს, ბავშვობიდან გარშემორტყმული იყო დედის, მამისა და დის Louboutin-ებით, რის გამოც ბრენდი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

ჯეიდენ სმიტი, კრისტიან ლუბუტენი, Christian Louboutin, Jaden Smith
ჯეიდენ სმიტი და კრისტიან ლუბუტენი

კრისტიან ლუბუტენი ჯეიდენ სმიტზე დიდ იმედებს ამყარებს. ეს გადაწყვეტილება დიდწილად სმიტის პიროვნებამ, განსაკუთრებულმა სტილმა და მოდისადმი სიყვარულმა განაპირობა, რომელსაც კრისტიანი დიდი ხანია აკვირდება. ეს ნაბიჯი Louboutin-ის მამაკაცის ხაზის გაძლიერებისა და გაფართოების გზად განიხილება, რაც ამავდროულად თავად კრისტიან ლუბუტენს საშუალებას მისცემს, ბრენდის ფართო შემოქმედებით ხედვაზე კონცენტრირდეს.

„მე ჯეიდენს ვხედავ როგორც ადამიანს, რომელიც მზადაა შექმნას მოდა არა მოგების გამო, არამედ შემოქმედებისთვის. მას ისეთივე ენთუზიაზმი აქვს, როგორიც მე. მისთვის ჩაცმა თავგადასავალია – კომუნიკაციის ფორმა,“ კრისტიან ლუბუტენი.

სმიტის „avant-premiere capsule“ კოლექცია იანვარში, მსოფლიოს რამდენიმე ბუტიკსა და Christianlouboutin.com-ზე იქნება ხელმისაწვდომი. ხოლო მისი სადებიუტო 2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია მაღაზიებში მომავალ მაისში გამოჩნდება.

ზევით