დევიდ ბეკჰემმა რაინდის წოდება სპორტსა და ქველმოქმედებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიიღო. ცერემონია უინძორის სასახლეში გაიმართა, სადაც მეფე ჩარლზ მესამემ ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას ბრიტანეთის უმაღლესი აღიარება მიანიჭა და რაინდად აკურთხა.

მისი გზა ნამდვილი შთაგონებაა როგორც კარიერულად, ისე პიროვნულად. ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში მან 115 მატჩი ჩაატარა, მათგან 59 კაპიტნის სტატუსით. მოიგო ტიტულები როგორც „მანჩესტერ იუნაიტედში“, ასევე „რეალ მადრიდში“, მოგვიანებით კი კარიერა გააგრძელა ამერიკასა და საფრანგეთში, სადაც მისი სახელი მსოფლიო ფეხბურთის კულტურის ნაწილად იქცა.

ფეხბურთიდან მიღწეულ წარმატებებთან ერთად, ბეკჰემი უკვე 20 წელია აქტიურად არის ჩართული ქველმოქმედებაში. UNICEF-ის ელჩის რანგში ის მუშაობს ბავშვთა უფლებების დასაცავად და განათლების ხელშესაწყობად, ხოლო მისი ფონდის პროექტები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედებს.

უინძორის სასახლეში ცერემონიას ბეკჰემთან ერთად მისი ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. ამ ღირშესანიშნავი დღისთვის კი, რაინდის ჩაცმულობაზე თავად ვიქტორია ბეკჰემმა იზრუნა. მან მეუღლისთვის ინდივიდუალურად შექმნა მუქი ნაცრისფერი კოსტიუმი.