თბილისი მეათე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს უმასპინძლებს

19 სექტემბერს, 17:00 საათზე, თბილისის მეათე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება და 23 სექტემბრამდე გასტანს. ფესტივალის პირველი შეხვედრა დანიელ ავტორთან, იანე თელერთან შედგება, რასაც მომდევნო დღეების განმავლობაში, 15 ქვეყნის 19 ავტორთან და ქართველ მწერლებთან დისკუსიები მოჰყვება.

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 2025, საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი თბილისი, პენ საქართველო, 10th Tbilisi International Festival of Literature

ფესტივალი 2015 წელს „მწერალთა სახლში“ დაარსდა და მას შემდეგ ქვეყნის კულტურული ლანდშაფტის განუყოფელ ნაწილად იქცა. ცხრა წლის განმავლობაში ფესტივალის ფარგლებში, თბილისს 40 ქვეყნის 200-ზე მეტი ავტორი ესტუმრა. ამ წლების განმავლობაში 300-ზე მეტი კულტურული თუ საგანმანათლებლო ღონისძიება ჩატარდა, რაც ფესტივალს კავკასიის რეგიონში უნიკალურ მოვლენად აქცევს. 2024 წლიდან, ფესტივალი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩარევის გარეშე, ალტერნატიულ სივრცეებში, „საქართველოს პენცენტრის“ ეგიდით ტარდება.

Anja Schmitter, 10th Tbilisi international festival of Literature, თბილისის მეათე საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალი Aram Pachyan, 10th Tbilisi international festival of Literature, თბილისის მეათე საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალი

წლევანდელი ფესტივალის მთავარი თემაა „კალამი დუმილის წინააღმდეგ“, რომელიც 2025 წლის რთულ პოლიტიკურ და სოციალურ გარემოს ეხმიანება.

„უკვე ერთი წელია, საქართველოში მწერლებისა და მკითხველების მნიშვნელოვანი ნაწილი უწყვეტ პროტესტში მონაწილეობს. ქვეყანაში 60-მდე პოლიტპატიმარია, მათ შორის – პოეტი ზვიად რატიანი და ჟურნალისტი მზია ამაღლობელი“, – საქართველოს პენცენტრი.

სწორედ ამ კონტექსტში შეირჩა ფესტივალის თემატიკა, სადაც დუმილი შიშის, რეპრესიისა და თვითცენზურის მეტაფორადაა წარმოდგენილი, ხოლო კალამი – წინააღმდეგობისა და თავისუფლების სიმბოლოდ.

Kuluk Helms, 10th Tbilisi international festival of Literature, თბილისის მეათე საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალი Markus Mawil Witzel, 10th Tbilisi international festival of Literature, თბილისის მეათე საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალი

წელს ფესტივალი სტუმრებს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს: ავტორთან შეხვედრებს, წიგნების პრეზენტაციებს, პოეზიის საღამოებს, პანელურ დისკუსიებსა და ფოტოგამოფენებს.

მონაწილეებს შორის არიან იანე თელერი, მეგან ნოლანი, პაოლო ჯორდანო, პირკო საისიო, თეა თოფურია, ანა კორძაია-სამადაშვილი, ტორესა მოსი, გიორგი კეკელიძე და სხვა ავტორები. მათთან საუბრებს კი ქართული თანამედროვე ლიტერატურის წამყვანი წარმომადგენლები – თამთა მელაშვილი, ივა ფეზუაშვილი, შოთა იათაშვილი, მიხეილ ციხელაშვილი, ეკა ქევანიშვილი და სხვები გაუწევენ მოდერაციას.

ფესტივალი სასტუმრო „სტამბაში“ გაიხსნება, ხოლო 23 სექტემბერს, გოეთეს ინსტიტუტის ეზოში, მალხაზ ხარბედიასადმი მიძღვნილი საღამოთი დასრულდება.

ზევით