ოლიმპიური თამაშების პარალელურად, კულუარებში ფოტოგრაფების მარათონი მიმდინარეობს. მედლების ნაცვლად კი მსოფლიო აღიარება გაიცემა. ჯერ-ჯერობით ფრანგი ფოტოგრაფი, ჟერომ ბრუიე ლიდერობს.
ფოტო: Jerome Brouillet, AFP
“დაფა და სერფერი - ეს ნამდვილი პლანეტების განლაგებაა” - ჟერომ ბრუიე, ფრანგი ფოტოგრაფი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე კარიერის მთავარი ფოტო გადაიღო.
ბრაზილიელი სერფერის ზღაპრული კადრი ინტერნეტში ელვის სისწრაფით გავრცელდა. ის ზოგს ფოტოშოპის, ზოგსაც ხელოვნური ინტელექტის ნახელავი ეგონა.
Jerome Brouillet
მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ჰაერში “მდგომი” სერფერი, გაბრიელ მედინა, რომელიც ცაში თითს იშვერს, ტალღიდან ახალი გამოსული იყო, როცა ფრანგი ფოტოგრაფის ობიექტივში აღმოჩნდა. ჟერომი ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ფოტოს სიდიადე იმ წამს თავადაც ვერ გაიაზრა.
გაბრიელ მედინა. ფოტო: Ben Thouard/AFP
მედიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გემბანზე სერფერების გამოჩენას ჩასაფრებულმა ფოტოგრაფმა 4 კადრი გადაიღო, რომელიც ავტომატურად Agence France-Presse-ის რედაქციას გადაეგზავნა. სულ რამდენიმე წუთში ჯერემის ტელეფონმა გაუჩერებლივ ვიბრაცია დაიწყო. ფოტო სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელებული იყო. ბრაზილიური მედიის ინსტაგრამ გვერდზე მედინას ფოტოს ათასობით მოწონება ჰქონდა, ფოტოგრაფს კი სამი ათასი ახალი გამომწერი მოემატა და მეილი ჟურნალისტების გზავნილებით აივსო.
ფოტო: Reuters/Carlos Barria
ფოტოზე ბრაზილიელი ოლიმპიელი გაბრიელ მედინაა აღბეჭდილი. სერფერმა, მეტსახელად "ჯადოქარმა” 29 ივლისს Teahupo’o-ში გამართულ სერფინგის ტურნირში იასპარეზა. მედინას გაუმართლა და ოლიმპიური დღის საუკეთესო ტალღა დაიჭირა. სერფერმა ეს შანსი იდეალურად გამოიყენა და ოლიმპიური სერფინგის ისტორიაში ყველაზე მაღალი, 9.9 ქულა (მაქსიმუმი 10 ქულაა) მოიპოვა. ხუთშაბათს მედინა ასევე ბრაზილიელ სერფერს, ჟოაო ჩიანკას დაუპირისპირდება. დღის საოცარი კადრი გაბრიელ მედინამ თავის ინსტაგრამ გვერდზეც გააზიარა. მედალს აიღებს თუ ვერ აიღებს, ის სოციალური მედიის ფავორიტი უპირობოდ დარჩება. ჟერომის ფოტოს უკვე 6 მილიონზე მეტი მოწონება აქვს.
ფოტო: Josh Humbert/National Geographics
ჟერომი აღნიშნავს, რომ ეს წარმატება გუნდური მუშაობის დამსახურებაა. მაშინ, როცა ჟერომი ჯერ კიდევ ტაიტის ტალღებზე მოცურავე პრესისთვის განკუთვნილ გემში იჯდა, AFP-ს რედაქტორმა ფოტოს სიდიადე მაშინვე შენიშნა და ის წამებში გამოაქვეყნა. ბრუიე Teahupo'o-ს კარგად იცნობს. ის ტაიტიზე საცხოვრებლად 10 წლის წინ, მარსელიდან გადავიდა. ფოტოგრაფი ფრანგულ მედიასთან რამდენიმე წელია თანამშრომლობს. თავადაც სერფინგითაა დაკავებული, მაგრამ მისთვის Teahupo'o-ს პატარა ტალღებიც კი საშიშად გამოიყურება. მას რისკზე წასვლა არ უყვარს. სამაგიეროდ რისკსა და უზარმაზარ ტალღებს ბრაზილიელი მედინა არ უშინდება, ჟერომი კი გასაოცარი კადრების აღბეჭდვისთვის მუდმივ მზადყოფნაშია.
ლონდონში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სამხედრო ცერემონია Trooping the Colour 2025 გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მეფე ჩარლზი, პრინცესა კეთრინი და ოჯახის წევრები. ყურადღება პრინცესა კეთრინის ჩაცმულობამ და ღონისძიების ცერემონიალის დეტალებმა.
ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის მთავარ სიმბოლოდ იქცა — მან ნეაპოლში სკუდეტო მოიგო, PSG-ს ჩემპიონთა ლიგა მოუტანა და საქართველოს ისტორიულად პირველად ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.
პლატფორმა Max „ჰარი პოტერის“ სერიალის მზადებაშია. ჰოგვორტსის პროფესორების შემდეგ, ახლა უკვე ცნობილი ტრიოს – ჰარის, ჰერმიონისა და რონის პერსონაჟების შემსრულებელი მსახიობების ვინაობაც ვიცით. სერიალის გადაღებები ამ ზაფხულს დაიწყება.