„ეშმაკი ატარებს პრადას 2“ ყველაფერი რაც ახალი ფილმის შესახებ ვიცით

„ეშმაკი ატარებს პრადას“ ეკრანზე პირველად 2006 წელს გამოჩნდა და ერთგვარ რეფერენსად იქცა მათთვის, ვისაც მოდა, მედია და ძალაუფლების დინამიკა აინტერესებს. ის, რაც ერთი შეხედვით მსუბუქი კომედიის ჟანრში იყო შეფუთული, სინამდვილეში ზუსტად გადმოსცემდა რედაქციის ყოველდღიურობას და გავლენის მექანიზმებს, თუ როგორ შეუძლია ერთ რედაქტორს გავლენა მოახდინოს მოდის მიმდინარეობაზე. თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ, გაგრძელება ისევ ამ სამყაროში გვაბრუნებს, უკვე იმ პირობებში, სადაც მედიაც და მოდაც ახალი წესებით მუშაობს.

devil wears prada 1

გადაღებები ნიუ-იორკში 30 ივნისს დაიწყო. ეკრანს უბრუნდებიან ენ ჰეთეუეი (ენდი საქსი), მერილ სტრიპი (მირანდა პრისტლი), ემილი ბლანტი (ემილი ჩარლტონი) და სტენლი ტუჩი (ნაიჯელ კიპლინგი). ფილმის რეჟისორი კვლავ დევიდ ფრანკელია, ხოლო სცენარზე მუშაობს ალინ ბროში მაკკენა – იგივე ავტორი, რომელმაც ორიგინალური ვერსიის სცენარი შექმნა.

სიუჟეტის დეტალები ოფიციალურად ჯერ არ ხმაურდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფილმი ნაწილობრივ ეფუძნება ლორენ ვაისბერგერის 2013 წლის რომანს „Revenge Wears Prada“, თუმცა ეკრანიზაციის შინაარსობრივი თანხვედრა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის.

Anne Hathaway for Devil Wears Prada 2

გადაღების პერიოდში უკვე გავრცელდა რამდენიმე ფოტო, სადაც ჰეთეუეი გამოჩნდა ჟან პოლ გოტიეს ვინტაჟურ კოსტიუმში, გაბრიელა ჰერსტის მაქსი კაბაში და Fendi-ის Basket Forty8 ჩანთით.

Gabriela Hearst’s Niki Patchwork dress  Anne Hathaway for Devil Wears Prada 2!

„ეშმაკი ატარებს პრადას“ პირველ ფილმში კოსტიუმები ერთ-ერთი გამორჩეული კომპონენტი იყო. თითოეული ლუქი გააზრებული და სიუჟეტთან შესაბამისი იყო. საინტერესოა, როგორი იქნება ვიზუალური მიმართულება მეორე ნაწილში. იმედი რჩება, რომ იგი არ გაივლის იმავე გზას, რაც სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“- გაგრძელება „And Just Like That“, რომელმაც პირვანდელი სტილისტური ნაწილი თითქმის დაკარგა.

devil weras prada miranda

მსახიობთა შემადგენლობაში უკვე დასახელდა კენეტ ბრანა, სავარაუდოდ მირანდას მეუღლის როლში. ფილმში მონაწილეობენ ლუსი ლიუ, ჯასტინ თერუ, სიმონ ეშლი და პოლინ შალამე. ენდის ახალი პარტნიორის როლს ასრულებს პატრიკ ბრამალი

პრემიერა 2026 წლის 1 მაისს არის დაგეგმილი. გამოსვლის დრო არ არის შემთხვევითი – მოდის მედია გადამწყვეტ გარდატეხის ფაზაშია. ანა ვინტურის მიერ Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტის დატოვება 37 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ინდუსტრია მორიგ ციკლს გადადის. ამ ფონზე, „ეშმაკი ატარებს პრადას 2“ შესაძლოა გახდეს კომენტარი იმ ცვლილებებზე, რომლებიც ახლა ხდება.

ზევით