კანის კინოფესტივალზე ირლანდიური ჯგუფ U2-ს სოლისტის, ბონოს დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა. Bono: Stories of Surrender-ის ჩვენების შემდეგ, 6 წუთის განმავლობაში მაყურებლის ოვაციები არ წყდებოდა. ენდრიუ დომინიკის მიერ გადაღებული ფილმი მუსიკოსის ცხოვრების ისტორიას გვიყვება და მისი მემუარების მიხედვითაა შექმნილი.

თუმცა, თავად ბონოს გამოჩენამ წითელ ხალიჩაზე კიდევ უფრო დიდი ყურადღება მიიპყრო. კინოფესტივალის პრემიერაზე ლეგენდარული მუსიკოსი მსახიობ შონ პენთან და უკრაინელი ჯარისკაცების ჯგუფთან ერთად გამოჩნდა.
„გმადლობთ, რომ თავისუფლებას გვინარჩუნებთ. დიდება უკრაინას!“, – მიმართა ჯარისკაცებს ბონომ.

შონ პენი მუსიკოსის დიდი ხნის მეგობარი და უკრაინის აქტიური მხარდამჭერია. 2023 წელს პენმა და აარონ კაუფმანმა გადაიღეს დოკუმენტური ფილმი Superpower, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკურ გზაზე მოგვითხრობს. ამ ფილმის პრემიერა ბერლინალეზე შედგა, შონ პენი კი უკრაინელებთან კავშირს კვლავ ინარჩუნებს.
ბონოს გადაწყვეტილება, პრემიერაზე ჯარისკაცებთან ერთად მისულიყო, სიმბოლურად უკრაინელების მხარდაჭერას აღნიშნავს და კანის კინოფესტივალის ისტორიასაც ეხმიანება. ბონოს თქმით, სამყარო ზუსტად ისე დგას ფაშიზმის საფრთხის წინაშე, როგორც 1939 წელს იდგა, როცა კანის კინოფესტივალი დაფუძნდა. თუმცა, მეორე მსოფლიო ომის გამო ფესტივალის ჩატარება მხოლოდ 1946 წელს მოხერხდა.

„მუსოლინიმ, პატარა ულვაშებიანმა კაცუნამ და მისმა მეგობარმა გებელსმა ვენეციის კინოფესტივალი თავიანთი გავლენის ქვეშ მოაქციეს. ამიტომ კანის ფესტივალი ფაშიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა“, – მიმართა ბონომ კინოფესტივალის სტუმრებს.
ბონო კანში საკუთარი ფილმის პრემიერაზე უკვე მეორედაა. 2007 წელს საფრანგეთში U2 3D იხილა მაყურებელმა, მაგრამ წლევანდელი დოკუმენტური ფილმი, Stories of Surrender ჯგუფის სოლისტის პერსონალურ გზაზე მოგვითხრობს. ფილმი ბონოს სულ სხვა კუთხით გვაჩვენებს – როგორც შვილს, ქმარს, მამას, მუსიკოსსა და აქტივისტს. ფილმის ნახვა 30 მაისიდან, Apple TV+-ზე იქნება შესაძლებელი.