შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი 15 წლისაა, თუმცა ჩემი და ზღვისპირეთის ყველაზე გამორჩეული ფესტივალის ურთიერთობა 2011 წელს დაიწყო, როდესაც ერთ-ერთი მუსიკალური ტელევიზიიდან ბათუმში მივლინებით 2 კვირით გამიშვეს. ბათუმის პიაცაზე ცოტა დაბნეული, დასიცხული, მაგრამ ენთუზიაზმით აღსავსე მივედი. ვიცოდი, რომ წინ რაღაც ძალიან საინტერესო რამ მელოდა და ფესტივალის ჰედლაინერის - მეისი გრეის გაცნობასაც სულმოუთქმელად ველოდი.
მეისიც გავიცანი, Eastern Promotion-ის საოცარი გუნდიც და ათობით ლეგენდარული არტისტიც, რომლებიც მომდევნო წლების მანძილზე ავსებდნენ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის Line up-ებს. მერე პანდემია დაიწყო და ჯაზიც გაჩერდა… ამიტომ მე-15-ე ფესტივალს იმაზე დიდი დატვირთვა აქვს, ვიდრე აქამდე ჰქონია. წელს ბათუმისკენ არ გახედვის მიზეზი ბევრი გვაქვს, მაგრამ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი ის იშვიათი გამონაკლისია, რომლის გამოც ძალიან შეცვლილ ბათუმს 3 დღეს მაინც უყოყმანოდ დაუთმობ. The Diary კი ამჯერად 2022 წლის ივლისის 3 საოცარ დღეზე მოგითხრობთ.

Day 1 - Boris Band Combination & The Next Movement
მიუხედავად იმისა, რომ Black Sea Jazz Festival-ის პროგრამა ყოველწლიურად განსხვავებულია, გარკვეული ტენდენცია მაინც შეინიშნება. თუ 3 დღიან Line up-ში ერთი მუსიკოსი “განსაკუთრებულად” გამოირჩევა, ერთი შედარებით აკადემიური და ერთიც კლასიკურ ჯაზთან მეტად ახლოს მდგომი უნდა იყოს. ამ სამი კატეგორიიდან ერთ-ერთი Boris Band Combination - ჩეხი კომპოზიტორის და პიანისტის, ბორის ურბანეკის პროექტი გახლავთ, რომლითაც წლევანდელი შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი გაიხსნა. ურბეკის რეპერტუარი მისი ხშირი კოლაბორაციებიდან გამომდინარე მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

პირველი დღის ჰედლაინერად კი ბათუმის კორტებზე შეკრებულ მსმენელს The Next Movement მოევლინა. შვეიცარული ჯგუფი მსმენელს 70-იანი წლების ფანკ მუსიკით ნუსხავს. კარგ მთქმელს (ამ შემთხვევაში კარგ მუსიკოსს) კარგი მსმენელი თუ უნდა, ბათუმის კორტები კი ზუსტად ასეთ მსმენელს აერთიანებს. რაც შეეხება შვეიცარიულ გრუვ-ტრიოს, ეს უკანასკნელი საოცრად მელოდიური ნეო ფანკისა და სოულის ნაზავს მსმენელს ყველაზე ენერგიულად აწვდის. მელომანებისთვის კი განსაკუთრებით დამამახსოვრებელი ტრიოს მუსიკაზე ისეთი ლეგენდების გავლენაა, როგორებიც ჯიმი ჰენდრიკსი, მაილს დევისი, ან თუნდაც პრინცი არიან. არც ის დაგავიწყდეთ, რომ მსგავსი ტიპის კოლექტივებში ჯგუფის წევრს ორმაგი დატვირთვა იშვიათად აქვს, აქ კი მაგალითად ე.წ. “დრამერი” ამავდროულად ვოკალისტიც გახლავთ.

Day 2 - Al McKay's Earth, Wind & Fire Experience
ნაცნობი სახეების ფესტივალზე აღმოჩენა, მეგობრების მეგობრებთან საათობით საუბარი და გვიანობამდე ბათუმში ბოდიალი Black Sea Jazz Festival-ის პირველ დღეს მოვილიეთ. წელს ზღვისპირეთში ჩასულების უმეტესობა ძალებს მეორე დღისთვის ვიკრებდით, მიზეზი კი უკვე ყველას ეცოდინება.

შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის წყალობით ამჯერად საქართველოს ლეგენდარული „Earth, Wind & Fire“-ს ასევე ლეგენდარული გიტარისტის, 6 გრემის მფლობელი - ელ მაკკეის გარშემო შეკრებილი ბენდი ეწვია, რომელმაც ბათუმის კორტებზე პანდემიამდელი “სიგიჟე” დააბრუნა.
Day 3 - Cindy Dulfer & Band
არეტა ფრანკლინის, პინკ ფლოიდის და პრინცის საქსოფონისტი ბათუმს საკუთარ ჯგუფთან ერთად ჯაზ ფესტივალის ბოლო დღეს ეწვია. ყოველთვის განსაკუთრებულად ემოციურია სინდის სოლო პარტიები, როდესაც ის მსმენელთან პირდაპირ ინტერაქციას ახდენს. არც გუშინდელი კონცერტი გახლდათ გამონაკლისი.

საღამოს მიწურულს საქსოფონისტი სცენიდან ჯაზ ფესტივალის მსმენელებში გაერია და დაუვიწყარი შეგრძნებებით დაასაჩუქრა. ვერ გეტყვით ლეგენდარული მუსიკოსის გამოსვლა ყველაზე სენტიმენტალური იმის გამო იყო, რომ ფესტივალი დასასრულს მიუახლოვდა, თუ მის მუსიკაა განსაკუთრებით მომნუსხველი, მაგრამ ფაქტია, რომ სინდი დალფერისა და მისი ბენდის კონცერტი შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის ღირსეული დასასრული გახლდათ.
ფოტოები:
რეზი ყენია, გიორგი ნაკაშიძე, ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი