ანიტა რაჭველიშვილი წინანდლის ფესტივალზე „კარმენის“ როლში

ანიტა რაჭველიშვილის წინანდლის ფესტივალზე

12 სექტემბერს წინანდლის მუსიკალურ ფესტივალზე ჟორჟ ბიზეს „La Tragédie de Carmen“ შესრულდა. მთავარ როლს ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ასრულებდა. დადგმა პიტერ ბრუკის 1981 წლის ადაპტაციას ეფუძნება და წინანდლის ფესტივალმა Lerici Music Festival-თან თანამშრომლობით წარადგინა. 

„La Tragédie de Carmen“ ბიზეს „კარმენის“ უფრო მოკლე და კამერული ვერსიაა, რომელიც პიტერ ბრუკმა, ჟან-კლოდ კარიერმა და მარიუს კონსტანმა შექმნეს. ნაწარმოების პრემიერა 1981 წლის 9 ნოემბერს პარიზში გაიმართა. ორიგინალ ოპერასთან შედარებით, აქ სიუჟეტი ოთხ მთავარ პერსონაჟზეა კონცენტრირებული და დიდი ორკესტრი შედარებით მცირე ინსტრუმენტული შემადგენლობით ჩანაცვლდა. 

წინანდალში დადგმის იდეა, კონცეფცია და რეჟისურა დიმიტრი კრიმოვს ეკუთვნის. ანიტა რაჭველიშვილთან ერთად მონაწილეობდნენ მიხეილ შეშაბერიძე დონ ხოზეს როლში, ნიკოლოზ ლაგვილავა ესკამილიოს როლში და ანა ფალავანდიშვილი (Ana Frone) მიკაელას როლში. სპექტაკლს ილია ინაიშვილი დირიჟორობდა. 

ანა ფალავანდიშვილი

კარმენი ანიტა რაჭველიშვილის კარიერაში განსაკუთრებული როლია. სწორედ ამ პარტიით მოიპოვა მან საერთაშორისო აღიარება, როდესაც დანიელ ბარენბოიმის მიწვევით 2009 წელს La Scala-ს სეზონის გახსნაზე იმღერა. წარმოდგენა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გადაიცა და რაჭველიშვილის საერთაშორისო კარიერის მნიშვნელოვან ეტაპად იქცა. მოგვიანებით მან კარმენი Metropolitan Opera-ში, Deutsche Oper Berlin-ში, Bayerische Staatsoper-ში, Arena di Verona-სა და სხვა წამყვან საოპერო სცენებზე შეასრულა. 

ანიტა რაჭვლიშვილი

რაჭველიშვილი დღეს მსოფლიო საოპერო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული მეცო-სოპრანოა. მის რეპერტუარში კარმენის გარდა შედის ამნერისის პარტია ვერდის „აიდაში“, აზუჩენას პარტია „ტრუბადურში“, დალილას პარტია სენ-სანსის „სამსონსა და დალილაში“ და სხვა მნიშვნელოვანი როლები. იგი წლების განმავლობაში თანამშრომლობს ისეთ დირიჟორებთან, როგორებიც არიან რიკარდო მუტი, დანიელ ბარენბოიმი, ანტონიო პაპანო და კრისტიან ტილემანი.

ანიტა რაჭველიშვილის წინანდლსი ფესტივალზე კარმენი

„La Tragédie de Carmen“ წინანდლის ფესტივალის 12 სექტემბრის მთავარი საღამოს პროგრამა იყო. 2026 წლის ფესტივალი 3 სექტემბერს გაიხსნა და 13 სექტემბერს დასრულდება.

ფოტო: წინანდლის ფესტივალი

ზევით