ტეილორ სვიფტი ალბომით THE LIFE OF A SHOWGIRL ახალ ერას იწყებს
14 გრემის მფლობელი ტეილორ სვიფტი თავის მე-12 სტუდიურ ალბომს გამოსცემს. The Life of a Showgirl ასე ქვია ალბომს, რომელიც 12 სიმღერას შეიცავს და საბრინა კარპენტერთან კოლაბორაციასაც შეიცავს.
მანჰეტენი, კოსმოპოლიტენი, მანოლო ბლანიკი, სექსი და სიყვარული – ალბათ მიხვდით, რომ დღეს გვსურს ვისაუბროთ სერიალ Sex and the City-ზე. უფრო ზუსტად კი, Sex and the City-სა და შემდეგ And Just Like That-ის გმირებზე, რომლებიც საკულტო ისტორიის დასასრულისთვის ემზადებიან. ისტორიის, რომელმაც ამერიკულ ტელევიზიაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა და შექმნა სერიალი, რომელიც აქტუალობას დღემდე არ კარგავს.
ეს არის ამბავი ჟურნალისტ და მწერალ ქერი ბრედშოზე, რომელიც სექსსა და ურთიერთობებზე წერს. ასევე არის ამბავი ყველაზე თავდაჯერებულ სამანტა ჯონსზე, რომელიც ყოველგვარი სირცხვილის გრძნობის გარეშე ყიდულობს ვიბრატორს. ასევე არის მირანდა ჰობსზე, რომელიც პატრიარქალურ სამუშაო გარემოს ებრძვის და შარლოტ იორკზე, რომელმაც ზუსტად იცის საკუთარი თავის ფასი.
მათი ცხოვრება იმდენად მრავალფეროვანი და საინტერესოა, რომ ერთი ეპიზოდის ნახვაც კი საკმარისია, რომ თავი როგორც ქერი იტყოდა, Faboulous, ანუ საუცხოოდ იგრძნო. რახან Sex and the City-ს სიქველი, And Just Like That დასასრულს უახლოვდება, სწორედ ახლაა საუკეთესო დრო, გავიხსენოთ ის სიბრძნე, რომელიც ამ ქალებისგან წლების განმავლობაში ვისწავლეთ.
სექსი
Sex and the City პირველ რიგში იმიტომ იყო რევოლუციური, რომ ქალის რეალურ სახეს აჩვენებდა, იმ ქალის, რომელიც წარმატებულია თავის კარიერაში და როგორც კაცს, ზუსტად ისე აქვს სექსუალური ცხოვრება. სერიალში ძალიან უშუალოდ, იუმორითა თუ ღრმა დიალოგებით, ოთხი ქალი გულახდილად გვიზიარებს საკუთარ სექსუალურ გამოცდილებას – კარგსაც და ცუდსაც. სერიალი, დაწყებიდან მალევე ურთიერთობების დაუწერელი სახელმძღვანელო გახდა.
მოდა
ქერი ბრედშოუსა და მოდის სასიყვარულო რომანი კი ცალკე განსახილველი თემაა. ქერის პერსონაჟის უნიკალური სტილი ათასობით ადამიანისთვის შთაგონების წყარო იყო და დღემდე ასე რჩება. ქერი იდეალურად უხამებდა ვინტაჟურ სამოსს და დიზაინერების უახლეს ნამუშევრებს. მან გააცოცხლა ისეთი ტენდენციები, როგორიცაა Ray-Ban aviator-frame სათვალეები, გამჭვირვალე ფეხსაცმელი, მასკულინური და ფემინური სტილის კომბინაცია. ქერი იყო ექსპერიმენტების დედოფალი და მანჰეტენზე მანოლო ბლანიკებით ყოველი მისი გამოჩენა მოდის ჩვენებას ჰგავდა.
მეგობრობა
ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ სერიალმა გვასწავლა მეგობრობაა. ქერი ურთიერთობებს იკვლევს და მკითხველს თავისი რომანის შესახებ უყვება.
რა უყვართ ქალებს? რა უყვართ კაცებს? არსებობს თუ არა ნამდვილი სიყვარული? როგორია იყო ნიუ-იორკში მარტოხელა? – ქერი ამ კითხვებზე პასუხების ძიებაშია.
შარლოტი კი ოდნავ გულუბრყვილო, მაგრამ მტკიცე ბუნების მქონე არტ დილერია, რომლის ცხოვრებისეული მიზანი სიყვარულის პოვნაა, ის გამოუსწორებელი რომანტიკოსია და სწორედ ამიტომ გვიყვარს ასე ძალიან. მირანდა კი დამოუკიდებელი, ცოტა ცინიკოსი იურისტია, რომელსაც ველურ გარემოში გადარჩენისთვის ბრძოლა უწევს, ანუ ოფისში, რომლის 80 პროცენტს კაცები შეადგენენ.
ხოლო სამანტა თავდაჯერებული PR სპეციალისტია, რომელსაც უყვარს სექსი და ამაზე ყველგან და ყოველთვის ხმამაღლა საუბრობს. მათ ცხოვრების განსხვავებული რიტმი და წესები აქვთ და სწორედ ამიტომ, ლანჩისა თუ კოქტეილების თანხლებით მათი საუბრები ყოველთვის საინტერესოა. სერიალის გმირებმა გვასწავლეს, რომ პარტნიორები მოდიან და მიდიან, ნამდვილი მეგობრები კი რჩებიან.
სიყვარული
SATC ყველაფერთან ერთად დიდი სიყვარულის ისტორიაა. დაწყებული ქერისა და ბიგის რომანით, გაგრძელებული შარლოტისა და ჰარის უპირობო სიყვარულით. სასიყვარულო სამკუთხედები, ღალატი, ტოქსიკური ურთიერთობები, ასაკობრივი სხვაობა წყვილებს შორის – არ არსებობს, ერთ ეპიზოდში მაინც ვერ ამოიცნოს მაყურებელმა საკუთარი ცხოვრების რომელიმე დეტალი.
მათი ურთიერთობები გვაჩვენებს სიყვარულის ყველა სახეს: ერთი ნახვით შეყვარებას, ვნებას, ვალდებულების შიშს, ქორწინებას და განქორწინებას. მთავარი გაკვეთილი კი ის არის, რომ არ აქვს მნიშვნელობა, 20, 30 თუ 40 წლის ხარ, დაოჯახებული თუ თავისუფალი, მთავარია, თავს თავად კარგად გრძნობდე.
„კაცები ნიუ-იორკ ტაიმსის კროსვორდებივით არიან – რთული, ჩახლართული და არასდროს იცი, სწორად გამოიცანი თუ არა პასუხი“, – ქერი.
ფემინიზმი
Sex and the City-მდეც არსებობდა ფილმები, სადაც წარმატებული, თავდაჯერებული ქალები გვხვდებოდნენ. თუმცა, ეს სერიალი გახდა პირველი, სადაც ასეთი ქალები მთავარ როლში არიან, ისინი განსაზღვრავენ წესებს და მართვის სადავეებსაც თავად ფლობენ. ამიტომაც SATC ერთ-ერთი ყველაზე ფემინისტური სერიალია ტელევიზიის ისტორიაში.
ბოლოს კი, სამანტას ლეგენდარული ფრაზით დავასრულოთ, რომელიც გვახსენებს, რომ საყვარელი ადამიანის პოვნა კარგია, თუმცა თუკი ამ სიყვარულში საკუთარ თავს ვკარგავთ, ჯობია ასეთი ადამიანისგან თავი შორს დავიჭიროთ.
„მიყვარხარ, მაგრამ საკუთარ თავი უფრო მიყვარს“, – სამანტა ჯონსი.