
„თქვენ არ გჭირდებათ მიზეზი, რომ გამოიყურებოდეთ არაჩვეულებრივად“ – ამ ფილოსოფიით იქმნება Di Berbera, ქართული ბრენდი, რომელიც გვახსენებს, რომ დახვეწილობა და ელეგანტურობა ყოველდღიურობის ნაწილად შეგვიძლია ვაქციოთ.
თბილისში შექმნილი სამოსი თანამედროვე ქალის ხასიათს, მის შინაგან ძალასა და ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს. დღეს Di Berbera-ს დამფუძნებელს, დიანა ბერბერაშვილს გაგაცნობთ, რომელიც TheDiary-ს რედაქციას ბრენდის შექმნის ისტორიასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

დიანა, როგორია ბრენდის შექმნის ისტორია და ვინ დგას Di Berbera-ს მიღმა?
დიანა: 2021 წელს ბრენდის იდეა სპონტანურად ჩამოყალიბდა. ერთხელ, როცა ჩემთვის ტანსაცმელს სხვა ატელიეში ვიკერავდი, მივხვდი, რომ მინდოდა შემექმნა არა უბრალოდ ცალკეული ნივთები, არამედ მთლიანი ხედვა და ხასიათისა თუ განწყობის მქონე ტანსაცმელი, რომელიც ქალის სხეულს სცემს პატივს. Di Berbera-ს უკან მე ვდგავარ – დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი. წარსულში მოდელად ვმუშაობდი, რამაც ღრმა ცოდნა მომცა ჭრის, ქსოვილისა და იმის შესახებ, თუ როგორ ცოცხლობს ტანსაცმელი ქალის სხეულზე. ასევე შევისწავლი ნუტრიციოლოგიას და ჯანსაღი ცხოვრების თემებს, ეს კი პირდაპირ აისახება ბრენდის ფილოსოფიაზე.

როგორ დაახასიათებდით Di Berbera-ს ესთეტიკას?
დიანა: ბრენდის ესთეტიკა ქალურობას, მგრძნობელობასა და სექსუალობას ეფუძნება. ჩვენ მუდმივად ვვითარდებით და ვისწრაფვით უფრო დახვეწილი ფორმების შექმნისკენ, თუმცა ყოველთვის ვინარჩუნებთ ბრენდის მთავარ ბირთვს.
საიდან იღებთ ინსპირაციას კოლექციებისთვის?
დიანა: Di Berbera-ს კოლექციების შთაგონება მოდის წიგნებიდან, კინოდან და მოდის ჩვენებებიდან, თუმცა ყველაზე ხშირად შინაგანი მდგომარეობიდან. ზოგჯერ ეს არის ერთი იდეა ან წარმოსახვა, რომელიც მოულოდნელად ჩნდება და შემდეგ ნელ-ნელა იღებს ფორმას. საკუთარ თავთან მარტო დარჩენაც მნიშვნელოვანია, რათა მოვუსმინო და არ გამოვტოვო ეს შთაგონება.

რა სიახლეებს უნდა ველოდოთ მომავალ კოლექციაში?
დიანა: Di Berbera-ს მომავალი კოლექცია მოიცავს ერთდროულად რამდენიმე ახალ მოდელს – გრძელი საღამოს კაბებიდან ყოველდღიურ სამოსამდე, ასევე დაემატება ნაქსოვი პროდუქცია. ამჟამად ვთანამშრომლობთ ორ საქსოვ საწარმოსთან და ვამუშავებთ პირველ ნიმუშებს. განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდებით ხარისხსა და ტაქტილურ შეგრძნებებს. ახალი კაბები გაყიდვაში თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში იქნება. შეგნებულად არ გიყვებით ყველაფერს დეტალურად, რადგან ძალიან მალე ყველაფრის ნახვა და შეგრძნება თავად შეგეძლებათ.
