ბრედ პიტის ვნება: მოდა და ინეს დე რამონი
ბრედ პიტი ნიუ-იორკის ქუჩებში თამამი და მრავალფეროვანი სტილით ჩნდება, გვერდით კი ახალი შეყვარებული, სამკაულების ბრენდის Anita Ko ვიცე-პრეზიდენტი, ინეს დე რამონი ახლავს.
ვილა სარა – სახლია, რომელიც იტალიის მზიან პეიზაჟშია ჩაფლული და რომიდან სულ რაღაც ოც კილომეტრში მდებარეობს. სწორედ აქ იპოვა სოფი ლორენმა ის, ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ღირებულება – სიმშვიდე და ბედნიერება.
მე-16 საუკუნის სასახლე მხოლოდ ისტორიული ნაგებობა არ არის, ის ხელოვნების ნიმუში და სოფი ლორენისა და კარლო პონტის სიყვარულის ნაწილიცაა. კარლო პონტიმ მეუღლეს პირობა მისცა, რომ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ სახლს უყიდდა, დაგვეთანხმებით, რომ პონტიმ დანაპირები შეასრულა.
ვილა სარა შორიდანვე იქცევს ყურადღებას, მისი წითელი ფასადი გარშემო ყველაფრისგან მკვეთრად გამოირჩევა. ვილას კლასიკური არქიტექტურა და ელეგანტური მარმარილოს სვეტები ზუსტად შეესაბამება სახლის დიდებულებას. ბაროკოს სტილის შენობის დიზაინში ინსპირაცია რომაული და რენესანსის არქიტექტურითაა ნასაზრდოები.
შესასვლელთან ტყუპი მარმარილოს კიბეებია, საიდანაც ულამაზეს მოზაიკურ იატაკზე შეაბიჯებთ. მთლიანობაში სახლი 50 ოთახისგან შედგება – თითოეული მათგანი თავისი ისტორიითა და სოფი ლორენის გემოვნებით არის გაჯერებული. მთელ სასახლეში განთავსებულია ხელოვნების უნიკალური ნიმუშები, ანტიკვარული ავეჯი და მსახიობის მოგონებებთან დაკავშირებული ნივთები.
ვილაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი ბიბლიოთეკაა – სოფის საყვარელი კუთხე, სადაც ის კითხულობდა და ისვენებდა. ვილას მამული კი, 20 ჰექტარზეა გადაჭიმული თავისი ლამაზი გაზონებით, ხეივნებით, ლეღვის ხეებით, საჯირითო სივრცით, ჩოგბურთის კორტითა და აუზით, რომელიც ცისფერ ცას ირეკლავს.
ვილაში სოფი ლორენს კინოთეატრიც ჰქონდა მოწყობილი, სადაც მსახიობი ოჯახისა და მეგობრებისთვის ფილმის ჩვენებებს აწყობდა. იქვე გახლდათ სამხატვრო გალერეა, რომელიც სავსე იყო ლორენისა და პონტის მიერ, სახელდახელოდ შერჩეული მსოფლიო შედევრებით.
ამ სახლის შეძენა იმ პერიოდს დაემთხვა, როცა სოფი ლორენი მსოფლიო ვარსკვლავობის პიკზე იყო და ფილმისთვის „ჩოჩარა“ ოსკარიც აღებული ჰქონდა. სწორედ ამ დროს, ვილა სარა მის თავშესაფრად იქცა, სადაც სოფი და კარლო თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ – შორს კამერებისგან და საზოგადოების მზერისგან.
დღესაც, ვილა სარა რჩება არა მხოლოდ არქიტექტურულ ძეგლად, არამედ სიყვარულისა და კინოს ისტორიის ცოცხალ სიმბოლოდ. მისი ოთახები და ბაღები ისევ ჰყვებიან სოფის და კარლოს სიყვარულის ამბავს.
სოფი ლორენმა ვილა 2007 წელს, ქმრის გარდაცვალების შემდეგ გაყიდა. ამჯერად, ვილა სარა ისევ გასაყიდადაა გამოტანილი და მისი ფასი დაახლოებით 19 მილიონი ევროა.