2025 წლის 22 სექტემბერს იტალიური მოდის სახლის ინსტაგრამიდან ყველა პოსტი გაქრა და მალევე 37 ლუქისგან შემდგარი უახლესი კოლექციის ფოტოები დაიდო. ეს ხელწერა GUCCI-ს ახალ კრეატიულ დირექტორს, დემნა გვასალიას ეკუთვნის.
დემნას სადებიუტო კოლექცია სახელად La Famiglia, მილანის მოდის კვირეულის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ლუქბუქის სახით გამოქვეყნდა. სერია, რომელიც ამერიკელმა ფოტოგრაფმა კეტრინ ოპიმ გადაიღო, 37 პერსონაჟის პორტრეტს აერთიანებს. თითოეული მათგანი, როგორც დემნამ აღნიშნა, „გუჩის გუჩიანობას“ (Gucciness) და სხვადასხვა ცხოვრების სტილის მქონე პერსონას განასახიერებს.

La Famiglia-ს ოჯახის წევრებს შორისაა წითელ პალტოში გამოწყობილი L’Incazzata, La VIP მონოქრომულ ლუქში, Il Narcisista შეხსნილი პერანგითა და Horsebit-ის ქამრით, რომელიც ტომ ფორდის ეპოქას გვახსენებს. ოჯახის საპატიო პერსონაჟები არიან მოკლე კაბიანი Miss Aperitivo, La Principessa ვარდისფერი ბუმბულის მანჟეტებით თუ დიდი ზომის ტყავის პიჯაკში გამოწყობილი L’Influencer.
დემნამ სადებიუტო კოლექციისთვის ფილმის გადაღებაც გადაწყვიტა და რეჟისორებს, სპაიკ ჯოუნზისა და ჰალინა რეინს დაუკავშირდა. La Famiglia-ს არქეტიპული პერსონაჟები, რომლებიც მანამდე მხოლოდ ლუქბუქის სტატიკურ კადრებში იყვნენ დაფიქსირებულები, Gucci-ს მოკლემეტრაჟიან ფილმში The Tiger გაცოცხლდენ. პრემიერა მილანის მოდის კვირეულის პირველ დღეს შედგა.
ფილმის მთავარი გმირი Gucci International-ის ხელმძღვანელი და მოდის სახლის მემკვიდრე, ბარბარა გუჩია. ბარბარას Icon-ის იმიჯი აქვს – ქალის, რომელიც ცდილობს კომპანიის რეპუტაცია შეინარჩუნოს, იყოს იდეალური მემკვიდრე, დედა და აკონტროლებდეს ყველაფერს. სიუჟეტის მიხედვით, ბარბარას საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა ოჯახის გარემოცვაში და საპატიო სტუმართან – რედაქტორ და მწერალ ჰარლონ უიტმენთან ერთად სურს.

თუმცა სცენარი ბარბარას იდეალური გეგმის მიხედვით არ ვითარდება და ნელ-ნელა რეალური პრობლემები ამოდის ზედაპირზე. ამ ირონიულ, სიურრეალისტურ და დრამატულ ფილმში დემი მური, ედუარდ ნორტონი, ელიოტ პეიჯი, კიკი პალმერი, ედ ჰარისი, კენდალ ჯენერი და სხვა ცნობილი ადამიანები მონაწილეობენ.
დემნას დებიუტი ცხადყოფს, რომ ის გუჩის მემკვიდრეობის გაგრძელებას აპირებს, თუმცა მასში თავის ხელწერასა და ხედვას შეიტანს.